სტატიები

10:31 | 22.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

"ფაეტანოსთან" ფაეტონით გასეირნების მოლოდინში

ს/კ “ზესტაფონს” ისეთი მეტოქე არგუნა უეფას ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრამ, ნებისმიერი ქართული გუნდი რომ ინატრებდა. სან მარინოს 1500-მდე მაცხოვრებლით დასახლებული კომუნის სამოყვარულო “ფაეტანო” ევროტურნირების დებიუტანტია და საქართველოში პირველ ივლისს ჩატარებული მატჩი, მისთვის ისტორიული იქნება. ეს შეხვედრა ისტორიული ქართველებისთვისაც უნდა იყოს. აბა, რომელი აქაური გუნდი დაიკვეხნის ისეთ მეტოქესთან შეჯიბრებას, ვისაც ოფიციალურ განაცხადში ქვეყნის ხელისუფალი ჰყავს? სწორედ ასეთად ითვლება 41 წლის მარკო კონტი, რომელიც სან მარინოს გენერალურმა საბჭომ, 2010 წლის პირველი აპრილიდან პირველ ოქტომბრამდე, კაპიტან-რეგენტად აირჩია. ეს თანამდებობა კი, სან მარინოში სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურს ნიშნავს, რომელიც ყოველ 6 თვეში იცვლება.
მოკლედ, თუ კონტი საზოგადოებრივი საქმიანობიდან დროებით გაათავისუფლეს, ქრისტიან-დემოკრატი პოლიტიკოსი იმერეთშიც შეუტევს “ზესტაფონს”, თუ არადა, ფაეტანოში ეს სიამოვნება ქართველთა კიპერს არ ასცდება. სანმარინოელებს კიდევ ერთი ხნოვანი ფეხბურთელი ჰყავთ. 34 წლის მირკო ჯენარი მცველია და 1992-2003 წლებში მისი ქვეყნის ნაკრებში 48 მატჩის გამართვა მოასწრო.
ორიც და ზესტაფონელთა მეტოქის შემადგენლობაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. პიერ დომინიკო დელა ვალეს გაწვრთნილ გუნდში ერთი იტალიელი მეკარეა - მარკო კასალბონი. უცხოტომელია თავდასხმის ხაზში მოთამაშე ელტონ შაბანიც. იგი ალბანელია, მაგრამ სანმარინოს მოქალაქეობა აქვს მიღებული.
“ფაეტანო” საშინაო ოფიციალურ შეხვედრებს კომუნიდან ორიოდე კვარტალში მდებარე 7000-იან “სერავალეზე” ატარებს. კლუბი 1962 წელს დაარსდა და მას შემდეგ, მინიატურული ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 3-ჯერ (ბოლოს 1999 წელს) მოიპოვა. ამდენჯერვე მოიგეს ფაეტანოელებმა ქვეყნის თასი, 2-ჯერ კი - სუპერთასი.
შედეგი, რომლის მიღწევითაც ამ გუნდმა 1-ელ და 8 ივლისს “ზესტაფონთან” შეხვედრების უფლება მიიღო, მიმდინარე მაისის ბოლოს დასრულებულ სეზონში ორჯგუფა (8+7 გუნდი) ჩემპიონატზე მე-3 ადგილზე გასვლით დაიმსახურა. “ფაეტანომ” რეგულარული ეტაპი 20 თამაშში მოპოვებული 40 ქულით და “ბ” ჯგუფში მეორეობით ჩაამთავრა, ფლეი ოფის ეტაპზე კი ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც მომავალ ჩემპიონ “ტრე ფიორისთან” 1:2 წააგო. იმერელთა მეტოქე ბოლო სეზონში იმითაც გამოირჩა, რომ მთელს სან მარინოში, სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით (5:0 “პენაროსასთან”) მოიგო. ზესტაფონელები ამ საევროლიგო ბარიერს რომ გადალახავენ, ალბათ, ეჭვი ნაკლებად თუ ვინმეს ეპარება. ჰოდა, უეფამ გუშინ გია გეგუჩაძის გუნდისთვის მორიგი მეტოქეც დაადგინა. ეს სლოვაკური ბანსკა-ბისტრიცას “დუკლა” იქნება. მათზე, იმერლები ფაეტანოურ ბარიერს რომ ოფიციალურად გადალახავენ. მანამდე კი, “ზესტაფონის” თავკაცს “მსოფლიო სპორტი” ავსტრიაში დაუკავშირდა, სადაც გუნდი შეკრებას გადის.
გია გეგუჩაძე: - ფავორიტები ჩვენ ვართ და ეს პირველი ეტაპი გასავლელია. აუცილებელია, რომ სერიოზულად მივუდგეთ საქმეს, თორემ არასერიოზული მიდგომით, ბევრჯერ გვქონია არასასურველი შედეგი. ამიტომ, თუნდაც სან მარინოს გუნდი გვყავს მეტოქედ, მასაც სათანადო განწყობით უნდა მივუდგეთ.
- “ფაეტანოს” შემდეგ, სლოვაკური “დუკლა” გელით.
- ამ მეტოქესთან სასურველი იყო პირველი მატჩი გასვლაზე გვქონოდა. თავად გუნდს რაც შეეხება, მასზე ჯერ რაიმეს თქმა გამიჭირდება - მით უფრო, ზაფხულში ყველა გუნდი სახეს იცვლის.
- შეკრებაზე გუნდში როგორი განწყობაა?
- გუნდი გეგმის მიხედვით ემზადება, მასში კორექტივების შეტანა არ დაგვჭირვებია. აქ, ავსტრიაში საკმაოდ ცივი ამინდი გაგვიხდა, რაც სავარჯიშოდ და სათამაშოდ, წელიწადის ამ პერიოდში ცუდი ნამდვილად არაა. დასასვენებლადაც და მოსამზადებლადაც, აქ საუკეთესო პირობებია. კონდიციებზე თუ ვისაუბრებთ, გუნდი ჯერ სრულად არაა მზად, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი დამაკმაყოფილებელია.

ფრიდონ კერვალიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.152781