სტატიები

10:37 | 29.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია. 1968 და 1972 წლები

იტალია 1968

იტალიის ნაკრებმა 1966 წელს ინგლისში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდო, ქვეჯგუფში ჩრდილოეთ კორეასთან დამარცხდა, მეოთხედფინალში ვერ გავიდა, რითაც ”ტიფოზები” განარისხა. თუმცა, ”სკუადრა აძურას” ექსპანსიურ ქომაგებს საყვარელი გუნდისკენ გული მალე მიუბრუნდათ და იმედით დაელოდნენ აპენინის ნახევარკუნძულზე ჩასატარებელ ევროპის რიგით მესამე პირველობას.
ევროპის თასის კონტინენტის ჩემპიონატად გადაკეთებამ შეჯიბრების ფორმატის ცვლილებაც მოახდინა. ოლიმპიური სისტემის ნაცვლად ნაკრებები თავდაპირველად საკვალიფიკაციო ჯგუფებში შეხვდნენ ერთმანეთს. საორგანიზაციო საკითხების მოუგვარებლობის გამო ტურნირიდან მალტა და ისლანდია მოხსნეს, სამაგიეროდ, დებიუტი ჰქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს. ჰელმუტ შიონის ბიჭებმა ინგლისში ფინალამდე გააღწიეს, გადამწყვეტ მატჩშიც არაფერი დაუთმეს ინგლისს და მხოლოდ მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დაუთმეს პლანეტის უძლიერესი გუნდის სახელი ალბიონელებს. დასავლეთგერმანელთა ნაკრებში ბევრი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გამოდიოდა, თუმცა, გუნდმა საკვალიფიკაციო ბარიერი მაინც ვერ გადალახა. ფრანც ბეკენბაუერსა და მის პარტნიორებს ჯგუფში იუგოსლავიამ გაასწრო და მეოთხედფინალში გავიდა. საინტერესო გამოდგა ინგლისელთა და შოტლანდიელთა დაპირისპირება. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ ”უემბლიზე” სკოტებთან 2:3 წააგო, თუმცა, ბოლო მატჩის წინ ჰაილენდერებზე მაინც მეტი ქულა ჰქონდა. გლაზგოს ”ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიელთა საქომაგოდ 130 მაყურებელი მივიდა. აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, მასპინძლებმა ინგლისელთა დამარცხება ვერ შეძლეს. თამაში 1:1 დასრულდა. ”ჩაფლავდა” მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი პორტუგალიის ნაკრებიც. დასავლეთპირენელებს ბულგარეთმა გაასწრო. ქვეჯგუფში დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა, თუმცა, მეოთხედფინალში ვერაფერი გააწყო ალფ რამსეის გუნდთან. მადრიდში ალბიონელებმა ბობი ჩარლტონის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს. ”უემბლიზე” ესპანელებმა გაიბრძოლეს, ანგარიშშიც დაწინაურდნენ, თუმცა, მატჩის მიწურულს მსოფლიოს ჩემპიონმა ორი გოლი გაიტანა და განმეორებით მატჩშიც მოახერხა ესპანელთა ძლევა. ბულგარელებმა კი კინაღამ კიდევ ერვი სენსაცია მოახდინეს. სოფიაში მათ იტალიას 3:2 მოუგეს. განმეორებითი მატჩი ნეაპოლში დაინიშნა. 90 ათასმა სამხრეთელმა ”ტიფოზმა” მეთორმეტე მოთამაშის როლი შეასრულა, საბოლოოდ აპენინელებმა 2:0 მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ. დასავლეთგერმანელთა მძლეველმა იუგოსლავიამ საფრანგეთს შანსი არ დაუტოვა, ორი მატჩის ჯამში 6:2 მოუგო და საუკეთესოთა კვარტეტში მოხვდა. დრამატული გამოდგა საბჭოთა კავშირისა და უნგრეთის დაპირისპირება. ბუდაპეშტის ”ნეპშტადიონზე” მადიარებმა 2:0 კი მოიგეს, მაგრამ საპასუხო მატჩი მურთაზ ხურციალავას ბენეფისად იქცა. ქართველი მცველის ბრწყინვალე თამაშის შედეგად სსრკ-მ 3:0 მოიგო.
იუგოსლავიისა და ინგლისის ნახევარფინალში შეხვედრის ბედი სამხრეთსლავთა 22 წლის გარემარბის დრაგან ჯაიჩის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, მეორე წყვილში კი ფინალისტი სულაც კენჭისყრამ გაარკვია. ძირითად და დამატებით დროში იტალიისა და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელებმა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს, გერმანელი მსაჯის კურტ ჩენჩერის მიერ ”აგდებულმა” მონეტამ კი ფინალში აპენინელები გაიყვანა. მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისმა სსრკ-ს 2:0 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონი ევროპის პირველობის ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა.
დრამატული გამოდგა კონტინენტის ჩემპიონობისთვის იტალიისა და იუგოსლავიის დაპირისპირება. დრაგან ჯაიჩმა პირველი ტაიმის მიწურულს დააწინაურა თავისი გუნდი, მასპინძლებმა კი წონასწორობა მხოლოდ ასპარეზობის მიწურულს აღადგინეს. ”გულწრფელად ვიტყვი, იმ მატჩში ფრეს არ ვიმსახურებდით”, - მოგვიანებით აღიარებს ”სკუადრა აძურას” მეკარე დინო ძოფი. ორი დღის შემდეგ დანიშნულ გადათამაშებაში კი იტალიელთა დამრიგებელმა ფერუჩიო ვალკარეჯიმ ძირითადში სანდრო მაცოლა და ლუიჯი რივა დააყენა და აპენინელთა მოგება ეჭვქვეშ არ დამდგარა. რომის ოლიმპიურმა სტადიონმა ფინალური სასტვენის შემდეგ ფოიერვერკებით აღნიშნა, ფეხბურთელებს კი არაქათი ჰქონდათ გამოცლილი და მხოლოდ ღიმილით გამოხატავდნენ სიხარულს. 1968 წელს იტალიაში ”კატენაჩომ” გაიმარჯვა. ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, ფინალურ სტადიაზე მატჩში საშუალოდ მხოლოდ 1.4 გოლი რომ გავიდა.  

