13-15 მაისს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია სამბოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. სამდღიანი შეჯიბრების პირველ-მეორე დღეს მედლები სპორტულ სამბოში გათამაშდება, დასკვნით დღეს კი საბრძოლო სამბოში გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები.
13 მაისს ჩოხებს 52, 62, 74, 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე სამბისტი მამაკაცები მოირგებენ. 14-ში კი საქმეში 57, 68, 82 და 100 კილოგრამში მოჭიდავეები ჩაერთვებიან.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოფიაში შემდეგი შემადგენლობა იახლა: დიმიტრი მუმლაძე (52 კგ), უშანგი კუზანაშვილი (57 კგ), დავით სვიმონიშვილი (62 კგ), ბექა იმერლიშვილი (68 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ), ნიკოლოზ კუცია (82 კგ), მინდია ბოდაველი (90 კგ), მირიან პავლიაშვილი (100 კგ), ვახტანგ ზოიძე (+100 კგ).
შეგახსენებთ, ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. უშანგი კუზანაშვილი (52 კგ) და ნესტორ ხერგიანი (62 კგ) ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ. ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ), და დავით კარბელაშვილი (90 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო ამირან პაპინაშვილი (57 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა.
ოთარ მაღლაკელიძე







