საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში ქალთა შორის საქართველოს 70-ე ეროვნული ჩემპიონატის დახურვა შედგა და პრიზიორები დააჯილდოვეს.
ასპარეზობის მონაწილეთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ნინო ხურციძემ პროგნოზი გაამართლა - ერთადერთი სპორტსმენი აღმოჩნდა, რომელმაც ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ხურციძემ მეექვსედ შეძლო საქართველოს ჩემპიონატის მოგება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. იგი ერთადერთი მანდილოსანია, რომელსაც ერთხელ საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატიც აქვს მოგებული. მართალია, ვიცეჩემპიონმა ნინო ბაციაშვილმა ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ნახევარი ქულა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ფორმაში შევიდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტია მოიგო და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ბაციაშვილმა 69-ე ეროვნულ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თუ ასე გააგრძელა, მომავალ, 71-ე ჩემპიონატში ოქროს მედლის მფლობელი უნდა გახდეს.
ბაციაშვილისგან განსხვავებით, სალომე მელიამ ჩემპიონატი კარგად დაიწყო, რამდენიმე ტური ერთპიროვნული ლიდერიც კი იყო, მაგრამ ბაციაშვილთან დამარცხების შემდეგ ლიდერობა ვეღარ დაიბრუნა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ჩემპიონატის დახურვაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ნინო გურიელი და მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა.
გიორგაძე: “მიუხედავად იმისა, რომ 70-ე ეროვნულმა ჩემპიონატმა ლიდერების (ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი) გარეშე ჩაიარა, ასპარეზობა მაინც საინტერესო გამოდგა. ვულოცავ ხურციძეს ამ წარმატებას. მან დაამტკიცა, რომ გამოცდილება ბევრს ნიშნავს, ასევე ვულოცავ ნინო ბაციაშვილს მეორე ადგილზე გასვლას, ჯერჯერობით, ვერცხლის მედალი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატებში ბაციაშვილისთვის საუკეთესოა. სალომე მელია ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მაგრამ ამჯერად ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა. მეტს ველოდი ახალგაზრდა მოჭადრაკეებისგან (ანა კუჭავა, ლიკა კობეშავიძე). მართალია, იყო იშვიათი გამონათებები, მაგრამ მთლიანობაში მეტს ველოდი”.
გურიელი: “I-III ადგილები ლოგიკურად გადანაწილდა - ღირსეულმა სპორტსმენებმა დაიკავეს, განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო მელიას წარმატება, რომელსაც ცოტა ხნის წინ სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მეორე ადგილზე გასულ ბაციაშვილისთვის გადამწყვეტი გამოდგა მელიასთან მოგება. მადლობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, რომელმაც კარგად გაართვა თავი ჩემპიონატის ორგანიზებას.
ახლოვდება მომავალი საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელიც 2014 წლის აგვისტოში ჩატარდება. აქედანვე უნდა მოვემზადოთ, რათა ძველი ტრადიციები დავიბრუნოთ”.
ჯანჯღავა: “ქალთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლო პარტიებში ბაციაშვილს ვეხმარებოდი. მართალია, ჩემპიონი ვერ გავხდით, მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილი ვართ. ჩემთვის მოულოდნელი იყო ახალგაზრდების ცუდი თამაში, ბევრი იყო ხარვეზი, იმედია მომავალში ხარვეზები ნაკლებად იქნება და ბევრად უფრო ხარისხიან პარტიებს ვიხილავთ”.