ფინალი
იტალია - იუგოსლავია 1:1
1968 წლის 8 ივნისი. რომი. ოლიმპიური სტადიონი. 68 817 მაყურებელი

გოლები: 0:1 ჯაიჩი (39). 1:1 დომენგინი (81)
იტალია: ძოფი, ბურგნიჩი, გუარნერი, კასტანო, ფაკეტი, ფერინი, იულიანო, ლოდეტი, დომენგინი, ანასტაზი, პრატი.
მთ. მწვრთნელი: ფერუჩიო ვალკარეჯი
იუგოსლავია: ი. პანტელიჩი, ფაზლაგიჩი, პაუნოვიჩი, ჰოლცერი, დამიანოვიჩი, პავლოვიჩი, ტრივიჩი, აჩიმოვიჩი, პეტკოვიჩი, მუსემიჩი, ჯაიჩი.
მთ. მწვრთნელი: რაიკო მიტიჩი
მსაჯი: დინსტი (შვეიცარია)
გადათამაშება
იტალია - იუგოსლავია 2:0
1968 წლის 10 ივნისი. რომი. ოლიმპიური სტადიონი. 55 ათასი მაყურებელი

გოლები: რივა (12). ანასტაზი (31)
იტალია: ძოფი, ბურგნიჩი, გუარნერი, სალვადორე, ფაკეტი, დე სისტი, როზატო, მაცოლა, დომენგინი, ანასტაზი, რივა.
მთ. მწვრთნელი: ფერუჩიო ვალკარეჯი
იუგოსლავია: ი. პანტელიჩი, ფაზლაგიჩი, პაუნოვიჩი, ჰოლცერი, დამიანოვიჩი, პავლოვიჩი, ტრივიჩი, აჩიმოვიჩი, ჰოშიჩი, მუსემიჩი, ჯაიჩი.
მთ. მწვრთნელი: რაიკო მიტიჩი
მსაჯი: ლ. დე მენდებილი (ესპანეთი)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები: დინო ძოფი (იტალია), მირსად ფაზლაგიჩი (იუგოსლავია), ჯაჩინტო ფაკეტი (იტალია), ივიცა ოსიმი (იუგოსლავია), ალბერტო შესტერნიოვი (სსრკ), ბობი მური (ინგლისი), სანდრო მაცოლა (იტალია), ანჯელო დომენგინი (იტალია), ჯეფრი ჰერსტი (ინგლისი), ლუიჯი რივა (იტალია), დრაგან ჯაიჩი (იუგოსლავია)


ბელგია 1972

იტალიელებმა კონტინენტის წინა ჩემპიონატი მოიგეს, მექსიკის მუნდიალის ფინალში იასპარეზეს, თუმცა, ევრო72-ის უპირობო ფავორიტად იმთავითვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები სრულიად სამართლიანად მიიჩნეოდა. ალმანთა დამრიგებელმა ჰელმუტ შიონმა კაშკაშა ვარსკვლავებისგან ბრწყინვალე კოლექტივი შეკრა, რომელსაც გერმანიის ყველა დროის საუკეთესო ნაკრებად დამსახურებულად მიიჩნევენ.
ევროპის რიგით მეოთხე ჩემპიონატი ძველებური სქემით ჩატარდა. ნაკრებებმა კვლავ საკვალიფიკაციო ჯგუფებში გამოავლინეს გამარჯვებულები, მეოთხედფინალისტებმა კი საუკეთესოთა კვარტეტი გაარკვიეს. კონტინენტის უძლიერესი ოთხეულის შეკრების ადგილად კი ბელგია წინასწარ შეირჩა. იმ დროისთვის არავინ იცოდა, როგორ იასპარეზებდნენ ბენილუქსელები, მათ კი შესანიშნავად ითამაშეს - შესარჩევ ეტაპზე ბელგიელებმა პორტუგალიას, შოტლანდიასა და დანიას აჯობეს, მეოთხედფინალში კი მოქმედ ჩემპიონს იტალიას დაუპირისპირდნენ. მილანის ”სან სიროზე” მეტოქეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, ბრიუსელში კი მასპინძლებმა 2:1 