ინგლისის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებლის, ფაბიო კაპელოს სამწვრთნელო კარიერა და რეგალიები ნებისმიერი გულშემატკივრისთვის კარგადაა ცნობილი, დღეს კი, ის ინტერვიუ გვსურს შემოგთავაზოთ, რომელიც “დონ ფაბიოს” ადამიანურ თვისებებს გაგაცნობთ.
- თქვენი აზრით, რას ნიშნავს სიტყვა ‘მწვრთნელი”?
- იგი, არა მარტო სპეციალისტია, რომელიც მოთამაშეთა ტექნიკური აღჭურვილობისა და ტაქტიკური განსწავლულობის ამაღლებაზე უნდა მუშაობდეს, არამედ, უპირველესად, ფსიქოლოგი უნდა იყოს. ნებისმიერი გუნდის შტატში 25 ფეხბურთელი ირიცხება, რომელთაგან ყველას ძირითადში თამაში სურს. მწვრთნელი კი, პიროვნება უნდა იყოს, რათა რკინისებური დისციპლინა დაამყაროს და რაც მთავარია, წარმატებას მიაღწიოს.
- ფეხბურთი რომ არა, რა საქმიანობას მიჰყობდით ხელს?
- ძნელი სათქმელია. ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ – ჩინოვნიკი არასდროს გავხდებოდი. ერთ ადგილას ჯდომა ჩემი საქმე არაა. შესაძლოა, პილოტი ვყოფილიყავი (იცინის).
- ფეხბურთი დღესაც ისევე გიყვართ, როგორც სპორტული კარიერის დასაწყისში?
- რასაკვირველია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მწვრთნელობისთვის თავი კარგა ხნის დანებებული მექნებოდა.
- ფეხბურთში ისეთი არაფერია, რაც არ მოგწონთ და გაღიზიანებთ?
- საკმაოდ ბევრი რამ, ოღონდ, ცვლილებებთან ადაპტირება უნდა შეგეძლოს და ხშირად, არცთუ სახარბიელო მოვლენების შენდა სასიკეთოდ შემოტრიალება სცადო. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში, საწადელს მიაღწიო.
- რით ამაყობთ?
- უპირველესად იმით, მწვრთნელად მუშაობის ხალისი და ენთუზიაზმი ჯერ კიდევ შენარჩუნებული რომ მაქვს. არასდროს ვუცქერ თვითკმაყოფილებით აღვსილი ჩემს მიერ მოპოვებულ პრიზებს. სტატისტიკა იმ ადამიანებისთვის დამითმია, რომელთაც ის საკუთარ პროფესიად გაიხადეს.
- სტრესი საფეხბურთო მწვრთნელს მუდმივად თან სდევს. როგორ ებრძვით მას?
- 1998 წელს არ ვმუშაობდი და თითქმის ყოველდღე არტერიული წნევა მიწევდა. თავი კარგად რომ ვიგრძნო, ამისათვის ყოველდღიური სტრესია საჭირო.
- მწვრთნელის უმაღლეს ჯილდოდ რას მიიჩნევთ?
- ეს საქმე, ნებისმიერი სპეციალისტისთვის ინდივიდუალურია. მე კი იმით ვარ კმაყოფილი, რომ “მილანში” არიგო საკის წარმატებათა სერია განვაგრძე, მადრიდის “რეალში” ჩავარდნის შემდეგ, გამარჯვებათა ახალ ციკლს ჩავუყარე საფუძველი, “რომაში” იმ ფეხბურთელებს ჩავუნერგე მოგებათა რწმენა, რომლებიც უკვე მარტში, ზაფხულის ზღვის სანაპიროზე გატარებაზე ფიქრობდნენ. ყველაზე რთული “იუვენტუსთან” ერთადაა გამარჯვება – “ბებერი ქალბატონი” ხომ ყოველთვის მწვერვალზეა.
- როგორი ფეხბურთელი იყო ფაბიო კაპელო?
- ისეთი, რომელსაც “სკუადრა აძურას” ღირსების დაცვა 32-ჯერ მიანდეს.
- თქვენს პროფესიაში, ყველაზე მეტად, რა არ მოგწონთ?
