ტურინის “იუვენტუსის” მარცხენაფლანგელ ფაბიო გროსოს, პროფესიული კარიერის განმავლობაში არაერთი რთული პერიოდი გადაუტანია, ამის საკომპენსაციოდ კი, მისი გერმანიის 2006 წლის მუნდიალზე გამოსვლაც კმარა. შეგახსენებთ, გროსომ მსოფლიოს პირველობის ნახევარფინალის დამატებით დროში პირველი გოლი გაუტანა ტურნირის მასპინძელთა ნაკრებს, ჩემპიონობისთვის გადამწყვეტი მატჩის თერთმეტმეტრიანთა სერიაში კი, საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა და “სკუადრა აძურას” პლანეტაზე კიდევ ერთხელ გაპირველებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ფაბიომ თავი მილანის “ინტერში” ამოჰყო, 2 სეზონი “ლიონშიც” გაატარა, 2009 წლის ზაფხულიდან კი “იუვენტუსის” წევრია. “ბებერმა სინიორამ” წინა სეზონი ჩააგდო, მიმდინარეს დასაწყისში კი, გუნდის ახალმა დამრიგებელმა ლუიჯი დელ ნერიმ გროსო აითვალისწუნა და მას მხოლოდ 6 ნოემბერს მისცა თავის გამოჩენის შანსი. ფაბიომ ეს შანსი კარგად გამოიყენა და მას შემდეგ მოყოლებული, “იუვეს” ძირითად შემადგენლობაშია. გუშინწინ კი, გროსომ და მისმა პარტნიორებმა პრინციპულ მატჩში “ლაციოს” 2:1 სძლიეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდნენ. ტურინელთა უკანახაზელს La Stampa დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა.
- ინტერვიუსთვის, ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მოგმართეთ. მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა. რას ეტყოდით ახალს ჩვენი გაზეთის მკითხველს?
- “იუვენტუსი” კარგ სეზონს ატარებს. საკვირაო მატჩში მოგების შემდეგ, “ლაციოსა” და “ნაპოლის” დაგროვილი ქულებით დავეწიეთ და რადგანაც დედაქალაქელებსა და სამხრეთელებზე ბურთების უკეთესი სხვაობა გვაქვს, ამასთან სერია A-ში ყველაზე მეტი გოლი გვაქვს გატანილი, სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურამდე ავიწიეთ. რომაელებს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვუგეთ. ედოარდო რეიას ძლიერი გუნდი ჰყავს. “ლაციალემ” დიდი წინააღმდეგობაც გაგვიწია, მაგრამ მოგების რწმენა ბოლომდე არ დაგვიკარგავს და 3 ქულა მაინც ავიღეთ. პირადად მე რაც შემეხება, როგორც ყოველთვის, წელსაც ბევრს ვშრომობ და ეს მიფასდება კიდეც. ისე კი, საქმეს ყოველთვის ერთნაირად ვუდგები – არც წარმატებისგან დამხვევია თავბრუ და უიღბლო პერიოდსაც ყოველთვის მხნედ ვხვდები ხოლმე.
- წარუმატებელი პერიოდი, ხშირად გაქვთ?
- არა. იმაზე მეტს მივაღწიე, რაზეც ბავშბობაში ვოცნებობდი. კარიერის დასაწყისში იმასაც ყაბულს გახლდით, სულ რამდენიმე მატჩი ჩამეტარებინა სერია A-ში, შემდეგ თანდათან “გავთავხედდი” და “სკუადრა აძურაში” მოხვედრაზე დავიწყე ფიქრი, ბოლოს კი იქამდეც მივედი, რომ მსოფლიოს ჩემპიონობა დავისახე მიზნად! გერმანიის მუნდიალი ჩემთვის დაუვიწყარი ტურნირია. მაშინ ბრწყინვალედ ვითამაშე და იმ დონეზე რეგულარულად ასპარეზობა რომ შემძლებოდა, 7-8 “ოქროს ბურთი” მექნებოდა მონიჭებული.
- სამხრეთ აფრიკის მუნდიალის წინ, მარჩელო ლიპიმ წინასწარ 30-კაციან განაცხადში შეგიყვანათ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაგიყვანათ...
- ამ თემაზე საუბარი ნაკლებად მსიამოვნებს. ლიპის გადაწყვეტილებას დღემდე არ ვეთანხმები, მაგრამ გასულ ზაფხულს, იძულებული გახლდით, დავმორჩილებოდი.