დაამარცხეს ”სკუადრა აძურა”. სხვა მეოთხედფინალისტთაგან გამოსაყოფია გფრ-სა და ინგლისის დაპირისპირება. ”უემბლიზე” (თამაშს 100 ათასი მაყურებელი დაესწრო) კარგა ხნის განმავლობაში ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ მატჩის მიწურულს სტუმრებმა იძალეს, ზედიზედ ორი ბურთი გაუტანეს გორდონ ბენქსს და ნახევარფინალში გასვლის საკითხიც პრაქტიკულად გადაჭრეს. განმეორებითი შეხვედრა დასავლეთ ბერლინში ჩატარდა და უგოლოდ დასრულდა.
ევროპის ჩემპიონობისთვის ჩასატარებელი ტურნირის დაწყებამდე ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი გერმანელთა საბოლოო წარმატებაში. ჰელმუტ შიონმა მიუნხენის ”ბაიერნისა” და მიონხენგლადბახის ”ბორუსიას” ფეხბურთელებისგან შთამბეჭდავად მოთამაშე გუნდი შეკრა. ფრანც ბეკენბაუერი ფეხბურთის ისტორიაში პირველი ლიბერო გახდა, რომელიც შეტევებშიც იღებდა მონაწილეობას, ბრწყინვალედ ასპარეზობდა ახალგაზრდა მარცხენა მცველი პაულ ბრაიტნერი, ნახევარდაცვაში შეუდარებლი გახლდათ გიუნტერ ნეტცერი, თავდასხმის მთავარი ფიგურა კი Der Bomber-ად (ბომბარდირი) წოდებული გერდ მიულერი იყო. იგი უგოლოდ მინდორს პრაქტიკულად არც ერთი მატჩის შემდეგ არ ტოვებდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მიულერის მიერ ინგლისელთა კარში გატანილი სამეოთხედფინალო ბურთი გამოდგა. დასკვნით ეტაპზე კი გოლის გატანის უნიკალური ალღოთი დაჯილდოებულმა გერდმა ორ მატჩში ოთხჯერ გამოიჩინა თავი.
ნახევარფინალის სამი დანარჩენი მონაწილე სტატისტის როლში მოგვევლინა. ბელგიელებს ბედმა უმუხთლათ - მეოთხედფინალში იტალიასთან მოგება მათ წამყვანი ფეხბურთელის ვილფრიდ ვან მურის ფეხის მოტეხად დაუჯდათ. ზედიზედ მეოთხე ნახევარფინალში გააღწია საბჭოთა კავშირმა, თუმცა, მის შუახაზელებსა და ფორვარდებს ოსტატობა და ფანტაზია აშკარად აკლდათ. ბელგიელებმა დასავლეთგერმანელებს ბრძოლა გაუმართეს, თუმცა, საბოლოოდ კლასმა მაინც თავისი გაიტანა, საბჭოთა კავშირმა კი უფერულ ორთაბრძოლაში უნგრეთი ჩამოიცილა გზიდან. ფინალი კი ალემანთა აშკარა დომინირებით ჩატარდა. ნეტცერმა და ბეკენბაუერმა მინდვრის შუაგული ”დაიპყრეს”, რაც გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდა. გფრ-მ ევროპის ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება შეძლო. ”ყველაფერი დასახული მიზნით წავიდა. ჩვენს გუნდში ჰარმონია სუფევდა, ერთმანეთის იდეალურად გვესმოდა. უკეთესად თამაში წარმოუდგენელია”, - ასეთი შეფასება მისცა საკუთარი გუნდის თამაშს მიულერმა, რასაც ფეხბურთის ნებისმიერი ქომაგი დაეთანხმება.  

