სტატიები

19:25 | 7.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონის საჩემპიონთალიგო ქრონიკები

პრემიერლიგის ოქროს 12 მედალი, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის 5 და ჩემპიონთა ლიგის 2 თასი – ამგვარია სერ ალექს ფერგიუსონის მიერ მოპოვებულ სამწვრთნელო ტიტულთა არასრული სია მისი “ოლდ ტრაფორდზე” მოღვაწეობის 25 წლისთავზე. რამდენიმე დღის წინ შოტლანდიელი სპეციალისტი საკუთარ საევროთასო მოგონებებზე გაესაუბრა და დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი ვებგვერდის მკითხველი ფერგიუსონის შთაბეჭდილებას სულმოუთქმელად ჩაიკითხავს.
სერ ალექსის თქმით, მისი პირველი საევროთასე “გამოცდილება” 1960 წელს გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” ჩატარებულ ჩემპიონთა თასის ფინალს უკავშირდება. “სწორედ მაშინ მივხვდი და მთელი სიგრძე-სიგანით ვიგრძენი, რას ნიშნავს ევროპული ფეხბურთი. მადრიდის “რეალის” და მაინის ფრანკფურტის “აინტრახტის” დაპირისპირებამ დიდი სიამოვნება მომანიჭა, განსაკუთრებით კი ალფრედო დი სტეფანოსა და ფერენც პუშკაშის თამაშმა მომხიბლა. იმ ტურნირში მონაწილეობდა გლაზგოს “რეინჯერსი”. “პროტესტანტთა” საჩემპიონთასო გამოსვლას დიდი გულისყურით ვადევნებდი თვალს. გლაზგოელები ნახევარფინალამდე გავიდნენ, საკმაოდ სოლიდურადაც გამოიყურებოდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემმა თანამემამულეებმა ვერაფერი გააწყეს “აინტრახტთან”. გერმანელებმა 2 მატჩის ჯამში რეინჯერსელებს 12:4 მოუგეს. ვინც კი ფრანკფურტელთა გლაზგოური შეხვედრა იხილა, დარწმუნებული იყო, რომ ფინალში ისინი მადრიდელებს კუდით ქვას ასროლინებდნენ. საპირისპირო რამ კი მოხდა. “რეალმა” პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი, იქამდე არნახულად ძლიერი თამაში აჩვენა. ეს პირველი ინტერნაციონალური გუნდი იყო, რომლის ასპარეზობის უშუალო მომსწრე შევიქენი”, - იხსენებს სერ ალექსი.
როდესაც 1968 წელს “მანჩესტერ იუნაიტედმა” თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა თასი, ფერგიუსონი “რეინჯერსის” ღირსებას (ამ გუნდში იგი 1967-69 წლებში ფორვარდობდა) იცავდა, გადამწყვეტ მატჩში კი “ოლდ ტრაფორდელებს” ქომაგობდა. გასაკვირიც არაფერია – მანჩესტერელებს ხომ სათავეში ლეგენდარული შოტლანდიელი დამრიგებელი მეტ ბასბი ედგა სათავეში. “ბასბიმ საზარელი მიუნხენური კატასტროფის შემდეგ გუნდის ხელახლა ჩამოყალიბება მოახერხა და ტრაგედიიდან 10 წლის თავზე თვალსაჩინო წარმატებასაც მიაღწია. სერ მეტმა უდიდესი სიამოვნება და სიხარული მიჰგვარა მანჩესტერელ ქომაგებს, ამასთან თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა “იუნაიტედი” და კლუბის შემდგომ ტრიუმფებს ჩაუყარა საფუძველი”, - ფერგიუსონი მისი გუნდის წარმატებების ერთ-ერთ შემოქმედად ბასბისაც თვლის.
1983 წელს ალექს ფერგიუსონის “აბერდინმა” სენსაციური შედეგი აჩვენა, როდესაც გეტებორგის “ულევის” სტადიონზე შოტლანდიელი მწვრთნელის ერთ-ერთი საყვარელი გუნდი, მადრიდის “რეალი” თასების თასის ფინალში 2:1 დაამარცხა. სერ ალექსის მტკიცებით, კასტილიური გრანდის ძლევა ხასიათის სიმტკიცითა და ბრძოლის დაუოკებელი ჟინით მოხერხდა. 1999 წლის ფერგის “წითელმა ეშმაკუნებმა” ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი დაპირისპირებისას, დრამატულ მატჩში მიუნხენის “ბაიერნს” მოუგო და როდესაც ვნებათაღელვა ოდნავ ჩაცხრა, სერ ალექსმა გამარჯვების ფორმულად კვლავ იგივე სიტყვები გაიმეორა, რომლებითაც, მისი ღრმა რწმენით, აბერდინელებმა საევროთასო ტრიუმფს მიაღწიეს.
“ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარი გამოცდილება დავაგროვეთ, რაც ევროთასების მატჩებში შეუფასებლად დიდ დახმარებას გვიწევს. გასვლით მატჩებში თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ, ბურთსაც უფრო მეტხანს ვაკონტროლებთ და მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. ეს უკანასკნელი თვისება უმნიშვნელოვანესია. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგე თავისებურ სტილში ასპარეზობს და უკვე მინდორზე გასულებს გვიწევს შესფერისად გადაწყობა. “ბარსელონასთან” ფინალის წაგების შემდეგ გუნდის გადასხვაფერება დავიწყე. ძალიან მინდა, კიდევ ერთხელ, მესამედ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ჩემი ცხოვრების და სამწვრთნელო მუშოაბის უმთავრესი ამოცანაა. ბობ პეისლის რეკორდი უნდა მოვხსნა. მას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ვთვლი. პეისლი ცოტას საუბრობდა, მაგრამ ძალიან ბევრი იცოდა. “რეალმა” ჩემპიონთა თასი (ლიგა) 9-ჯერ მოიგო, “მილანმა” 7-ჯერ, “ლივერპულმა” 5-ჯერ, “აიაქსმა” და “ბაიერნმა” ოთხჯერ – “მანჩესტერ იუნაიტედი” ვალდებულია, მათ არ ჩამორჩეს. საამისოდ არაფერს დავიშურებთ”, - 69 წლის სერ ალექს ფერგიუსონი კვალავინდებურად სამომავლო წარმატებებზეა ორიენტირებული.

გოჩა კაჭარავა





 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086212