სტატიები

17:12 | 14.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ევროპული სტილის ბრიტანელი ვარსკვლავი

დღეს ლეგენდარული ფეხბურთელის კევინ კიგანის დაბადების დღეა და ჩვენი ვებგვერდის მკითხველს ვარსკვლავის სამოთამაშეო კარიერაზე გვსურს მოვუთხროთ.
კევინი დონკასტერის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ არმტორპში დაიბადა, სადაც ყველაზე დიდ სიამოვნებას თანატოლებთან ერთად ბურთის გორაობაში იღებდა. 1968 წლის მიწურულს კიგანს ყურადღება მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე “სკანტორპმა” მიაქცია და დეკემბრის მიწურულს კლუბსა და დამწყებ მოთამაშეს შორის ოფიციალური კონტრაქტიც გაფორმდა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამავე გუნდში დაიწყო პროფესიული კარიერა რეი კლემენსმაც, რომელთან ერთადაც კიგანი “ლივერპულის” ღირსებას კარგა ხნის განმავლობაში იცავდა. კევინი თავიდანვე “სკანტორპის” ლიდერად იქცა და მას რამდენიმე პირველდივიზიონურმა (პრემიერლიგა იმხანად ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული) კლუბმა მიაქცია ყურადღება. კიგანი “ქოვენთრიმ” თავისთან სინჯებზე იხმო, თუმცა, მოლაპარაკება გაიწელა, რითაც კარგად ისარგებლა უჭკვიანესმა ბილ შენკლიმ და 1971 წლის მაისში სულ რაღაც 35 ათას გირვანქად მომავალი ვარსკვლავი “ლივერპულმა” შეიძინა.
თავდაპირველად კევინი ნახევარდაცვაში თამაშობდა და ენფილდელებმაც იგი ვეტერანი იან კალაგანის შემცვლელის პერსპექტივით აიყვანეს. ყველაფერი თავდაყირა კი წინასასეზონო მზადებისას ჩატარებულმა ტესტ-მატჩებმა დააყენა - კიგანი ბრწყინვალედ თამაშობდა მოწინააღმდეგეთა კარის სიახლოვეს, გოლებიც ბლომად გაჰქონდა და შენკლიმ მას უმალ კვალიფიკაცია შეუცვალა. ასე აღმოჩნდა ახალბედა ფეხბურთელი უელსელ ჯონ ბენჯამინ ტოშაკთან შეწყვილებული. კიგანის დებიუტი 1971 წლის 17 აგვისტოს შედგა. პირველი დივიზიონის სასტარტო მატჩში “ლივერპული" “ნოტინგემ ფორესტს” მასპინძლობდა და კევინის მიერ “ლივერპულის" რიგებში გამოსვლისას გატანილ გოლთა ათვლას სათავე უკვე შეხვედრის მეთორმეტე წუთზე დაედო, როცა მან ტოშაკის მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და “მეტყევეთა” კიპერი უშანსოდ დატოვა. მალე კიგანის სოლო რეიდი ნოტინგემელთა მცველებმა საკუთარი საჯარიმო მოედნის ფარგლებში წესის უხეში დარღვევით შეაჩერეს და ტომი სმიტმა პენალტის სათანადო რეალიზაცია მოახდინა. “ლივერპულმა” 3:1 მოიგო, კევინი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. უკეთეს სადებიუტო გამოსვლას კაცი ძნელად თუ წარმოიდგენდა. სულ “ენფილდელთა” შემადგენლობაში კიგანს 321 შეხვედრა აქვს ჩატარებული და გატანილ გოლთა რაოდენობამაც ზუსტად 100-ს მიაღწია. ისევე, როგორც პირველი ბურთი, გოლთა დიდი ნაწილი კევინს უელსელი პარტნიორის ხელშეწყობით აქვს გატანილი. ტოშაკი თანაგუნდელზე 20 სმ-ით მაღალი იყო და 25 კგ-ით მეტსაც იწონიდა. ამის მიუხედავად, მათი ურთიერთქმედება იმდენად ორგანული და სინქრონული იყო, ჟურნალისტებმა ტოშაკ-კიგანის ტანდემს “სიამის ტყუპები" შეარქვეს.