- ტრიბუნების მხრიდან წამოსროლილი შეურაცხმყოფელი სიტყვები. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სტადიონის სავარძლიდან ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ლანძღავენ. სულ სხვაა, როცა პირისპირ შეხვედრისას გამოთქვამ შენს პრეტენზიას, მაყურებლის თავაშვებულობას კი, ყოველთვის მწყობრიდან გამოვყავდი.
- როდესაც ფეხბურთიდან საბოლოოდ წახვალთ, ყველაზე მეტად, რა მოგენატრებათ, მატჩები თუ სავარჯიშო პროცესი?
- ვარჯიში. ისე კი, უკვე გული მწყდება იმაზე, რომ წვრთნებისას ისეთი აქტიური ვეღარ ვარ. ყველაფერი მუხლის ტრავმის ბრალია.
- შესაძლებელია, მწვრთნელმა ფეხბურთელთა მამობაც იტვირთოს?
- არა. არ ვიცნობ ისეთ მამაკაცს, რომელიც ერთდროულად 25 შვილს გაუწევს მამობრივ ზრუნვას.
- წაგების შემდეგ, უპირველესად, რას აკეთებთ?
- დაშვებულ შეცდომებს ვუკეთებ ანალიზს.
- წარმატების შემდეგ?
- სასწრაფოდ ვივიწყებ მოგებას.
- ამბობენ, ადამიანები წაგებას გადაეჩვივნენო. თქვენი მოთამაშეობის დროსაც ასე იყო?
- წაგება არასდროს უყვარდათ, არც უწინ და არც ახლა. ოღონდ ერთია, ამჟამად, გაზეთები და ტელევიზია მარცხის შემდეგ გაცილებით მეტს გაჰკივიან.
- დამწყებ ფეხბურთელებს, უპირველესად, რა უნდა შეასწავლოთ?
- პირველ რიგში, კარგი მწვრთნელი შევურჩიოთ.
- რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, ადრეული ასაკიდან ბავშვებს სხვადასხვა ტაქტიკური სქემების შესწავლით რომ ტვირთავენ?
- მოზარდებთან მომუშავე კოლეგებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ 14-15 წლამდე ბიჭუნებისთვის, ფეხბურთი მხოლოდ გართობის საშუალება უნდა იყოს და მეტი არაფერი. ძალიან ცუდია, როდესაც მწვრთნელს საკუთარი კარიერის გაკეთება ბავშვების ხარჯზე სურს და მათგან შედეგს მოითხოვს.
- დღესღეობით უკეთ თამაშობენ, თუ ათი წლის წინ?
- სხვანაირად – უფრო მეტი სისწრაფე, ძალა და გამძლეობაა საჭირო.
- ტაქტიკაში რაიმე სახის სიახლის დანერგვა თუა შესაძლებელი?
- შესაძლებელია.
- როგორი იქნება ფეხბურთი 10 წლის შემდეგ?
- ვიმედოვნებ, თამაშებს მეტი მაყურებელი დაესწრება.
- თავად თქვენ, სად იქნებით 10 წლის შემდეგ?
- ვიმედოვნებ, კვლავინდებურად თქვენ შორის.
-კოლეგათაგან, ყველაზე დიდ პატივს რომელს სცემთ?
- ჯოვანი ტრაპატონის. მას ეყო გამბედაობა საკლუბო ფეხბურთში დაბრუნების, თანაც, მუშაობა უცხოეთში განაგრძო.
- თქვენს ფეხბურთელებს სამემკვიდრეოდ რას დაუტოვებთ?
- იმის განცდას, რომ მომთხოვნ, მაგრამ ღირსეულ ადამიანთან თანამშრომლობდნენ.
- ცნობილია, რომ ესპანური ფეხბურთი გიყვართ. რა მოგწონთ ყველაზე მეტად პირენეს ნახევარკუნძულზე?
- თამაშის მშვიდობიანი ხასიათი და გულშემატკივართა ცივილიზებულობა.
- ერთხელ განაცხადეთ, ინგლისი, იტალიასთან შედარებით, უფრო თანამედროვე ქვეყანააო. შეგიძლიათ იგივე ჩვენთანაც დაადასტუროთ?
