გულშემატკივრის სვეტი

15:33 | 11.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ევროკალათბურთმა “ჯეირანას” სინდრომი დასძლია!

5 სექტემბერს, ქართული სპორტისათვის არამხოლოდ ამ თვის, ალბათ მთელი 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. “ფიბას” გადაწყვეტილებით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, სხვა კიდევ 5 ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე დაუშვეს და ახალ, 24-გუნდიან ევროპირველობაზე, პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში “ჯვაროსნებიც” მიიღებენ მონაწილეობას. უმადურობა უსინდოსო სალხის ხვედრია და შესაბამისად, კარგა გვარიანი მადლობა და “ჩახუტებები” უნდა მივუძღვნათ ევროკალათბურთის მამებს ამ ნაბიჯის გადადგმის გამო, თუმცა ერთი წამითაც კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი გუნდი ამ ტურნირზე მონაწილეობას არ იმსახურებდა და მხოლოდ მავანთა გადაწყვეტილებამ “გაგვათრია” ევრობასკეტზე.
 უკვე ორი ათწლეულია, ქართული კალათბურთი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – მთელს ევროპას “ეჯაჯგურებოდა”, რომ რაიმენაირად დაემკვიდრებინა მისი კუთვნილი ადგილი ევროპის საკალათბურთო ოჯახში. ხოლო ეს ადგილი რომ მართლაც კუთვნილი იყო, ამაში ეჭვის შეტანა დიდი მკრეხელობა იქნებოდა. თუნდაც ტრადიციებით, ყოფილი თუ მოქმედი კალათბურთელების დონით, ასევე გულშემატკივრების დიდი “ჯიგრის” გამოისობით, არაერთხელ დამტკიცდა, რომ ქართული კალათბურთი ნამდვილად არ იმსახურებდა “ბ” დივიზიონში ყურყუტს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს და მსგავსი ფაქტები უპირველესად ევროპულ კალათბურთს აზარალებდა, რადგან მაქსიმალურ კარჩაკეტილობას კარგი არავისთვის მოუტანია და სწორედ გახსნილობა იყო იმის წინაპირობა, რომ ამერიკულ-კანადური კალათბურთი ასეთ თვალშეუდგამ სიმაღლეზე ავიდა. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გადადგმული ნაბიჯით ევროკალათბურთის მამებმა არამხოლოდ საქართველოს, პოლონეთის, ანდა იტალიის საქმე გააკეთეს, არამედ ეს ნაბიჯი უპირველესად სწორედ ევროპას წაადგება. სულ მალე, 2011 წლის ჩემპიონაზე ყველა ნახავს მივიწყებული და კარგა ხნის განმავლობაში მეორეხარისხოვნად მიჩნეული გუნდების განსაკუთრებულად კარგ თამაშებს და არაერთ ახალ ვარსკვლავს, რომლებსაც აქამდე ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ.  
 დიდი ინგლისელი მწერალი და პუბლიცისტი – ჯორჯ ორუელი, თავის ცნობილ წიგნში – “1984” ზუსტად განმარტავს, თუ რა შეიძლება მოუტანოს მსოფლიოს მაქსიმალურმა კარჩაკეტილობამ და პირიქით - რა ეფექტი ექნება იმას, რომ ყველა ხალხს მიეცეს თვითგამოხათვის შანსი. აი რას წერს იგი: “ოკეანიის (წარმოსახვითი ზესახლმწიფო) ჩაკეტილი საზღვრები არამხოლოდ ოკეანიას, დანარჩენ 2 ზესახელმწიფოსაც ვნებს და ეს ძალიან კარგად იციან მმართველმა ელიტებმა, მაგრამ მათ ეშინიათ გახსნილობის, რადგან არ იციან რა მოჰყვება ამას. უფრო სწორად კი, მათ ეშინიათ, არ დაიჩრდილონ იმ ხალხების მიერ, რომლებსაც აქამდე მეორეხარისხოვნად თვლიდნენ და სჯეროდათ, რომ მათზე აღმატებულები იყვნენ”. ზუსტ პარალელს რა თქმა უნდა ვერ და არ გავავლებთ თანამედროვე ევროპასა და ორუელისეულ ზესახელმწიფოებს შორის, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ კარჩაკეტილობის დაძლევის გარეშე, ყველაზე მეტი ზიანი სწორედ “კარის ჩამკეტს” ადგება, თუ რა თქმა უნდა, ეს “ჩაკეტვა” მავანი დიქტატორის თვიმიზანი არ არის. საზღვრებგაღნიოშებულ ევროპაში კი მსგავსი საფრთხეები ჯერჯერეობით ძალიან მცირეა.
 ჰოდა, რაკი ევროპამ ასეთი გონივრული ნაბიჯი გადადგა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი სპორტის სხვა სახეობებზეც თანდათან გავრცელდება და სპორტის გარდა, სხვა სფეროებსაც მოიცავს. ამ ეტაპზე ნამეტანი ცრუმორწმუნეობა იქნება, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შესვლაზე რომ ვიოცნებოთ, მაგრამ არაკრიმინალი, პატიოსანი ქართველების ევროპაში სამუშაოდ, ანდა სასწავლებლად წასვლა ასე ძნელი და თავმოყვარეობის შემლახველ პროცედურებთან დაკავშირებული რომ არ უნდა იყოს, ალბათ ყველა დამეთანხმებით. ხოლო კვლავ სპორტს რომ დავუბრუნდეთ, მსგავსი ნაბიჯები გადადსადგმელი აქვთ რაგბის ევროპელ მამებსაც, რომლებიც ჯერ ისევ კარჩაკეტილობენ და დიდი 6 ერის პირველობას ისე შეჰხარიან, როგორც ქართულ სპეკტაკლ “იეთიმ გურჯისეული” გმირი ჯეირანა, მილიონერი მამის საანგარიშო ე.წ. “ჩოთქს”, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს და იმის იქით, არაფერი ადარდებს. მოკლედ, ვუთხრათ მადლობა ევროკლათბურთის მესვეურებს, გვჯეროდეს ჩვენი კალათბურთელების და იმედი გვქონდეს, რომ ევრობასკეტის ბოსებს სხვა “ევრობიძებიც” მიბაძავენ...

ლევან სეფისკვერაძე




 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092969