6 წელი იცავდა კიგანი “ლივერპულის” ღირსებას და ამ ხნის განმავლობაში უამრავი ტიტულის მოპოვება შეძლო. მერსისაიდელებს გუნდი იმ პერიოდისთვის ევროპაში უძლიერესი გუნდი ჰყავდათ - ენფილდელებმა სამჯერ იმარჯვეს საშინაო ჩემპიონატში, ორჯერ უეფას თასზე, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა და ინგლისის თასს დაეპატრონნენ. ამასთან, ფინალთა უმრავლესობაში გადამწყვეტი ბურთები სწორედ კევინ კიგანს გაჰქონდა. 1973 წლის უეფას თასის პირველ ფინალურ შეხვედრაში კევინმა სამი გოლი გაუტანა მიონხენგლადბახის “ბორუსიას” და მიუხედავად გერმანიაში 0:2 დამარცხებისა, საპატიო პრიზმა ბინა “ლივერპულის" ოფისში დაიდო ბინა. ორჯერ ისახელა თავი კიგანმა მომდევნო წელს ინგლისის თასის ფინალში და სწორედ მისი ბურთები აღმოჩნდა გადამწყვეტი “ნიუკასლის” დამარცხების საქმეში. 1975-76-ის სეზონის უეფას `ლივერპულმა” კვლავ კევინის წყალობით მოიგო. გადამწყვეტ მატჩებში ბელგიურმა “ბრიუგემ” ინგლისურ გრანდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ კიგანმა როგორც ბრიუგეში, ასევე “ენფილდზე” აიღო ბენილუქსელთა კარი, რაც თასის დაუფლების გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
“ლივერპულთან” კევინ კიგანის დამშვიდობება მეტად ამაღლებულ ნოტზე მოხდა. კლუბმა თავის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი სწორედ თავისი ლეგენდარულ მეშვიდე ნომრის უზადო თამაშით მოიპოვა. ნაცნობ მეტოქესთან, მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან” კიგანს, მართალია, ბურთი არ გაუტანია, მაგრამ სამივე გოლში (თამაში მერსისაიდელებმა 3:1 მოიგეს) უშუალო მონაწილეობა მიიღო. შეხვედრის ბოლო ბურთი “ლივერპულმა” პენალტით გაიტანა, თერთმეტმეტრიანი კი მას შემდეგ დაინიშნა, რაც ბერტი ფოგთსმა კიგანი მოცელა.
ამ შეხვედრიდან ორიოდე კვირაში კევინი “ჰამბურგში” გადავიდა. ჩრდილოგერმანელებმა ინგლისელის სანაცვლოდ დღევანდელი პარამეტრებით სასაცილო თანხა, 500 ათასი გირვანქა გადაიხადეს, იმხანად კი ეს ბრიტანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ გადახდილი სარეკორდო ოდენობის ფული გახლდათ. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ კევინის შესაძენად მადრიდის “რეალი” ერთი წლით ადრე 650 ათასი გირვანქას გაღებას იყო ყაბულს, მაგრამ თავად მოთამაშემ მაშინ კასტილიაში გადაბარგება იჭოჭმანა და საბოლოო არჩევანი ბალტიის ზღვის საპორტო ქალაქის კლუბზე გააკეთა. იმასაც ამბობდნენ, “ჰამბურგის” სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაში გარკვეული როლი კევინის მეუღლის მიერ გერმანულის ენის ცოდნამაც შეასრულაო. ტრანსფერის გაჩარხვის შემდეგ კიგანის ძველმა და ახალმა გუნდებმა ერთმანეთში ამხანაგური მატჩის ჩატარება განიზრახეს. კიგანმა ყოფილი პარტნიორები არ დაინდო, როდესაც ჯერ ეფექტური დარტყმით რეი კლემენსი დაამწუხრა, ასპარეზობის მიწურულს კი ქუსლით უიშვიათესი სილამაზის პასი გაუჭრა ფელიქს მაგათს, რომელმაც ტაბლოზე შეხვედრის საბოლოო შედეგი (3:2 “ჰამბურგის” სასარგებლოდ) გამოსახა.
ბუნდესლიგა ინგლისის უპირველესი დივიზიონისგან განსხვავებული სპეციფიკის ტურნირია. უფრო მკაცრ ჩემპიონატში კიგანს თავდაპირველად გაუჭირდა და სწორედ აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა კევინის გენიალობა – მან საკუთარ თავში გარდაქმნის ძალას მიაგნო და სოლისტიდან მებრძოლადაც მოგვევლინა. ეს პროცესი თანდათან განვითარდა. პირველი თვეები იგი ჩრდილში მოექცა, თანაც თანაგუნდელებმა იგი ცივად მიიღეს. გარდამტეხი მომენტი კი მაშინ დადგა, როცა ჰამბურგელთა მენეჯერად გიუნტერ ნეტცერი დაინიშნა. გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ცხვირაბზუებულებს მკაცრი ტონით დაელაპარაკა, ხოლო კევინს დიდი დახმარება გაუწია ფსიქოლოგიური წონასწორობის დაბრუნების საქმეში. ყოველივე ამან სასიკეთო ძვრები სულ მალე გამოიღო და “ლივერპულის” ყოფილი ლიდერი ჰამბურგელთა წინამძღოლადაც მოგვევლინა. 1977-78 სეზონის დასრულების შემდეგ, ბუნდესლიგის მოთამაშეთა გამოკითხვის შედეგად, კევინ კიგანი გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. კევინმა საბუნდესლიგო-სადებიუტო სეზონშივე 17 გოლი გაიტანა და ფეხბურთელთა მსგავსად, კიგანი ტალანტი ჟურნალისტებმაც აღიარეს – პირველად სწორედ მაშინ დაასახელა “ფრანს ფუტბოლმა” კიგანი ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშედ.