საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე ვარჯიშიღა დარჩა ჩასატარებელი. მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებას ყვარელი მასპინძლობს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ასისტენტებთან, შეგირდებთან და მედპერსონალთან ერთად მეორე კვირაა, ყვარლის ტბაზე მდებარე სასტუმროშია დაბინავებული. ვარჯიშებს კი ყვარლის ახალ დარბაზში ატარებს. კახეთის ულამაზეს რაიონში შეკრების მოწყობის გადაწყვეტილება ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ მწვრთნელებთან შეთანხმებით მიიღო და თავად სპორტსმენების აღფრთოვანებასაც თუ გავითვალისწინებთ, ყვარლის ტბის პირას მომავალშიც არაერთხელ შეიკრიბებიან და სავარაუდოდ ძიუდოისტთა წამოწყებას სპორტის სხვა სახეობების მიმდევრებიც აიტაცებენ.
“ევროპირველობის დასკვნით შეკრებას სასწაულ ადგილზე გავდივართ. ბუნება ხომ შეუდარებელია. ამას სპორტსმენის კარგად მოსამზადებლად აუცილებელი ერთი პირობაც ემატება – სასტუმროს გარშემო არცერთი ისეთი ობიექტი არაა, სადაც შეიძლება სპორტსმენმა დისციპლინა დაარღვიოს”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა.
გუშინ ძიუდოისტებმა ღია ვარჯიში ჩაატარეს, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაც დაესწრო. მინისტრმა ლევან ყიფიანმა ნაკრების წევრებს წლევანდელ საერთაშორისო ტურნირებზე ხვავრიელად გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა, 25-28 აპრილს ბუდაპეშტში წამსვლელებს კი წარმატებული ევროპირველობა უსურვა.
“უფლება არ მქონდა, ყვარელში არ ჩამოვსულიყავი და უმნიშვნელოვანესი შეჯიბრების წინ არ გამემხნევებინეთ. ძიუდო ქართული სპორტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობაა და დარწმუნებული ვარ, ეს ევროპის ჩემპიონატის შედეგებითაც დამტკიცდება. თქვენს სავარჯიშო და საცხოვრებელ პირობებსაც გავეცანი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სპორტის სამინისტრო ნაკრების სამზადისის დაგეგმვაში უხეშად აღარ ერევა. ეს ფედერაციისა და მწვრთნელების საქმეა, ჩვენი მოვალეობა კი ისაა, რომ თითოეულ სახეობას ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ”, – განაცხადა სპორტის მინისტრმა.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ყვარლის გამგებელიცაა და ცხადია, ამ რაიონში შეკრების მოწყობის ინიციატორიც თავადაა. თითქმის ყველა ვარჯიშზე გუნდის გვერდითაა, წვრთნებშიც აქტიურად მონაწილეობს. მოსალოდნელი შეჯიბრის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამ ოპტიმიზმის საბაბად ნაკრების წევრების კარგ ფორმაში ყოფნას და მათ მიერ ბოლო საერთაშორისო ტურნირებზე ნაჩვენებ შედეგებს მიიჩნევს. ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ლევან ჟორჟოლიანი კი სულაც, ძიუდოისტების მხარდამხარ ვარჯიშობს. აქტიურ სპორტთან რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ, ახლახან კარიერის დასრულების გადაწყვეტილება შეცვალა და საერთაშორისო ტატამზეც კვლავ გავიდა. ამჯერად ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელებს უწევს სპარინგ-პარტნიორობას, ხოლო გააგრძელებს თუ არა ჭიდაობას, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
40-მდე ქართველ ძიუდოისტთან ერთად კახურ შეკრებაში საფრანგეთის ერთ-ერთი კლუბის 8 წევრიც მონაწილეობს. ისინი ქართულ კლუბ “შევარდენთან” თანამშრომლობენ და დაახლოებით თვენახევარში უკვე “შევარდენის” მწვრთნელი გურამ მოდებაძე ჩაიყვანს საფრანგეთში სავარჯიშოდ 15-მდე შეგირდს.
ისევ ევროპირველობას მივუბრუნდეთ. საქართველოს ნაკრების თავკაცმა ირაკლი უზნაძემ ბუდაპეშტში წასაყვანი ცხრაკაციანი შემადგენლობა ოფიციალურად კვირის დასაწყისში გამოაცხადა. გუშინწინ კი ამ სიას შალვა ქარდავა (66 კგ), ზვიად გოგოჭური (90 კგ) და ონისე ბუღაძეც (+100 კგ) დაამატა, რომლებსაც ევროპის გუნდური ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანს.
“მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ კარგად გავიარეთ. შეკრებებითაც კმაყოფილი ვარ და ბიჭების მიერ ტურნირებზე ნაჩვენები ჭიდაობის ხარისხითაც. გუნდი სტაბილურად წარმატებულად გამოდიოდა და იმედია, თავს არც ევროპის ჩემპიონატზე შევირცხვენთ. ნაკრების წევრები ტექნიკურ-ტაქტიკურადაც და ფიზიკურადაც მზად არიან. ტრავმების მხრივაც საბედნიეროდ საგანგაშო არაფერია. მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილს შეექმნა პრობლემა, რომელიც, არა მგონია, საბოლოო შედეგზე აისახოს”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ირაკლი უზნაძემ.
ჭრიკიშვილის ტრავმის დასაზუსტებლად ნაკრების მთავარ ექიმ ზურაბ კახაბრიშვილს მივმართეთ და მის კომენტარსაც აქვე გთავაზობთ:
“ავთოს კოჭის სახსარი ჰქონდა დაზიანებული და ერთხანს სრული დატვირთვით ვარჯიშიც არ შეეძლო. ნემსების გაკეთებაც დასჭირდა. ფიზიოთერაპიის კურსებს კი ახლაც ვუტარებთ, მაგრამ სანერვიულო აღარაფერია. საკმაოდ კარგ ფორმაშია და ამირან პაპინაშვილთან, ლაშა შავდათუაშვილთან და ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად, ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია”.
ლიპარტელიანი ევროტატამზე კონტინენტის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავა. როგორც თავად აღნიშნა, ტიტულის მეორედ მოპოვება პირველზე ძნელი იქნება, მაგრამ სრულყოფილი მოსამზადებელი ციკლის გავლისა და ოპტიმალური ფორმის გათვალისწინებით, მხოლოდ და მხოლოდ ოქროსთვის ბრძოლას გეგმავს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყვარლის შეკრებას ხვალ დაასრულებს. ბუდაპეშტში კი მომავალ სამშაბათს ჩავა, ევროპირველობის დაწყებამდე ორი დღით ადრე.
აქვე შემადგენლობაც:
საქართველოს ნაკრები
60 კგ – ამირან პაპინაშვილი
66 კგ – ლაშა შავდათუაშვილი
73 კგ – ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი
81 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური
90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
100 კგ – დავით ლორიაშვილი
+100 კგ – ადამ ოქრუაშვილი
გუნდური პირველობა
66 კგ – შალვა ქარდავა
90 კგ – ზვიად გოგოჭური
+100 კგ – ონისე ბუღაძე







