ჭადრაკი

13:13 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ ბლიცში იმარჯვა

ნახიჭევანში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე შაბათი ბლიც-შეჯიბრს დაეთმო, რომელიც ქართული დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა. ჩინებულად წარმოაჩინა თავი ლევან ფანცულაიამ (2556), რომელმაც პირველობა არავის დაუთმო.

ქართველმა მოჭადრაკემ 11 ტურში 7 გამარჯვება იზეიმა, 4 პარტია ფრედ დაასრულა და 9.0 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა. 8.5-8.5 ქულა მოაგროვეს აზერბაიჯანელმა რაუფ მამედოვმა (2662) და რუსმა დენის ხიშმატულინმა (2640), რომელთაც შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს.

ბლიც-ტურნირში კიდევ ოთხმა ქართველმა ითამაშა, რომელთაც ასეთი შედეგები დააფიქსირეს: 11. გიგა ყუფარაძე (2489) – 7.0; 13. მიხეილ მჭედლიშვილი (2640) – 7.0; 18. ბაჩანა მორჩიაშვილი (2377) – 7.0; 45. ზურაბ ჯავახაძე (2448) – 5.0;

შეგახსენებთ, რომ ძირითად ტურნირში 5 ტურია გასული და ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებლები მჭედლიშვილს და ფანცულაიას აქვთ. მათ 3.5-3.5 ქულით მეთერთმეტე-მეთორმეტე პოზიციები უკავიათ. 2.5-2.5 ქულით ოცდათეულს მიღმა არიან ყუფარაძე, მორჩიაშვილი და ჯავახაძე.

ნახიჭევანის ტურნირს სამი ლიდერი ჰყავს, რომელთა აქტივშიც 4-4 ქულაა: იგორ კურნოსოვი (რუსეთი, 2649), ელტაჯ საფარლი (აზერბაიჯანი, 2644), ბარტლომეი მაჩიეია (პოლონეთი, 2608).

აზერბაიჯანული ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 1 მაისს დასრულდება. საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 10 ათასს მიიღებს, სულ კი თანხა 30 მოწინავეზე გადანაწილდება.

0.09209