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ მსოფლიო პირველობის ჩატარების წელს დღემდე ერთადერთი სწორედ კიგანის შემთხვევა გახლავთ იმ მოთამაშის უძლიერესად აღიარება, რომელსაც მუნდიალზე არ უთამაშია. არადა, 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ფეხბურთის ფორუმმა ინგლისელების გარეშე რომ ჩაიარა, კიგანის დანაშაულს ვერ იპოვით. ინგლისის ნაკრების წარუმატებლობა მისი იმჟამინდელი მთავარი მწვრთნელის დონ რივის “დამსახურებაა”. მან იტალიასთან გასვლით მატჩში გაუმართლებლად ყრუ დაცვის ტაქტიკა აირჩია და ფორვარდებს შესაძლებლობების მეტ-ნაკლებად სრულად გამოვლენის საშუალება მოუსპო. საბოლოოდ კი ვერც მცველებმა ივარგეს და “სკუადრა აძურამ” 2:0 მოიგო. “უემბლიზე” კი კევინმა თავისი უმდიდრესი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა. ტრევორ ბრუკინგის საფლანგო გადაცემის შემდეგ კიგანმა ქუსლით მოჭრილი დარტყმით დინო ძოფი გააბითურა. ბრიტანელებმა სრულფასოვანი რევანში კი აიღეს (2:0), მაგრამ აპენინელებს საბოლოოდ მაინც უკეთესი გატანილ-გაშვებულ ბურთთა ბალანსი აღმოაჩნდათ და არგენტინაში ძოფთან ერთად რობერტო ბეტეგა, პაოლო როსი და მათი სხვა თანანაკრებელები გაემგზავრნენ.
1980 წელს კიგანი ინგლისურ ფეხბურთს უბრუნდება. ამაში გასაკვირი არაფერი იყო, გაოცება კი იმან გამოიწვია, რომ კევინი ლივერპულის “ენფილდზე” კი არ მივიდა, არამედ “საუთჰემპტონში”. სამხრეთინგლისურ გუნდში მას პარტნიორად 70-იანი წლების კიდევ ერთი ცნობილი ფიგურა მაიკ შენონი დახვდა და 1982-ში კევინი მეორედ დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად.
ბრწყინვალე საკლუბო კარიერის პარალელურად კიგანს თავისი ქვეყნის უპირველეს გუნდში გამოსვლისას ნაკლებად უმართლებდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატი გამოდგა. მუნდიალის მსვლელობისას იგი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა მინდორზე (ისიც შეცვლაზე) და სამშობლოში გულნატკენი დაბრუნდა. 1982 წლის შემოდგომაზე კი ინგლისის ნაკრებიდან წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. ამას ბიძგი ბობი რობსონის ერთმა გადაწყვეტილებამაც მისცა – ეროვნული გუნდის დამრიგებელმა კიგანი დანიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა... ასე დასრულდა კევინ კიგანის ათწლიანი სანაკრებო ეპოპეა, რომელშიც 1976 წლიდან კევინი კაპიტნის სამკლავურს ატარებდა.
ქვეყნის მთავარი გუნდიდან წასვლის შემდეგ კევინი მყისიერად კლუბსაც იცვლის და იმხანად მეორე დივიზიონური “ნიუკასლ იუნაიტედის” წინადადებას თანხმდება. ორი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა იგი “სენტ ჯეიმს პარკზე” “ლივერპულისა” და “ჰამბურგის” ყოფილი ვარსკვლავი და იმ პერიოდში მდინარე თაინის ნაპირებზე ნამდვილი კიგანომანია იყო გაჩაღებული. კევინმა, კრის უოდლსა და პიტერ ბერდსლისთან ერთად ნამდვილი ფურორი მოახდინა და ნიუკასლელები 1984 წელს პირველ დივიზიონში აღაზევა. კიგანმა ორი სეზონის განმავლობაში 48-ჯერ ისახელა თავი, ხოლო 1984 წლის 2 ოქტომბერს პირადი რეკორდიც დაამყარა – დიახ, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კარიერის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ შეძლო პოკერის (“როტერჰემის” წინააღმდეგ თამაშისას) შესრულება.
აქტიური სპორტული კარიერის დასასრულს კიგანი ცოტა ხანს მალაიზიური “ტაიგერსის” ღირსებას იცავდა, თუმცა, მალე მიხვდა, აზიაში მისი დონე რომ არ იყო და ბუცებიც საბოლოოდ ლურსმანზე ჩამოჰკიდა. ამის შემდეგ კევინი ოჯახთან ერთად ესპანეთში გაემგზავრა, სადაც გოლფის თამაშით ირთობდა თავს, ხალხმრავალ ხმაურიან შეხვედრებს კი ყოველმხრივ თავს არიდებდა. კევინ კიგანი ფეხბურთს 8 წლის განმავლობაში იყო ჩამოშორებული, გამონაკლისი კი მხოლოდ 1985 წელს დაუშვა, როდესაც ორი მატჩი ჩაატარა ავსტრალიური ”ბლექდაუნ სიტი დემონზის” რიგებში...


გოჩა კაჭარავა


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095251