საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის სარაგბო შეხვედრაში ჩვენმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მონდომებასა და გამარჯვების ჟინს ნამდვილად ბევრი შეუძლია. ეს დიდებული გამარჯვება ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ როგორც ქართველ, ასევე რუს რაგბის მოყვარულ გულშემატკივრებს. თუმცა, ტრაბზონული მატჩი ყველაფერთან ერთად იმითაც იყო გამორჩეული, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აქამდე საქართველოს ფარგლებს გარეთ საქომაგოდ ერთად ამდენი გულშემატკივარი არცერთ ქართულ გუნდს არ გაჰყოლია. ანუ, ამ მხრივაც ერთგვარ რეკორდთან გვაქვს საქმე და ტრაბზონული ვოიაჟი რიგით ქომაგებს იმდენად მოეწონათ, რომ ბოლო დღეებში არაერთმა ტრაბზონმოვლილმა გულშემატკივარმა გამოთქვა სურვილი, საქართველოს ნაკრების სხვა გასვლით (თუმცა ტრაბზონულ მატჩში ნომინალური მასპინძლები ჩვენ ვიყავით) თამაშებსაც დაესწრონ. სურვილი სურვილად, მაგრამ რამდენად განხორციელებადია ეს ყველაფერი, ეს ცალკე საკითხია.
ევროკავშირის წარმომადგენელები აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოსა და სხვა ევროკავშირსმიღმა ქვეყნებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ალაპარაკდნენ და რამდენიმე დოკუმენტსაც მოეწერა ხელი, თუმცა ჩვენი მეზობელი ქვეყნების გარდა (რუსეთს ბუნებრივია არ ვგულისხმობთ), საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ლამის ყველა დანარჩენ ქვეყანაში ჩასვლა მეტად რთულ ბიუროკრატიულ ამბებთან არის დაკავშირებული. ევროპელები რატომაც არ გვენდობიან, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ჩემს ერთ-ერთ წინა სვეტშიც ვწერდი, რომ ამგვარი დამოკიდებულებით უპირველესად სწორედ რიგითი ქართველი ქომაგები ზარალდებიან. ზარალდებიან არაფრის გამო...
უცნაური და ხშირად დაუჯერებელი ის გახლავთ, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ევროპაში გასამგზავრებელ ვიზებს ჩვენი ისეთი მოქალაქეები იღებენ, რომელთაც ლამის შუბლზე აწერიათ “კაი საქმისთვის რომ არ აპირებენ” საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ მთელი უცნაურობაც სწორედ ისაა, რომ ზოგიერთი საელჩოს წარმომადგნელისათვის ხანდახან სულაც არ არის არგუმენტი ის, რომ მავან ქართველ ქომაგს სურვილი აქვს მაგალითად, მანჩესტერულ საფეხბურთო დერბის დაესწროს, მაშინ როდესაც სხვა 16 წლის ბიჭის ის “არგუმენტი” უფრო “მყარია”, რომ ევროპაში მისი წასვლის მიზანი ევროპულ კულტურასთან ზიარებაა და ერთი სული აქვს, საკუთარი თვალით როდის იხილავს ლუვრსა და უფიცას. მისი ნანახი ლუვრი არ გაიშვას, მაგრამ მაინც...
ამ დიპლომატიურ ოცობოდიაში, ჩვენ ალბათ ვერასოდეს გავერკვევით და ვერც საელჩოთა ხშირ შემთხვევაში უცნაურ გადაწყვეტილებებს შევცვლით, მაგრამ ვერანაირ ლოგიკას ვერ დავუქვემდებარებ იმას, რომ “ბაიერნის” თავგადაკლული ქომაგი, ჩემი ნაცნობი ახალგაზრდა კაცი, უკვე წლებია ვერ ახერხებს მიუნხენში თუნდაც 1 კვირით გამგზავრებას და “ბაიერნის” ერთი თამაშის “ცოცხლად” ნახვას მაინც. არადა, ფულიც კარგა ხანია მოგროვებული აქვს, ანგარიშზე ე.წ. საგარანტიო თანხაც უდევს და ყოველთვის მზადაა კონსულის ჩამჭრელი კითხვების საპასუხოდ, შექმნის დღიდან, ვიდრემდის დღემდე, ბავარიელთა მთელი ისტორია ჩამოურაკრაკოს. მაგრამ საქმეში ხარ? უბრალოდ ვერ მიდის და მორჩა...
დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭის მსგავსად სხვა ქართველი ქომაგების მრავალწლიანი ოცნებაა ევროპაში მათი საყვარელი ნაკრებების, კლუბებისა თუ კონკრეტული სპორტსმენების თამაშის ხილვა. ეს სურვილები ტრაბზონულმა მატჩმა ხომ კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა და გაამწვავა. ევროკავშირის ყბადაღებულ “სამეზობლო პოლიტიკის” გატარებას და ვიზების გამარტივებას კი არადა არ დაადგა საშველი.
ბოლოს კი, არგენტინული ფეხბურთისა და დიეგო მარადონას დიდი ტრფიალის, ერთ-ერთი თბილისელი გულშემატკივრის სიტყვები უნდა გითხრათ: “როცა კემპესი და მარადონა თამაშობდნენ, მაშინ არ გამიშვეს მსოფლიო ჩემპიონატის სანახავად. მერე საქართველოში ომი იყო და რა გვეფეხბურთებოდა თუ კაცი ხარ... ახლა კიდევ, არც ომია, საბჭოთა კავშირიც დიდი ხანია დაინგრა, მაგრამ რომელი ელჩი დაგიჯერებს, ესპანეთში მესის თამაშის საცქერლად რომ გინდა წასვლა...”
იმედია სიტუაცია ამ მხრივ უკეთესობისაკენ მართლა შეიცვლება და ევროპაში ქართველებს სულ სხვა თვალით შეხედავენ. ბოლოს და ბოლოს განა ბევრს მოვითხოვთ...
ლევან სეფისკვერაძე









