ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ზე როჯერ ფედერერმა და რაფა ნადალმა 2 სეტიანი მოგებებით დაიწყეს, მეორე დღეს საქმეში ჩართულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (1) და ენდი მარეიმ (3) მესამე ეტაპზე გასასვლელად 3-3 სეტის ჩაატარეს და თავთავიანთ სამეორეწრეო ოპონეტებს კი პრაქტიკულად ერთნაირი ანგარიშით სძლიეს. რეიტინგსიის სერბმა ლიდერმა იტალიელ ფაბიო ფონინის 6:0, 5:7, 6:2 მოუგო, ხოლო მარეიმ რუსი ევგენი დონსკოი 5:7, 6:2, 6:2 დაამარცხა.
“მთლიანობაში უკმაყოფილო არ ვარ. ფონინისთან ერთგვარი ძალების დათვალიერება მქონდა და ეს წარმატებით გავაკეთე. მეორე სეტში რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვი, მაგრამ ახლა ამაზე ნაკლებად ვღელავ. ტურნირების სასტარტო მატჩებში ხშირად მიჭირს ხოლმე თამაში – ვეჩვევი კორტს, მეტეოპირობებს. თანაც, ფაბიო ამ საფარის კორტზე ძლიერად თამაშობს. საბოლოოდ მაინც მოვიგე და გახარებულიც ვარ”, - განუცხადა “ნოლემ” ინდიან უელსის ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდს.
რაც შეეხება ენდი მარეის მატჩისშემდგომ კომენტარს, შოტლანდიელის განწყობა შემდეგია: “მეორე სეტიდან საკუთარი თამაშის რიტმს მივაგენი და ჩემ პირობებს ვკარნახობდი მოწინააღმდეგეს. დონსკოიმ კარგი თამაში აჩვენა – იგი მოვლენებს ფორსირებას არ უკეთებდა და მეტად ჭკვიანურად მოქმედებდა”.
ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მესამე წრეში ჯოკოვიჩი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს, ხოლო მარეი ტაივანელ ლუ იან სუნს შეხვდება.







