ჭადრაკი

0:26 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპულ ჭადრაკს აზმაიფარაშვილი უხელმძღვანელებს!

თუკი ფიდეს პრეზიდენტობის არჩევნებში   ილუმჟინოვი გამოკვეთილი ფავორიტი იყო, ასე მკვეთრად ვერ იტყოდი ევროპის ჭადრაკის კავშირის არჩევნებზე. მართალია, ქართველი კანდიდატი უკეთესი პროგრამით და ფინანსური გარანტიებით წარდგა ამომრჩევლების წინაშე, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლებოდა. წინასწარი განწყობაც ფრთხილი გახლდათ, აზმაიფარაშვილი კატეგორიულად მოითხოვდა მეგობრებისგან თუ ჟურნალისტებისგან გამარჯვებაზე წინასწარ არაფერი ეთქვათ...

სხდომა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ერთი საკითხი თავიდანვე უნდა გარკვეულიყო: ვინ იქნებოდა ბოსნია-ჰერცეგოვინას  დელეგატი. ბოსნიას მავანი ჩინოვნიკი  კი წარმოადგენდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მისთვის ხმის  უფლება თავისივე ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტს არ მიუცია. ეს ინფორმაცია ზურაბ აზმაიფარაშვილს გუშინ გვიან ღამით აცნობა ბოსნიის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელმა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა  ხმის დელეგირების საკითხი, ეს უფლება კი ზემოთ ნახსენებმა ბოსნიელმა ჩინოვნიკმა აზმაიფარაშვილს უბოძა.  წესის თანახმად, ქართველის ეს უფლება სხდომის წევრებს უნდა დაემტკიცებინათ. სხდომის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და 26 დელეგატმა ცხრის წინააღმდეგ აზმაიფარაშვილს სასარგებლოდ, ხელის აწევით გადაწყვიტა საკითხი.  უკვე აქ შეიძლებოდა მიგველოცა ზურასთვის გამარჯვება, რადგანაც ეს 26 ადამიანი ავტომატურად  მხარდამჭერებსაც ნიშნავდა, ხოლო ფარული კენჭისყრის დროსაც რომ რამდენიმე დაემატებოდა, დიდი მიხვედრა არ იყო საჭირო.  სულ 54 დელეგატი იჯდა დარბაზში და მარტივი არითმეტიკით 28 ხმა გახლდათ საკმარისი.

 ხმის დათვლა ცოტა კი გაჭიანურდა, მაგრამ მოლოდინად ღირდა: აზმაიფარაშვილმა დიდი უპირატესობით - 33 ხმა 18 წინააღმდეგ - გაიმარჯვა!

ვულოცათ ევროპის ერთადერთ ქართველ ჩემპიონს ევროპულ მწვერვალზე მეორედ,  ამჯერად ჩინოვნიკის რანგში ასვლას და წარმატებებს ვუსურვებთ!

დღევანდელი დღის პირველ რეპორტაჟში აღვნიშნე, რომ დიდი დღე გვქონდა! ასეც მოხდა და გავიმარჯვეთ. ახლა ჯერი 13 აგვისტოზეა, როცა ქართული დელეგაცია 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისათვის ბრძოლაში ჩაებმება. შეგახსენებთ, რომ ამ ფორუმის მასპინძლობისთვის საქართველო ბათუმს წარადგენს.  ამჯერად ჩვენ ვითვლებით გამოკვეთილ ფავორიტებად.  გავთამამდები და ვითყვი, რომ აქაც ჩვენ დაგვრჩება დაფნის გვირგვინი! ასეთი სითამამისთვის დღევანდელმა დღემ ყველა წინაპირობა შექმნა...

ზვიად შათირიშვილი, სპეციალურად worldsport.ge-სთვის ტრომსოდან

ავტორის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.137673