გულშემატკივრის სვეტი

12:25 | 10.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი რომ არა...

ალბათ, საინტერესოა, რა ხალხი იქნებოდნენ ცნობილი მწვრთნელები, მსაჯები და ფეხბურთელები, თავის დროზე, ფეხბურთის ნაცვლად, სხვა ხელობისთვის რომ მოეკიდებინათ ხელი. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ფეხბურთში მათი საქმეეები ისე რომ არ წასულიყო, როგორც წავიდა...
გასაგები მიზეზების გამო ყველასთვის ცნობილი თურქი მსაჯი ჯიუნეით ჩაქირი, ალბათ, თურქული არმიის უერთგულესი ასკერი გახდებოდა. შეუძლებელია ამაზე უკეთესი ხელობა აერჩია ასეთ სწორხაზოვან და თავისნათქვამა ადამიანს.
ანდრეა პირლო და ანდრეს ინიესტა ფეხბურთელები რომ არ გამხდარიყვნენ, ალბათ, მეღვინეები იქნებოდნენ, რაც პრინციპში ისედაც არიან. ანდრეს ინიესტას კატალონიაში, პირლოს კი ტოსკანასა და პიემონტში ისეთი მშვენიერი ვენახები აქვთ, მოყვარეს გულს რომ გაუხარებს და მტერს ნერვებს მოუშლის. მათი ღვინოები ევროპის ღვინის ბაზარზეეცაა გამოტანილი და კლიენტურაც არ აკლიათ.
უეინ რუნი ფეხბურთელი რომ არ გამხდარიყო, სხვა რომელიმე სპორტის სახეობაში აუცილებლად გააგრძელებდა მოღვაწეობას. წარმოუდგენელია რუნი, რომელიც ენერგიას მინდორზე ვერ დახარჯავს და ამ ენერგიას სხვა საქმეს მოახმარს. შეიძლება თქვათ, ეს ”სხვა საქმეც“ არ არის უმნიშვნელო რამეო, მაგრამ, როგორც რუნი ამბობს, ”იმ სხვა საქმესაც“ მშვენივრად აკეთებს და რომ არა მწვანე მინდორი, ენერგიამოზღვავებული რუნის ატანას მისი ცოლი კი არა, ალბათ, სრულიად დიდი ბრიტანეთიც კი ვერ შეძლებდა.
ლეო მესი ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიის თანამშრომელი იქნებოდა. ძნელად თუ ნახავთ ფეხურთელს, რომელსაც კანფეტები ასე უყვარდეს. ფაქტობრივად, ერთ ინტერვიუსაც ვერ ნახავთ, სადაც ლეო მესი თავის ტკბილისმოყვარეობაზე არ საუბრობდეს და ამას ისეთი ნეტარებითა და თრთოლვით ამბობს, რომ აშკარაა, ავბედითი კარიესი მის კბილებს კარგა ხანია ებრძვის და ემტერება.
მარიო ბალოტელი ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, ვინ შეიძლება ყოფილიყო, თუ არა რესტორნისა და სასტუმროს მცველი, რომლის მოვალეობაც, შემთვრალ-გათავხედებული კლენტების დაწესებულებიდან გაპანღურებაა. წარმოიდგინეთ, გიჟმაჟი მარიო როგორ მიათრევს რესტორნის კარისკენ ორ ჩხუბისთავს, რომლებმაც დანახარჯის გადახდაზე უარი თქვეს და საქმეში შავტუხა აფროიტალიელის ჩართვა გახდა საჭირო...
ალექს ფერგიუსონს მწვრთნელობა რომ არ აერჩია სპეციალობად, მისგან უცნაური სკოლის მასწავლებელი დადგებოდა. კარგი სანახავი იქნებოდა, მობერებული ”ფერგი მასწი“ როგორ ატარებს სკოლაში ისტორიის გაკვეთილს და თავწითელა ინგლისელ ბავშვებს ადმირალ ნელსონის დიდ გამარჯვებებზე ესაუბრება. სერ ალექსის ხასაითის ამბავი რომ ვიცით, ალბათ, არც გათამამებული ბავშვების დასჯას მოერიდებოდა და ამის გამო, ბავშვების მშობლებთან მუდმივი კონფლიქტისთვისაც შეიძლება ”გამოეკრა ხელი.“
კრიშიანუ რონალდუ, ალბათ, მსახიობი გახდებოდა, რომლის დანახვაზეც, პორტუგალიელი გოგონები დიდ ჟივილ-ხივილს ასტეხდნენ (პრინციპში, ეს ახლაც ხდება) და მისი შესრულებული როლებიდან, სასიყვარულო სცენები ყველაზე პოპულარული იქნებოდა. “ო, როგორ გეტრფი ჩემო ღვთაებავ!“ – ეტყოდა რონალდუ ფილმში თავის პარტნიორ ქალს და თვალებს მრავლისმეტყველად ააფახულებდა...
ბასტიან შვაინშტაიგერი გერმანული ლუდხანის მეპატრონე იქნებოდა და ახალ საფირმო ლუდს: “ბასტის“ შექმნიდა, რომელსაც მიუნჰენის ცნობილ ლუდის ფესტივალზე – ოქტობერფერსტზე - შეკრებილი ლუდის მოყვარულები ყელში დიდის ნეტარებით ჩაარახრახებდნენ და შვაინშტაიგერის შემოსავალიც, წლიდან-წლამდე გაიზრდებოდა.
ფრანჩესკო ტოტი, ალბათ, ერთადერთი ადამიანია, რომლის წარმოდგენა სხვა ამპლუაში, ძალიან ძნელია. ტოტი მეცნიერი, ტოტი მფრინავი, ტოტი ექიმი, ტოტი მასწავლებელი, ტოტი ბარმენი – ამ ხელობებს ფრანჩესკო ისევე ვერაფერს გაუგებდა, როგორც კატა არითმეტიკას. კიდევ კარგი, ფრანჩესკო ფეხბურთელი გახდა, თორემ ღმერთმა იცის, ასეთი ხელთუპყარი კაცი რა ამბებს დაატრიალებდა აქამდე...



სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091926