ინტერვიუები

10:28 | 26.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ეზეკიელ ლავეცი: "როდესაც გაღიმებულ ბავშვს ვხედავ, თავს მართლა ბედნიერად ვგრძნობ"

მიმდინარე სეზონში, “ნაპოლი”, როგორც იტალიის სერია A-ში, ასევე, ვეროპის ლიგაზე, დამაჯერებელ თამაშს რომ აჩვენებს, ამაში ეზეკიელ ლავეცის დიდი წვლილი მიუძღვის. 25 წლის არგენტინელი, რომელიც ნეაპოლურ კლუბში უკვე 3 წელიწადია გამოდის,  გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მისი და “ნაპოლის” სხვა ფეხბურთელების მცდელობის შედეგად, ვალტერ მაცარის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. საშობაო არდადეგებზე გუნდი მართლაც კარგ განწყობაზე წავიდა, ხოლო ლავეციმ არგენტინაში გამგზავრებამდე, იტალიურ გამოცემა Il Corriere dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- რით დავიწყოთ?
- თემები საკმარისია, თავად ამოირჩიეთ. მე კი იმით დავიწყებ, რომ “სტი-აუასთან” გამარჯვებამ, გამაბედნიერა, მიუხედავად, იმისა, რომ ტრიბუნიდან თამაშის ყურება ძნელია.
- გულღიაობა პირველად გადაწყვიტე – უკვე თითქმის 4 წელიწადია იტალიაში ხარ, მომიყევი შენს შესახებ...
- მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, ახლა კი ვგრძნობ, რომ გავიზარდე. იმ პერიოდში “ნაპოლი” სერია А-ში ახალი დაბრუნებული იყო, ახლა იქ პოზიციები ისე გავიმყარეთ, როგორც საჭიროა.  
- შენი ცხოვრება შეიცვალა?
- იტალია პირველი ქვეყანაა, სადაც სახლიდან ძალიან შორს გავემგზავრე. ცოტა ხანი ფერმოში დავყავი, დაახლოებით ერთი თვე – გენუაში. თუმცა, ნეაპოლში ჩამოსული, იძულებული ვიყავი საკუთარი მანერები შემეცვალა, ოჯახი და მეგობრები მიმეტოვებინა. მოკლედ, ცხოვრება ახლიდან დავიწყე.
- მგონი ცუდად არ გამოგსვლია. თავს კერპად გრძნობ?
- ადამიანების მხრიდან ჩემს მიმართ კარგ დამოკიდებულებას ყოველ-თვის ვგრძნობ, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ ყველა მდიდრებად გვთვლის და მორჩა. გვთვლიან პრივილეგირებულ არსებებად, რომელთაც პრობლემები არ აქვთ. მართალია, იღბლიანები ვართ, მაგრამ ამისთვის ბევრ მსხვერპლსაც ვიღებთ.
- რა არ გყოფნის?
- რთული სათქმელია კონკრეტულად რა არ მყოფნის, რადგან ბავშვობაში ვიცოდი სიტყვა “ტანჯვა” რას ნიშნავდა. უფრო მეტად, რაღაც საყოფაცხოვრებო მომენტები მძაბავს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭები, ვიცხოვროთ ისე, როგორც სხვა ჩვენი თანატოლები ცხოვრობენ. ნეაპოლში ხალხს ვუყვარვარ, მაგრამ, სუპერმარკეტში მშვიდად რომ შევიდე, სახე უნდა დავმალო.  
- ერთხელ ავტამანქანის საბარგულშიც დაიმალე...
- სწორედ ესაა. მესმის, რომ ფეხბურთელი მასობრივი მოვლენაა და ალბათ, მართალიცაა, რომ ყველაფერი ასეა: ჩვენ ემოციებს ვხარჯავთ და პუბლიკას სურს მადლობა გადაგვიხადოს. თუმცა, ზოგჯერ მინდა მშვიდად ვივახშმო, როგორც ამას სხვა ადამიანები აკეთებენ.  
- თუმცა, საღამოობით და ზოგჯერ ღამეც, საკუთარ თავს უარს არ ეუბნებით...
- ეს უბრალოდ მაგიჟებს – თუ ჩემს ირგვლის რამე ისე არაა, ამას მაშინვე სკანდალად გადააქცევენ. შესაძლოა, რამდენჯერმე ხალხში გავედი, შესაძლოა, ერთხელ სახლში გვიან მივედი, მაგრამ ამას საერთო არაფერი აქვს იმ მოლხენებთან, რომელსაც ასე აღწერენ.
- წარმოიდგინე, რა დღეში იქნებოდა მარადონა...
- მარადონას მეოთხედიც არ ვარ და ვფიქრობ, იმის მეოთხედ ზეწოლასაც არ განვიცდი, რასაც ის განიცდიდა. საუბარი ხომ უდიდეს მოთამაშეზეა.
- რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა - 10-ნომრიანი მაისური ლავეცის უნდა მისცენ...
- სასიამოვნო მოსასმენია, საშინლად ამაყი ვიყავი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის მარადონას შეთავაზება საპატიოა, მაგრამ არჩევანი კლუბმა და “ტიფოზებმა” უნდა გააკეთონ.  
- ეს “ნაპოლი” არასოდეს ნებდება...
- “ნაპოლიში” ყოველთვის იყო ბევრი ნიჭიერი მოთამაშე, მაგრამ ადრე ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვიყავით, ხოლო ახლა, ყველას თვალწინ გავიზარდეთ. მთელი “ფოკუსი” იმაშია, რომ ჩვენ სწორედ ის ადამიანი გვყავს, რომელიც შეცდომების გამოსასწორებლად გვჭირდებოდა.
- ღმერთო, ეს ხომ სიყვარულის ახსნაა...
- უბრალოდ, მე ასე ვთვლი. ვალტერ მაცარისთან ერთად ერთი საფეხურით წინ წავიწიეთ.
- იმის გათვალისწინებით, რომ “სკუდეტოს” თაობაზე შეკითხვაზე პასუხს მაინც ვერ მივიღებ, შევეცდები სხვა მხრიდან მოგიარო – მის მოსაგებად რამდენი დრო დაგჭირდებათ?
- ყველაფერი ერთიმეორეზეა დამოკიდებული – უნდა განისაზღვროს დარჩება თუ არა საბაზისოდ ის გუნდი, რომელიც არის,  გაძლიერდება თუ არა, გამოჩნდება თუ არა რამდენიმე ახალი შემსრულებელი. ამ შემთხვევაში ორი-სამი წლის შემდეგ, ყველაფერი რეალური იქნება.  
- ამ სეზონში არა?
- შემიძლია გითხრათ, რომ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში უდიდესი შესაძლებლობები ჩნდება – ახლა ყველაფერი ისეა დაბალანსებული, რომ ამით სარგებლობა შეიძლება.  
- ღიად საუბრობ...
- რისკი ისაა, რომ თამაში ერთდროულად სამ ტურნირში გიწევს. თუმცა, სატურნირო ცხრილი ყველაფერზე მეტყველებს, იმაზეც კი, როგორ მისდით საქმე გრანდებს. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვართ და ამ სეზონში ჩვენსა და მათ შორის ვინც უფრო წინაა, ისეთი უფსკრული აღარაა, როგორც ადრე.
- ერთი წლის წინ ალეგრის ბურთი ესროლე...
- მისი “მილანი” ყველაზე სტაბილურად თამაშობს და მართლაც კარგად გამოიყურება. მაშინ კი, მხოლოდ ეპიზოდი იყო, რომელიც უნდა დავივიწყოთ. არასწორედ მოვიქეცი. როდესაც ალეგრი ნეაპოლში იყო, ჩვენი გზები არ გადაიკვეთა, თორემ მივესალმებოდი.
- კავანი ფანტასტიკურად გამოიყურება...
- შესანიშნავი ფეხბურთელია. ერთმანეთის იდეალურად გვესმის. საუც-ხოო, მშვიდი ბიჭია – სერიოზული პროფესიონალი.  
- სამი წლის წინ, თქვი, რომ მესის თუ არ ჩავთვლით, ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი პასტორეა...
- მან ძალიან ბევრი იცის და რაც იცის იმას აჩვენებს. ვერ გეტყვით მესის შემდეგ, ყველაზე ძლიერია თუ არა, მაგრამ საუცხოო მოთამაშეა. იტალიაში შეიძლება ერთი მატჩი ჩააგდო და შენგან მაშინვე “კატლეტს” გააკეთებენ.
- მუდმივად რაზე ონებობთ?
- ჩემს ნაკრებთან ერთად რაიმე ტიტული მოვიგო. ახლა კი, “ნაპოლისთან” ერთად გამარჯვებაზე.
- “ყოველთვის “ნაპოლისთან” ერთად” – შენზე ამის თქმა შეიძლება?
- საკუთარ თავთან და სხვებთანაც გულწრფელი ვარ, ამიტომ, გამართლებულად არ მიმაჩნია მსგავსი საუბარი. ვიცი, რომ ფეხბურთელი ერთი დღით ცხოვრობს – ნეაპოლში თავს კარგად ვგრძნობ, მაფასებენ, ვერთობი, ლამაზი ქალაქია. თუმცა, არ ვიცი, შეიძლება თუ არა მსგავსი დაპირებების მიცემა.  
- იმიტომ, რომ ერთხელ...
