ქართველმა გულშემატკივრებმა ევროპელი დიასახლისების საყვარელი სერიალის – “ფეხბურთელების ცოლების” მხოლოდ ერთ – პირველ სერიას უყურეს და რაკი ნახეს, რომ იმ “საპნის ოპერაში” ყველაფერი იყო ფეხბურთის გარდა, ისე კოხტად მიივიწყეს, როგორც სხვა სერიალები, სადაც ალბერტოს ცოლი - კლაუდია, ცოლიც არის, ბიძაშვილიც და თუ საქმე-საქმეზე მიდგება, მამიდაშვილის მულობასაც გასწევს. მაგრამ ამის მიუხედავად, “ფეხბურთელების ცოლები” დიასახლისებში მაინც უზომოდ პოპულარული სერიალი გახლდათ და დიდის მონდომებით უცქერდნენ, მავანი ლათინოსი, მკერდგანიერი ქალბატონი როგორ უმშრალებდა ხვითქსა და ოფლს თავის ფეხბურთელ ქმარს, რომელიც ერთ სერიაში მეკარე იყო, მეორეში კი რატომღაც ჰეთ-თრიქის შემსრულებელ სუპერვარსკვლავად გვევლინებოდა.
ფეხბურთი კარგა ხანია გასცდა მინდორზე ერთმანეთს დატაკებული 22 კაცის ამბავს და ერთგვარ ჰოლივუდ-ბოლივუდურ ფენომენად ჩამოყალიბდა. უამრავ ადამიანს ნახავთ, რომელსაც თვალმოკვრითაც კი არ უნახავს მოედანზე კაკას ჩაუქობა, მაგრამ თავისუფლად მოგიყვებათ კაკას საყვარლებისა და ცოლის ამბებს. დაგიხასიათებთ მისი ცოლ-საყვარლების გარეგნულ მხარეებს და შესაძლოა ისიც კი გითხრათ, ეს კეკლუცი მანდილოსნები თმის შესაღებად რომელ ხსნარს ხმარობენ.
ყვითელ ჟურნალებს რაღაში სჭირდებათ ფეხბურთელთან ინტერვიუები, როდესაც მათი ცოლები ბევრად უფრო კარგი და მათთვის საჭირო რესპოდენტები არიან?.. კონსერვატორ პიტერ ჩეხს მისი საყვარელი საცვლების ფერზე რაიმე რომ ჰკითხოთ, შეიძლება ერთი აყალმაყალი ასტეხოს და მის ცხოვრებაში ცხვირისა თუ კალმის ჩამყოფი ჟურნალისტის გაპანღურებაც იკისროს, მაგრამ სხვა საქმეა მისი ცოლი, რომელმაც არამხოლოდ საცვლების ფერთა ჰარმონიაზე, მისი და მისი ქმარის მთრთოლვარე ღამეებზეც კი უპრობლემოდ შეიძლება ისაუბროს და სულაც არ ანაღვლებდეს ის, რომ ამის გამო შესაძლებელია საკუთარმა ქმარმა ვეფხვისებური ნახტომებით გაასილაქოს.. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კაცს, რომელსაც მოედანზე გუნდის კარის დაცვას ანდობენ, ვერაფერი მოუხერხებია საკუთარი ცოლისათვის, რომლის ტაბლოიდებისაგან დაცვა, ხანდახან კრაუჩის დარტყმული ბურთის აღებაზე ძნელია.
ფეხბურთელების ცოლები პოპულარობით და ცნობადობით არანაირად არ ჩამოუვარდებიან ცნობილი პოლიტიკოსების ცოლებს, მაგრამ მათ შორის მაინც ძალიან დიდი და თვალშისაცემი განსხვავებაა. პოლიტიკოსის ცოლი იძულებულია სახალხოდ მხოლოდ ის ილაპარაკოს, რაზეც ქმართან წინასწარ არის შეთანხმებული, რადგან ყოველი ზედმეტი ნათქვამი შესაძლოა მისი ქმრის პოლიტიკური კარიერისათვის დამღუპველი გამოდგენს. ცნობილი ფეხბურთელების ასევე ცნობილი ცოლები კი სკანდალებს ხშირ შემთხვევაში თავად იგონებენ და თუკი კრისტიან ვიერის ერთ-ერთ ნაცოლარს დავერწმუნებით: “პოდიუმზე კარგად გავლით ან გარეგნული სილამაზით ვერასოდეს მოიპოვებ ისეთ პოპულარობას, როგორიც შესაძლოა მოიპოვო მხოლოდ იმით, რომ პლაჟზე ვიერისთან ერთად გაირუჯო”.
საქმე ისაა, რომ ფეხბურთელების ცოლები პოპულარობას მხოლოდ ფეხბურთელების ცოლის იმიჯით არ აღწევენ. ეს ქალები არიან ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სილამაზით თუ ჯადო-თილისმებით მოახერხეს და ამა თუ იმ ფეხბურთელზე ათასობით შეყვარებული გოგონადან მხოლოდ მათ იფსკვნეს ჯვარი, რაც თავშივე სკანდალის შემცველია, თუმცა განა ყოველთვის ცოლები იყვნენ მოწადინებულნი ჯვარ-გვირგვინის დასადგმელად. განა დიეგო მარადონა არ იყო, თავის მომავალ ცოლს ლამის მუხლისჩოქვით რომ ეაჯებოდა: “არრა ყოფილიყო განდგომა ესე, იგისა დიაცისა”. სხვაც ბევრი შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც ფეხბურთელთა პოპულარობა ზოგიერთ ქალს არად უღირდა და მხოლოდ ფეხბურთელთა თხოვნა-მუდარის შემდეგ არჩიეს მათი თავი მავან მეფუნთუშე დეივიდსა და შემდუღებელ კარლს.
ამასწინათ, სადღაც წავიკითხე, ცოლების ყველაზე ერთგულები აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელები არიანო. მათ შორის ალბათ ქართველი ფეხბურეთელებიც მოიაზრებენ. თუ ეს სტატისტიკა ნამდვილია, დასდგომია საშველი ჩვენს ფეხბურთს და ეგ არის. აბა, მუდამჟამს დამარცხებული და ამასთან ერთად ცოლის მოღალატე კაცი სახლში როგორი ასატანი იქნება ხომ წარმოგიდგენიათ...
ლევან სეფისკვერაძე