- “სკუადრა აძურას” ყოფილ დამრიგებელზე რა აზრის ხართ?
- თუკი, გასული მუნდიალის საგანაცხადო გადაწყვეტილებას არ გავიხსენებთ, სინიორ მარჩელოზე მხოლოდ კარგი რამ შემიძლია ვთქვა. მან თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომცა და მე ეს შანსი მშვენივრად გამოვიყენე. ფეხბურთში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ბევრს ეძლევა, მაგრამ მისი გამოყენება უნდა შეგეძლოს და წარუმატებლობის უიღბლობისთვის მიწერა, არასწორია.
- გასული ზაფხული მხოლოდ მუნდიალზე არგამოსვლით არაა თქვენთვის ავად გასახსენებელი. როგორც ცნობილია, “იუვენტუსს” თქვენი ტრანსფერზე დაყენება სურდა...
- სხვადასხვა კლუბებიდან წინადადებებიც მქონდა, მაგრამ მათი განხილვა არც კი გამიფიქრებია. “იუვეში” გასული სეზონის დასაწყისში “ლიონიდან” მოვხვდი, “ბებერმა სინიორამ” სუსტად იასპარეზა და არ მსურდა ტურინიდან გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სეზონის შემდეგ ავბარგებულიყავი. არ მინდოდა, “იუვეს” გულშემატკივრებს ცუდად დავმახსოვრებოდი.
- ამბობენ, თქვენი გადაბირება “მილანსაც” ეწადა...
- “როსონერი” “იუვეს” საიჯარო ხელშეკრულების გაფორმაბას სთავაზობდა, მე კი, კარიერის განმავლობაში, იჯარით არსად მითამაშია. ყოველთვის ისეთ გუნდებს ვირჩევდი, რომლებიც ბოლომდე მენდობოდნენ. ამიტომაც გადავწყვიტე ტურინში დარჩენა.
- “მილანში” გადასვლის შემთხვევაში, დღეს სერია A-ს ლიდერი იქნებოდით...
- არც მეორე ადგილით ვარ უკმაყოფილო (იცინის). “იუვეში” დარჩენა არასდროს მინანია. ერთადერთი, რაც ვერ მომინელებია ისაა, სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ არ ვითამაშე.
- იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციის თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 11-12 დეკემბერს გაფიცვა უნდა გაგემართათ. ეთანხმებოდით პროტესტის ამგვარ ფორმას?
- არა. უმჯობესია, შეთანხმებას რადიკალური ზომების მიღების გარეშე მივაღწიოთ.
- საერთო ენის გამონახვა ლუიჯი დელ ნერისთანაც გაგიჭირდათ. “იუვეს” ახალ თავკაცს ჯიუტად არ შეჰყავდით განაცხადში და მხოლოდ მას შემდეგ ჩაგრთოთ ძირითად შემადგენლობაში, რაც ჰასან სალიჰამიჯიჩმა და კიდევ რამდენიმე მოთამაშემ ტრავმები მიიღეს...
- მთავარი მწვრთნელისა და კლუბის ხელმძღვანელობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაგებით ვეკიდები. მაგრამ პროფესიონალი ვარ და ყოველთვის შევეცდები საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენას. ოპტიმიზმის გრძნობა არასდროს მტოვებს და ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, წვრთნისას სახეზე ღიმილი დამთამაშებს.
- როგორ გგონიათ, ძირითადში ფეხი მყარად მოიკიდეთ? როდესაც “იუვეს” ლაზარეთი დაცარიელდება, კვლავ სასტარტოში იქნებით?
- დღევანდელობით ვცხოვრობ, ხოლო რა იქნება მომავალში, მწვრთნელის გადასაწყვეტია. ისე კი, კონკურენციის არ მეშინია, თანაც, გუნდში ამჟამად სხვა, ჩემთვის სასიკეთო ატმოსფეროა.
- საფეხბურთო კარიერა რომ შეაფასოთ – ბედნიერი ხართ?
- 30-40 წელი ჯოჯოხეთში უნდა ვიცხოვრო, ფეხბურთით მოტანილი ბედნიერება რომ გადაიფაროს.
- სამოთამაშეო კარიერაში არაფერი გაკლიათ?
- მხოლოდ ის, რასაც სამომავლოდ მივაღწევ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









