სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს 7-8 აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დააგვირგვინებენ. ექვსდღიანი შეჯიბრის პირველი-ორი დღე – 3-4 აგვისტო თავისუფალი სტილის მიმდევრებს დაეთმოთ, შემდეგ კი ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებშიც გამოვლინდნენ. მართალია, საქართველოს ნაკრების ერთადერთმა წევრმა ანი აკოფოვმა (65 კგ) სამეულს ვერ უწია, მაგრამ წარუმატელობაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ქალთა სტილში საქართველოს წარმომადგენლის გამოჩენაა.
ქალთა ჭიდაობას სათავეში დავით პოღოსიანი უდგას. საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა გორში გოგონების ჯგუფი ჩამოაყალიბა და მოკლე დროში საკმაოდ ბევრი დაინტერესებული მოზარდი ჩააბა სპორტში. აკოფოვი ერთ-ერთი პირველი იყო და უმაღლესი რანგის ტურნირსაც პირველმა გაუსინჯა გემო. ანი საწყის ეტაპზე კატერინა ფედარაშკას დაეჭიდა, დამარცხდა და მალე ბრძოლის რეპეშაჟში გაგრძელების შანსიც დაკარგა, რადგან ბელარუსი ფინალში ვერ გავიდა.
დღეს მედლები ბერძნულ-რომაული სტილის 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება და საქართველოს სახელით ედნარ შავაძე (42 კგ), შმაგი ბოლქვაძე (50 კგ), რამაზ სურმანიძე (58 კგ), მათე ბერიძე (69 კგ) და რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ) იჭიდავებენ, ხვალ კი ევროპის ჩემპიონატში მურთაზ ჩაბრავა (46 კგ), ამირან შავაძე (54 კგ), ფირუზ წულუკიძე (63 კგ), ლაშა გობაძე (76 კგ) და იაკობ ქაჯაია (100 კგ) ჩაერთვებიან.
შარშანდელ ევროპირველობაზე ვაჟა კრავეიშვილის გუნდმა 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა. კონტინენტის ჩემპიონი ფირუზ წულუკიძე გახდა, ოღონდ 58 კილოგრამში. შმაგი ბოლქვაძე (42 კგ), ლაშა დოლიძე (76 კგ), დავით ჩაკვეტაძე (85 კგ) და გიორგი ხაბაშვილი (100 კგ) ფინალში დამარცხდნენ, ხოლო ამირან შავაძე (46 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა. შავაძე ამჯერად ორი წონითი კატეგორიით მაღლა გამოვა.
ოთარ მაღლაკელიძე