- შესაძლოა, არავითარი ერთხელ არ იყოს, მაგრამ რომ იყოს? ამიტომ, გულწრფელი ვიქნები. ვაღიარებ, რომ ესპანური ფეხბურთი მომწონს და იქაური გამოცდილების მიღებაც მსურს. ინგლისური ფეხბურთიც კარგია, მაგრამ მასში უფრო მეტი “ფიზიკაა”. იტალიური ყველაზე მეტად ტაქტიკურია.
- მოდი შენი მინუსი ვნახოთ – ცოტა გოლი გაგაქვს...
- ვვარჯიშობ, რომ მეტი გავიტანო, მიუხედავად იმისა, რომ გატანის მანია არასოდეს მქონია. მითუმეტეს, საგოლე გადაცემებსაც ძალიან ბევრი სიხარული მოაქვს. თუმცა, მესმის, თავდამსხმელმა რაც შეიძლება მეტი უნდა გაიტანოს.
- მაგალითად, ბრაზილიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მესისთვის გაკეთებულმა იმ პასმა ყველა აღაფრთოვანა...
- იქ ყველაფერი მესიმ გააკეთა, პასი მხოლოდ დაეხმარა. მას ბურთი საჯარიმოში მივეცი და გვერდი ორ მეტოქეს აუარა.
- ძალიან მორიდებულად ჟღერს. მოდი ყველაზე ლამაზ გოლზე ვისაუბროთ...
- დავიწყოთ იმით, რომ არ ჩავთვალოთ ის გოლები, რომლებსაც სარგებლობა არ მოუტანია. მაგალითად, ორი წლის წინ, “მილანის” კარში გატანილი – ლამაზი გამოვიდა, მაგრამ რა მოიტანა? ან “ლივერპულთან” გატანილი. იგივე, ამ სეზონში “კალიარისთან” - 94-ე წუთზე.
- როგორც განაცხადე, “ნაპოლის” მუდმივ ერთგულებას ვერ შეპირდები. კლუბი შენს შესანარჩუნებლად ცდილობს თავს არგენტინელები “დაგახვიოს” და ამ ეტაპზე თითქმის უკვე ფერნანდესიც შეიძინა...
- ის ძლიერი ფეხბურთელია – საინტერესო და ახალგაზრდა, რომელსაც “მომატება” კიდევ შეუძლია. ცოტა ხნის წინ, მან “ესტუდიანტესთან” ერთად არგენტინის ჩემპიონატი მოიგო. ამ გუნდში ბევრი საუცხოო ფეხბურთელია და მან დამსახურებულად გაიმარჯვა.
- ორი წლის წინათ, შეგეძლო “ლივერპულში” წასულიყავი. ამის გამო, ნეაპოლელთა პრეზიდენტ ეურელიო დე ლაურენტისთან სერიოზული უთანხმოება გქონდა...
- დრო ყველაფრის მკურნალია და მათ შორის უთანხმოებისაც. ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობა სრულად აღსდგა. ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ.
- შენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა – ახლა სხვა მეგობარი გოგონა გყავთ...
- მასთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, წინა მეგობარ გოგონასთანაც ბედნიერი ვიყავი. ახლა ჩემს ცხოვრებაში სხვა ფაზაა.
- შეიძლება, რომ შენი შვილი ტომასი ფეხბურთელი გახდეს?
- ვინ იცის? ჩემი აზრით, კი. კარგი იქნებოდა.
- შენ სოლიდარობის დიდი გრძნობა გაქვს...
- მე სიძნელეებში გავიზარდე. ტყუილუბრალოდ არასოდეს არაფერი მიმიღია. ვიცი “ტანჯვა” რაც არის.  
- “ანსური” – თქვენი ბავშვთა ცენტრი...
- ამჟამად, იქ 40 ბავშვია და იმედი მაქვს, რომ მათი რიცხვი კიდევ გაიზ-რდება. იქ ჩემი ძმა და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი მუშაობს. ეს აზრი მაშინ მომივიდა, როდესაც ჩემს ბავშვობას ვიხსენებდი. ახლა ისინი საშობაოდ მელიან, დღესასწაულს მიმზადებენ და მიხარია, რომ ცოტა მშვიდდებიან. არ მინდა, რომ ისინი დაიკარგონ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.  როდესაც გაღიმებულ ბავშვს ვხედავ, თავს მართლა ბედნიერად ვგრძნობ. ხალხის დასახმარებლად საბანკო ანგარიშს გავხსნი.  
- ლამაზი სიტყვებით რომ არ ვილაპარაკოთ – გარკვეულწილად თავს ნეაპოლის შვილად თუ თვლით?
- იტალია ჩემი ბედისწერა იყო და აქ შევყოვნდი. ნეაპოლში მიმიღეს და მსურს, მისთვის რაიმე მნიშვნელოვანი გავაკეთო.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165878