ფეხბურთი

1:13 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ევროპის თასი – საქართველო”: “საბურთალო” ჩემპიონია

დასრულდა “ევროპის თასი – საქართველო”, რომელშიც 2001 წელს დაბადებულ ბავშვთა 44 გუნდი მონაწილეობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალში დამაჯერებლად გავიდნენ “საბურთალო” და “დინამოს აკადემია”. საბურთალოელებმა ნახევარფინალში 2:0 სძლიეს “ნორჩ დინამოს”, ხოლო “დინამოს აკადემიამ” შიდა ქართლს – ასევე 2:0... ფინალი “მიხეილ მესხზე” გაიმართა და “საბურთალოს” გამარჯვებით დასრულდა. 50-წუთიანი მატჩი 0:0 დასრულდა, ხოლო პენალტებში ”საბურთალომ” 3:2 იმარჯვა.

უნდა აღინიშნოს,  დაძაბული  და საინტერესო თამაში ვიხილეთ. ლოგიკურიც იყო, რომ ძირითადი დრო ფრედ დასრულდა – თანაბარი თამაში იყო. ცალკე სათქმელია ქომაგობა: ამდენი გულშემატკივარი უმაღლესი ლიგის მატჩებზე სანატრელია. 

როგორც იცით, “ევროპის თასი- საქართველო” ლევან კობიაშვილისა და მისი მეგობრების თაოსნობით ჩატარდა. გამარჯვებული გუნდი ივლისში ბერლინის საერთაშორისო ტურნირზე უნდა გამგზავრებულიყო და საბოლოოდ, ეს გამარჯვებული ‘საბურთალო” (მწვრთნელები: მიხეილ მოსიაშვილი, გიორგი დეკანოსიძე) გახდა. საერთაშორისო ტურნირი 7-12 ივლისს გაიმართება.

ფონდმა “კობი და მეგობრები” (ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ დავით მუჯირი და ზაზა ზამთარაძე) მარტლაც კარგი საქმე გააკეთა. ლევან კობიაშვილი სპეციალურად ჩამოფრინდა ბერლინიდან, ნახევარფინალებსა და ფინალს დაესწრო და დაჯილდოვებაში მიიღო მონაწილეობა.

“სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ასეთ კარგ თამაშს თუ ვნახავდი. მართლაც ნიჭიერი ბავშვები არიან და მადლობას ვუხდი “საბურთალოსა” და “დინამოს აკადემიას”. გუნდებს ეტყობოდათ, რომ გამართულად თამაშობდნენ და თითოეულმა ბავშვმა იცოდა, მოედანზე რა უნდა ეკეთებინა. მოხარული ვარ, რომ “ევროპის თასი – საქართველო” მაღალ დონეზე ჩატარდა. სასიამოვნოა ეს ჟრიამული და სიხარული, რასაც აქ ვხედავ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” კობიაშვილმა.

დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა.

დაჯილდოვდნენ გუნდები და გამორჩეული ფეხბურთელებიც: საუკეთესო მეკარე – ირაკლი ხითარიშვილი (შიდა ქართლი), მცველი – დავით სამსონია (საბურთალო), ნახევარმცველი – გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამოს აკადემია),თავდამსხმელი – საბა კიკნაძე (საბურთალო), საუკეთესო ბომბარდირი – ზუკა დავითაშვილი (დინამოს აკადემია), საუკეთესო ფეხბურთელი – დავით ლორთქიფანიძე (საბურთალო).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099394