გულშემატკივრის სვეტი

11:46 | 8.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი - დიდი კავკასიური ოცნება

ორი დღის წინ, ბაქოში ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე პირველად განაცხადა, რომ აზერბაიჯანში გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხი იყო. როგორც გაირკვა, მიხეილ სააკაშვილსა და ილჰამ ალიევს ამ საკითხზე გადაწყვეტილებაც კი მიუღიათ და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილით საქართველო და აზერბაიჯანი უეფას ოფიციალურად მიმართავენ. 

 ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რა რეაქცია ექნებოდა რიგით ქართველ გულშემატკივარს ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ: 1. Gაკვირვება - “ვააჰ! მართლა ჩვენთან?“ 2. დაეჭვება - ეს ამბავი ეშმაკურად მოფიქრებული ხუმრობა ხომ არ არისო. 3. სიცილი. ჩვენ თუ არა, სხვამ აბა, ვინ იცის საქართველოს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის რაობა. 4. გადამოწმება. ვურეკავთ, ანდა ვუმესიჯებთ ფეხბურთის შიდა ამბებში უფრო გარკვეულ მეგობარსა თუ ნაცნობს და ვეკითხებით, მან თუ იცის ამ ამბის შესახებ. 5. იმედგაცრუება - “კი შევიტანთ განაცხადს უეფაში, მაგრამ ჩვენ მასპინძლობას ვინ გვანდობს”. 6. იმედი. იქნებ მართლაც და... 7. ამოხვნეშა. - ”ეჰ, ნეტა ეგ მოხდეს და 2020 წლამდე დარჩენილ შემდეგ რვა წელს კი გაძლებდა კაცი”. 
 ფაქტი ის არის, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მართლაც შეთანხმდნენ ევროპის ჩემპიონატის ერთობლივი მასპინძლობის საკითხზე და უახლოეს მომავალში აზერბაიჯანი-საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ეკონომიკურ მხარეებზე სპეციალური ჯგუფი დაიწყებს მუშაობას. 
 ამთავითვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ უეფას მხრიდან საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მიცემის ალბათობა ძალზე მცირეა. ამის უმთავრესი მიზეზი, რასაკვირველია, ეთნოკონფლიქტებია, რაც საქართველოსაც და ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსაც უკვე წლებია აწუხებს. უეფა ხშირ შემთხვევაში დიდ ყურადღებას აქცევს უსაფრთხოების საკითხებს და როდესაც ორ ქვეყანას სამი არაკონტროლირებადი რეგიონი (სამაჩაბლო, აფხაზეთი და მთიანი ყარაბახი) აწევს კისერზე დამოკლეს მახვილივით, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სხვა მსურველები ამ ფაქტს ყოველთვის სათავისოდ გამოიყენებენ. 
 ჩვენი მთავარი კოზირი ის არის, რომ აზერბაიჯანს ფინანსური საკითხების მოგვარება მრავლისშემძლე ნავთობის საშუალებით ადვილად შეუძლია. ანუ, თუკი უეფამ მასპინძლობის უფლება ჩვენ მოგვანდო, ძალიან ნაკლები იქნება იმის შანსი, რომ პირობა ვერ ავასრულოთ და ინფრასტრუქტურა ვერ მოვაწესრიგოთ. ასევე ჩვენი კოზირია კავკასიის განსაკუთრებულობა და ეგზოტიკურობა. თითქმის ყველა ევროპელს უკვე ისედაც ნანახი აქვს ცენტრალური ევროპის ქვეყნები და საფრანგეთში ან გერმანიაში ჩასვლა ტურისტული ინტერესებით, მაგალითად, სვანეთზე ან თუშეთზე საინტერესო მათთვის ნამდვილად არ იქნება. მესამე და ბოლო კოზირი ევროპასთან შედარებითი სიიაფეა. თუკი ევროპაში საშუალო ხარისხის შუადღის ლანჩი ერთ კაცზე დაახლოებით 30 ევრო ჯდება, ამ ფულით ქართულ სახინკლეში მინიმუმ სამი კაცი მაინც დანაყრდება გვარიანად და არც ღვინოს დაამადლიან. მაგრამ, თუკი უცებ და ორი სიტყვით ჩამოვთვალეთ, თუ რა პლუსები ექნება საქართველო-აზერბაიჯანის, ჯერჯერობით, მხოლოდ ოცნების ჩემპიონატს, ალბათ რამდენიმე გვერდი არ ეყოფა იმის აღწერას, თუ რატომ და რა მიზეზით შეიძლება გვითხრას უეფამ მასპინძლობის უფლების მონიჭებაზე უარი. ეთნოკონფლიქტებსა და სპორტული ინფრასტრუქტურის არასასურველ დონეზე უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ არაფერი გვითქვამს იმაზე, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოში შედარებით იაფფასიანი, მაგრამ ნორმალური სასტუმროების დიდი დეფიციტია. ვინ ჩამოვა ქვეყანაში, სადაც არის ძვირადღირებული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და მხოლოდ რამდენიმე შედარებით იაფი და ნორმალური სასტუმრო? ამ ყველაფერს თავიდან სჭირდება აშენება და თან ისე, რომ ევროპული სტანდარტები არ იქნას დარღვეული. გარდა ამისა, ძალიან ცუდ როლს თამაშობს როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს ევროპაში ჩვენთვის არცთუ ხელსაყრელი იმიჯი. შამწუხაროდ, ევროპაში კავკასიელებს ქურდებისა და ყაჩაღების სახელი აქვთ გავარდნილი და როდესაც რიგითი ევროპელი გაიგებს, რომ ჩემპიონატი ”ყაჩაღების ქვეყნებში” იმართება, დიდი შანსია, რომ ჩემპიონატზე წასვლაც კი გადაიფიქროს. 
 ამ ყველაფერის მიუხედავად, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ინიციატივა მაინც დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენი შანსი, რასაკვირველია, ძალზე მცირეა, მაგრამ მცდელობას წინ ნამდვილად არაფერი უდგას და როდესაც “ევროპის კარს” გამუდმებით დაეჯაჯგურები, იქნებ ბოლოს ევროპელებიც დაიღალნონ ამდენი ”ჯაჯგურით” და ეს ”კარი” ერთხელ მართლაც გაგვიღონ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვცადოთ...
 
ლევან სეფისკვერაძე   
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095924