ბლოგი

14:04 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ჩვენი წინაპრების არჩევანია!

 

მიუხედავად იმისა, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად ბევრი ცდილობს დამოუკიდებლობის დღის დაკნინებას, უპირველესად ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს იმას, რომ 26 მაისი არამხოლოდ გვახსოვდეს, არამედ ეს თარიღი იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნიშანსვეტი და მუდმივი გახსენება იმისა, რომ დამოუკიდებლობა უპირველესია და მას არანაირ “ფოჩიან კანფეტებში” არ გავცვლით. ამ ერთი შეხედვით მარტივ ღირებულებებზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ. მით უმეტეს დღეს, როდესაც ასე ახლოს დგას ჩვენი ქვეყანა ევროპის კარიბჭესთან.

სამწუხაროდ, ალბათ ჩვენს მკითხველებს შორისაც არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ სამარცხინო ბოდვების და მიაჩნიათ, რომ “ევროპა და ამერიკა ორივე ჩვენი მტერია”, “დასავლეთი ჩვენს გარყვნას აპირებს”, “ამერიკა მასონების ქვეყანაა” და “რუსეთი ჩვენი მტერი სულაც არაა”, მაგრამ მოდით მაინც გვჯეროდეს, რომ ეს ადამიანებიც მიხვდებიან იმას, რომ ქვეყნის მტერთან დაწოლასა და ლაქუცს ჯერ არასოდეს გამოუღია კარგი შედეგი და ნორმალურ სახალმწიფოს მხოლოდ საკუთარ თავში დაჯერებული, ურთიერთსოლიდარობის გრძნობის მქონე ადამიანები ქმნიან და არა რუსეთისათვის ”ერთმორწმუნეს” დამძახებელი კოლაბორაციონისტები.

ჩვენს მკითხველებს ფეხბურთი ძალიან უყვართ და როდესაც გერმანიის, იტალიის, ინგლისისა თუ ესპანეთის ჩემპიონატებს ვუყურებთ ხშირად ვამბობთ: “ეჰ, ნეტა როდის გაივსება ჩვენთან ასე სტადიონები და როდის მივაღწევთ ამ დონესო”, მე კი არა, ალბათ ვერავინ შეგპირდებათ იმას, რომ ჩვენი ჩემპიონატი ესპანეთის პრიმერას დარი გახდება, მაგრამ თუკი ჩვენ ერთად დავდგებით და ერთად შევეცდებით ევროპული სახელმწიფოს აშენებას, მართლაც გვიჩნდება ნორმალური ჩემპიონატის ჩამოყლიბების შანსი, სადაც კლუბების ყოველდღიური საზრუნავი არსებობის შენარჩუნება აღარ იქნება. ჩვენს სამშობლოს არც ნავთობი აქვს და არც გაზი, რომ განვითარების ისეთ გზაზე ვიოცნებოთ, როდესაც მავანი ოლიგარქი ფულს ჩააყრის (ისე, კი იყო ამის ილუზიებიც) და ერთ დღესაც ძლიერ სახელმწიფოში გავიღვიძებთ. ჩვენი ერთადერთი სწორი გზა მხოლოდ შრომაზე, პატრიოტიზმზე და სოლიდარობაზე გადის. მხოლოდ ასე შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი არცთუ საამო ყოფა და მხოლოდ ასე დავუძვრებით “ერთმორწმუნე მტრებს”.

სულ მალე საქართველო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. რა თქმა უნდა არავის გვაქვს ილუზია, რომ ამ ხელმოწერის შემდეგ საქართველო მსწრაფლივ შვეიცარია გახდება და ტერიტორიული მთლიანობაც ეგრევე აღსდგება, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქითკენ, საითაც წასვლაზე ჩვენი ყველაზე დიდი თანამემამულეები საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდნენ. ილია, ვაჟა, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი და სხვანი და სხვანი ამ ქვეყნიდან ისე წავიდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ოცნებად დარჩათ. ამ ადამიანებს განათლება პეტერბურგში ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ევროპისა და ევროპული ღირებულებების ყველაზე დიდი მქადაგებელები იყვნენ ქართულ საზოგადოებაში. მათი დიდი ოცნება სწორედ ევროპასთან დაახლოვება იყო, მაგრამ  მაშინ ჩვენი ქვეყანა რუსეთში ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების სახით შედიოდა და დამოუკიდებლობა შორეულ ოცნებად მოსჩანდა. არ მინდა ზედმეტად პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ რა უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს ამდენი წლის შემდეგ, თუკი ჩვენ კვლავ რუსეთს დავუწვებით კიკუსავით და თავმოყვარეობაზე კიდევ ერთი ასი წლით ვიტყვით უარს.

ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. გუშინდელი დღესავით მახსოვს 90-იანი წლების გარიჟრაჟზე სულ პირველად აღნიშნული ეს დღე და ხალხის ცრემლიანი თვალებიც არ დამვიწყებია. ყველას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და ერთხელ და სამუდამოდ შევძლებდით რეალურად დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოში ცხოვრებას. ჩვენს ქვეყანას დღეს ამის რეალური შანსი აქვს და ამ შანსის ხელიდან გაშვებას მომავალი არ გვაპატიებს. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090665