სტატიები

15:06 | 9.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ევრო-2012-ის გახსნის მოლოდინში, ხარკოვში გვეკითხებიან: როგორ დავამარცხოთ კორუფცია და რა ვუყოთ “გაი”-ს?

9 ივნისს, ხარკოვის “მეტალისტის” სტადიონის მიმდებარე ტერიტორია სრულიად გადაიკეტა. მთელს პერიმეტრზე შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის, კერძო ავტომანქანების და უბრალო მოქალაქეების გადაადგილება. მეტიც, მეტროს 2 სადგური - ”სპორტივნაია” და “მეტროსტროიტელეი იმენი ვაშჩენკო” - არ ფუნქციონირებს. მგზავრებს რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებდნენ, რომ მატჩის დღეს მატარებელი ხსენებულ სადგურებზე არ გაჩერდებოდა. თავისუფლად გადაადგილების საშუალება სტადიონის ტერიტორიაზე მხოლოდ ჟურნალისტებს, მომსახურე პერსონალს და უეფას ოფიციალურ პირებს აქვთ.
უსაფრთხოების ასეთი უპრეცედენტო ზომები გასაგებია - დღეს ხომ, ხარკოვში გასამართი ჰოლანდია-დანიის დაპირისპირებით, უკრაინაში ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად იხსნება.
უეფას მიერ აკრედიტირებულმა ჟურნალისტებმა თითოეულ მატჩზე დასაწრებად აკრედიტაცია ცალკე უნდა აიღოს. მედია-ცენტრი დილის 10 საათზე გაიხსნა და ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ, ჰოლანდია-დანიის აკრედიტაცია უპრობლემოდ მივიღე. მედია-ცენტრში მომსახურების მხრივ, ვითარება მართლაც მაღალ დონეზეა. სამუშაო პირობებიც იდეალურია და იქ მყოფნი, ნებისმიერ თხოვნას დიდი ყურადღებით ეკიდებიან, რაც საკუთარ თავზეც გამოვცადე. მედია-ცენტრში არსებულ ერთ-ერთ “ნოუთბუქზე” ტექნიკურ პერსონალს ქართული შრიფტის დაყენება ვთხოვე, რასაც გაგებით მოეკიდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ დამხმარებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
როდესაც მომსახურე პერსონალს რუსულად ვესაუბრებოდი, იქვე მდგომი ერთ-ერთი პიროვნება გამომელაპარაკა. აღმოჩნდა, რომ ის ხარკოვში არსებული ერთადერთი ოპოციზიური გაზეთის - “გლავნოეს” ჟურნალისტი იყო.
მისი თქმით, ძალიან მოსწონს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელთა შესახებ მათი გაზეთი ხშირად წერს. მან აღნიშნა, რომ თბილისში ჩამოსვლა და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა სურს, როდესაც გაიგო, რომ საქართველოდან ხარკოვში მყოფი ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი, ტელეხიდში – ხარკოვი-ვარშავა-კიევი მონაწილეობაც შემომთავაზა, რომელიც ფან-ზონაში იმართება, მაგრამ წინადადებაზე თავაზიანი უარი ვუთხარი.
ვიდრე დავშორდებოდით, worldsport.ge-ს ვებგვერდი ვაჩვენე და ავუხსენი, თუ რას ნიშნავს რუსულად გაზეთ “მსოფლიო სპორტის” სახელი.   
ტექნიკურმა პერსონალმა ჩემი წარმომავლობა რომ გაიგო, პირველად ასეთი რამ მკითხეს - როგორ დავამარცხოთ კორუფცია? ხოლო მეორე კითხვა იყო – “გაი”-ს რა ვუყოთ?
პოლიტიკაზე მცირე საუბრის შემდეგ, ბუნებრივია, ფეხბურთზე გადავედით და გუშინდელ მატჩებსაც შევეხეთ. რუსეთის ნაკრებს მათზე კარგი შთაბეჭდილება მოუხდენია, მაგრამ ისიც აღნიშნეს, რომ ჩეხებს არცთუ ძლიერი გუნდი ჰყავთ.
მედია-ცენტრიდან გამოსულმა სტადიონზე შევიარე, სადაც ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. ხარკოვში კარგად ესმით, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი მაღალ დონეზე უნდა გაართვან და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, რათა თავი არ შეირცხვინონ.
თუ გასულ დღეებში, ქუჩაში ჰოლანდიელი ფანები არცთუ მრავლად იყვნენ, შაბათ დილას თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდნენ, განსაკუთრებით, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამას დანიელ ფანებზე ნამდვილად ვერ იტყვი. რამდენიმე ადგილზე შევესწარი, თუ როგორ გააჩერეს ადგილობრივებმა ჰოლანდიელი ფანების ჯგუფი და მათთან ერთად ფოტო გადაიღეს.
ხარკოვში, სადაც ჰოლანდიის ნაკრების ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს ჩაატარებს 10000-მდე გულშემატკივარს ელიან. ჰოლანდიელი ფანების უმრავლესობა ხარკოვის, ჟურავლიოვის სახელობის პარკში გაშლილ კარვებში ცხოვრობს. ეს პარკი, სპეციალურად მათთვის პირობების შესაქმნელად, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, დაიკეტა.
 
ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი ხარკოვიდან
ავტორის ფოტოები

   

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100805