კალათბურთი

22:00 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა სერბეთი გაანადგურა

სლოვენიაში მიმდინარე საკალათბურთო ევროპირველობაზე პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა აქამდე გადამალული საკუთარი, ნამდვილი ძალა გამოაჩინა და სერბეთს გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო - 90:60

მატჩი სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა. პირველივე წუთებზე ორენგას შეგირდებმა 8-ქულიანი გაქცევა მოაწყეს. სერბები პირველ ათწუთეულში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ: პირველ მეოთხედში მათ მხოლოდ ხუთი ქულა მიითვალეს, საშუალოდ ორ წუთში ერთ ქულას აგდებდნენ!

ესპანეთის ნაკრებს საწყის ათწუთეულში რუდი ფერნანდესმა ულიდერა და 13 ქულა მიითვალა.

მეორე მეოთხედი ანდუსიჩმა სამქულიანი ტყორცნით გახსნა და სხვაობა 13 ქულამდე დაიყვანა. თითქოს ამის შემდეგ სერბები უნდა გამოფხიზლებულიყვნენ, თუმცა პირიქით მოხდა. ესპანეთმა ისევ სწრაფ ტემპში განაგრძო თამაში. მე-16 წუთზე პირინელები 20 ქულით იგებდნენ, მე-18 წუთზე კი - 26-ით. გუნდს ამ შემთხვევაში სერხიო როდრიგესმა 14 ქულით ულიდერა. პირველი ტაიმი კი ესპანელებმა 25 ქულის სხვაობით მოიგეს.

მესამე მეოთხედი პირინელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და პირველ წუთებზე 10-ქულიანი გაქცევა მოაწყეს. სერბებმა პირველი ქულა მე-5 წუთზე ჩააგდეს. 28-ე წუთზე მარგ გასოლმა სერხიო ლულს ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც ორქულიანი სროლით სხვაობა 40 ქულამდე გაზარდა. ბალკანელებმა მეოთხედის ბოლო წუთზე ჩრდილიდან ცოტათი გამოსვლა მოახერხეს და უკანასკნელი მეოთხედის სტარტს 34-ქულიანი მინუსით შეხვდნენ.

ბოლო მეოთხედში ივკოვიჩის შეგირდები ცოტათი გამოცოცხლდნენ და გუნდური თამაშის წყალობით ისღა შეძლეს მატჩი 30 ქულით სხვაობით წაეგო.

ურთიერთშეხვედრებში სერბეთის ნაკრებს უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება და სამი წაგება. საკალათბურთო ევროპირველობაზე ეს გუნდები პირველად 2009 წელს შეხვდნენ: პირველ რაუნდში სერბებმა 66:57 გაიმარჯვეს. ფინალურ მატჩში კი ესპანელებმა 22 ქულის სხვაობით დაამარცხეს 85:63. წინა ევროპირველობის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირინელებმა ბალკანელები 84:59 დაამარცხეს. ამჯერად კი რეკორდული 30-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს. 

მეოთხედფინალი

ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 7 610 მაყურებელი

სერბეთი _ ესპანეთი 60:90 (5:21, 18:27, 16:25, 21:17)

სერბეთი: ნედოვიჩი (6ქ. 1მ. 2პ), ნემანია კრსტიჩი (3ქ), მიჩიჩი (8ქ. 2მ. 3პ), ბოგდანოვიჩი (2ქ. 7მ. 1პ), ბიელიცა (2ქ. 2მ), მარკოვიჩი (არ უთამაშია), კალინიჩი (2ქ. 3მ. 2პ), გაგიჩი (7ქ. 5მ), ნენად კრსტიჩი (4ქ. 2მ. 1პ), ანდუსიჩი (11ქ. 1მ. 2პ), კატიჩი (11ქ. 1მ. 1პ), სტიმაჩი (4ქ. 5მ).

მწვრთნელი: დუშან ივკოვიჩი

ესპანეთი: აგილარი (8ქ. 3მ), ფერნანდესი (19ქ. 4მ. 1პ), როდრიგესი (22ქ. 1მ. 4პ), რეი (3მ), კალდერონი (3ქ. 2მ), რუბიო (5ქ. 6მ. 6პ), კლავერი (9ქ. 3მ. 1პ), სან ემეტერიო (6ქ. 2მ), ლული (5ქ. 1მ. 1პ), გასოლი 7ქ. 5მ. 6პ), გაბრიელი (4ქ. 2), მუმბრუ (2ქ. 2მ. 1პ)

მწვრთნელი: ხუან ორენგა

გიორგი ბალახაძე

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086289