ფინალი
გფრ - სსრკ 3:0
1972 წლის 18 ივნისი. ბრიუსელი. ”ეიზელი”. 43 066 მაყურებელი.

გოლები: მიულერი (27). ვიმერი (51). მიულერი (58).
გაფრთხილება: ხურცილავა, კაპლიჩნი.
გფრ: მაიერი, ჰიოტგესი, ბრაიტნერი, შვარცენბეკი, ბეკენბაუერი, ვიმერი, ჰაინკესი, უ. ჰიონესი, გ. მიულერი, ნეტცერი, ე. კრემერსი.
მთ. მწვრთნელი: ჰელმუტ შიონი
სსრკ: რუდაკოვი, ძოძუაშვილი, ხურცილავა, კაპლიჩნი, ისტომინი, კონკოვი (დოლმატოვი 46), ტროშკინი, კოლოტოვი, ბაიდაჩნი, ბანიშევსკი (კოზინკევიჩი 63), ონიშჩენკო.
მთ. მწვრთნელი: ა. პონომარიოვი
მსაჯი: ფ. მარშალი (ავსტრია)

ტურნირის სიმბოლური ნაკრები: ევგენი რუდაკოვი (სსრკ), რევაზ ძოძუაშვილი (სსრკ), ფრანც ბეკენბაუერი (გფრ), მურთაზ ხურცილავა (სსრკ), პაულ ბრაიტნერი (სსრკ), ული ჰიონესი (გფრ), გიუნტერ ნეტცერი (გფრ), ჰერბერტ ვიმერი (გფრ), რაულ ლამბერი (ბელგია), იუპ ჰაინკესი (გფრ), გერჰარდ მიულერი (გფრ).

გოჩა კაჭარავა




 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089588