- რა თქმა უნდა. ინგლისში მომავალზე უფრო მეტს ფიქრობენ და იქ, ბიუროკრატთა ნაკლები რაოდენობაა.
- რატომ არ გყავთ მეგობრები საფეხბურთო წრის წარმომადგენელთაგან?
- ვინ მოგახსენათ! “ნაპოლის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ედოარდო რეია და დინო ძოფი ჩემი მეგობრები არიან. პირველთან ერთად ფერარაში ვიზრდებოდი, მე და დინომ კი, “იუვენტუსში” თამაშისას ერთი ფუთი მარილი შევჭამეთ. ისე კი, იშვიათად ვუახლოვდები იმ ადამიანებს, რომელთან ერთადაც დიდ დროს ვატარებ. შესაძლოა, ეს მამაჩემის ბრალია, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა, არასდროს ვყოფილიყავი ნახირის წევრი. თუკი მხოლოდ ფეხბურთში მომუშავე ადამიანებთან გიწევს ყოფნა, მათთან მხოლოდ ფეხბურთზე საუბრობ, დეგრადაცია არ აგცდება.
- ოჯახის წევრებთან რო¬მელ თემებზე არ საუბრობთ?
- მხოლოდ და მხოლოდ, საფეხბურთოზე.
- მხატვრობითა და კლა¬სიკური მუსიკით ხართ გატაცებული. რამდენად გიწყობთ ეს ხელს მუშაობაში?
- ძალიანაც მიწყობს. ადამიანს, რომელიც მხოლოდ ფეხბურთით სულდგმულობს, ცხოვრებაზე სწორხაზოვანი და შეზღუდული წარმოდგენა გააჩნია.
- ამბობენ, უპირატესობას მხატვრობის აბსტრაქცოინისტურ მიმართულებას ანიჭებთ. რატომ?
- ეს ჩვენი დროის ხელოვნებაა. მხატვრობის სხვა მიმართულებებმა, ფოტოგრაფიის განვითარების შემდეგ, თანდათან აზრი დაკარგა.
- ხომ არ თვლით, რომ თქვენეული გატაცების გამო, ადამიანები უფრო მეტად გაფასებენ?
- ეგღა მაკლია, ნახატებს სხვებისათვის მოსაჩვენებლად დავუწყო ცქერა!
- იქნებ, ყოველივე ამას თქვენდა უნებურად აკეთებთ და შეუცნობლად “ფეხბურთის ადამიანის” სტერეოტიპის დარღვევა გსურთ?
- არასდროს გახლდით ტიპური ფეხბურთელი და მწვრთნელი, იმიტომ რომ ფეხბურთისგან თავისუფალ დროს, მასზე კრინტსაც არასდროს ვძრავ. ჩემს აზროვნებასა და ცხოვრებისეულ ნირს, საფეხბურთოსთან კავშირი არ აქვს.
- მწყობრიდან რას გამოჰყავხართ?
- ვერ ვიტან უზრდელ ადამიანებს.
- კარგ ადამიანად როგორი მიგაჩნიათ?
- რომელიც არავის არაფერს უმტკიცებს, უბრალოდ იმას აკეთებს, რაც მოსწონს და უყვარს.
- ცუდი ადამიანი რომელია?
- რომელიც თავს კარგ ადამიანად იკატუნებს.
- პენსიაზე გასვლის შემდეგ, სად აპირებთ ცხოვრებას?
- ორიოდე წლის წინ პირველად მოვხვდი პანტელერიაზე (სიცილიის სამხრეთით მდებარე პატარა კუნძული - რედ). იქაურმა ხელუხლებელმა ბუნებამ და უბრალო ადამიანებმა მომხიბლეს.
- დროის უკან მიბრუნებ რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
- არასდიდებით არ დავბრუნდებოდი “მილანში”. 1997 წელს, ეს სილვიო ბერლუსკონის ხათრით გავაკეთე. თუმცა იმთავითვე ვიცოდი, მაცივრიდან გამოღებული წინა დღის უგემური სუპის თქვლეფა რომ მომიწევდა.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ







