ნიჭიერი ადამიანი საკუთარ ტალანტს სხვადასხვა სფეროში წარმოაჩენს ხოლმე. ამის ნათელი დადასტურება ბრაზილიელი ფეხბურთელი სოკრატესია, რომელმაც ჯერ კიდევ მოთამაშეობისას ექიმი-პედიატრის ცენზი მიიღო, სამოთამაშეო კარიერის დასრულების შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორიც გახდა. გუშინ სოკრატესის გარდაცვალების თაობაზე ცნობა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, რამაც გული დიდად დასწყვიტა ფეხბურთის ქომაგებს და არა მარტო მათ...
სოკრატეს ბრაზილეირო სამპაიო დე სოუზა ვიეირა და ოლივეირა ანუ უბრალოდ სოკრატესი ბრაზილიური ფეხბურთის გამორჩეული ფიგურაა. იგი ლათინური ამერიკის ყველაზე დიდი ქვეყნის მოთამაშეებში, რომელთაც ბურთის დამორჩილება გენეტიკურად მოსდგამთ, ინტელექტით გამოირჩეოდა. ამასთან, სოკრატესი არც ერთ თანამემამულეზე ნაკლებად ტექნიკური ფეხბურთელი არ გახლდათ. პირიქით, გულშემატკივრები დღემდე აღტაცებით იხსენებენ სოკრატესის ფანტასტიკურ თამაშს, მოქნილ, უაღრესად ჭკვიანურ ასპარეზობას და სამბას მოცეკვავეს ადარებენ, ამასთან, იმასაც საგანგებოდ უსვამენ ხაზს, რომ სოკრატესი საფეხბურთო მინდორზე მხოლოდ ფეხებს კი არა, უპირველესად “ტვინს ამოძრავებდა”.
სოკრატესის მამა რაიმონდო ძველბერძნული ფილოსოფიით იყო გატაცებული და თავის სამ ვაჟს სოკრატე, სოსტენე და სოფოკლე დაარქვა. ამ მხრივ უფრო მეტად “გაუღიმა ბედმა” მეოთხე შვილს, რომელსაც მამის სახელის შემოკლებული ვარიანტი რაი ერგო. მოგვიანებით სწორედ ამ სახელით გაიცნო საფეხბურთო სამყარომ სოკრატესის უმცროსი ძმა. სოკრატესს კი ადრეული ასაკიდან უხდებოდა იმის მტკიცება, ბერძენი რომ არ იყო, ამიტომაც წმინდა ბრაზილიური წარმოშობის დასამტკიცებლად მშობლებმა მის გრძელ სახელს “ბრაზილიეროც” მიამატეს.
რაიმონდო ფედერალურ საგადასახდო სამსახურში აგენტად მუშაობდა, მისი ჰობი კი ბიბლიოფილობა გახლდათ. უფროს ვაჟიშვილში მან საკუთარი საქმის გამგრძელებელი ამოიცნო და ჯერ კიდევ პატარაობისას სოკრატესი პლატონის, კანტის, ფრეიდის, მაკიაველის, რუსოსა და სხვა ფილოსოფოსების ნაშრომებს აზიარა. თავდაპირველად ოჯახი პარას შტატ ბელემში ცხოვრობდა, როდესაც მომავალი საფეხბურთო ვარსკვლავი ექვსი წლისა შეიქნა, სეუ რაიმონდო სამუშაოდ სან პაულოს შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ რიბეირაო-პრეტოში გადაიყვანეს. ყავის დედაქალაქად ცნობილ დასახლებულ პუნქტში იმხანად 100 ათასი ადამიანი სახლობდა, მოგვიანებით კი სოკრატესი იტყვის, რომ დიდად კმაყოფილი დარჩა, განგებამ რიბეირაო-პრეტოში რომ ცხოვრება რომ არგუნა და არა სან პაულოში. მას ხომ ბავშვობიდანვე არ უყვარდა დიდი ქალაქების პირქუში, მხოლოდ საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობაზე მზრუნველი მოსახლეობა. რიბეირაო-პრეტოში კი სოკრატესს უბრალო ადამიანებთან ურთიერთობისა და ბუნებასთან გაშინაურების საშუალება მიეცა. თანაც, დამწყებ ფეხბურთელს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეეძლო სახელდახელოდ მოწყობილ მინდორზე ბურთის დევნა. ამ მხრივ სან-პაულოში შეზღუდული ვიქნებოდიო, იტყვის მოგვიანებით ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი.
სოკრატესის პირველი გუნდი “რანო დე ოურო” იყო. “საფეხბურთო მინდვრის გვერდით ვიდექი. ამ დროს რომელიღაც გუნდის მოთამაშეები ვარჯიშობდნენ. არც მწვრთნელის სახელი ვიცოდი, თუმცა, არ მომრიდებია და მას საკუთარ ფეხბურთელებთან ერთად წვრთნის უფლება ვთხოვე. დამრიგებელმა მკითხა, რომელ პოზიციაზე მსურდა თამაში. ვუპასუხე, ნახევარმცველი ვარ-თქო, თუმცა, იმ მომენტისთვის გუნდს მარჯვენაფლანგელი ფორვარდი აკლდა და მწვრთნელმაც ამ პოზიციაზე გამოსვლა შემომთავაზა. მხოლოდ 11 წლისა გახლდით, უფროსებთან ერთად სათამაშოდ არც ფიზიკურად ვიყავი მზად და ბუცები რაა, ისიც კი არ მქონდა, მაგრამ მწვრთნელი მენდო და ჩემს საფეხბურთო თავგადასავალსაც სათავე დაუდო. ორი დღის შემდეგ საკლუბო ფორმა გადმომცეს. როდესაც “რანო დე ოუროს” ოქროსფერიანი ზოლებით გაწყობილი ქათქათა თეთრი მაისურა მოვიზომე, ვერ წარმომედგინა, დედამიწის ზურგზე ჩემზე ბედნიერი ადამიანი თუ დაიარებოდა. არც ის ამბავი მაწუხებდა, თავდაპირველად სათადარიგოთა შორის რომ გამამწესეს. დროდადრო ფიზიკურად ძლიერი შავკანიანი ფორვარდის ნიგრას (მისი ნამდვილი სახელი მირანდაა და იგი დღემდე “რეკრეატივაში” მასაჟისტად მუშაობს) ნაცვლად რომ მიხდებოდა თამაში”, - ასე იხსენებდა თავის პირველ საფეხბურთო ნაბიჯს იმხანად მომავალი, ამჟამად კი ყოფილი ვარსკვლავი.
მალე სოკრატესმა სწავლის გაგრძელება კოლეჯში განაგრძო და ამ სასწავლებლის საფეხბურთო გუნდს “კოლეჟიო მარესტაში” ჩაირიცხა. ადრეული ასაკიდან იგი გაორებული გახლდათ. ყოველთვის ოცნებობდა საფეხბურთო კარიერაზე, თუმცა, ექიმობაც გულით ეწადა (ფეხბურთელობაზე მეტად თუ არა, არანაკლებად) და როდესაც 16 წლისა შეიქნა სამედიცინო ფაკულტეტის მოსამზადებელ კურსებზე იწყო სიარული. ამასობაში “კოლეჟიო მარესტას” დამრიგებელი “ბოტაფოგოში” ახალგაზრდული შემადგენლობის მწვრთნელად გადაიყვანეს და მანაც ახალ სამუშაო ადგილას თავისი 4 აღსაზრდელი წაიყვანა. მათ შორის სოკრატესიც იყო. დამწყები ფეხბურთელი ბავშვობიდან ორ გუნდს, გარინჩას “ბოტაფოგოსა” და პელეს “სანტოსს” ქომაგობდა და ხომ წარმოგიდგენიათ რა გრძნობა დაეუფლებოდა სოკრატესს, როდესაც “ბოტაფოგოში”, თუნდაც რიბეირაო-პრეტოულში რომ ჩარიცხეს. სიმბოლურია, რომ ეს ამბავი დროში სელესაოს მიერ 1970 წელს მექსიკაში ბრწყინვალედ მოგებულ მუნდიალს დაემთხვა.
“ბოტაფოგოს” სტადიონ “სანტა კრუსზე” სოკრატესს პირველი ძველი ნაცნობი მირანდა შეხვდა. იგი “ფოგოში” მარჯვენა გარემარბად თამაშობდა, თუმცა, ამჯერად დასტაქრობაზე მეოცნებე ფეხბურთელს მისი დუბლიორობა აღარ მოუწევდა - სოკრატესს უკვე ადგილი ნახევარდაცვის შუაგულში მიუჩინეს. იგი სწავლას დიდ დროს უთმობდა, ამიტომაც კვირაში ორჯერ ვარჯიშზე მისვლაც კი თინეიჯერი მოთამაშისთვის პრობლემატური გახდა. იმხანად 188 სმ სიმაღლის (მოგვიანებით სოკრატესს კიდევ 5 სანტიმეტრი “დაემატა”) ფეხბურთელი მხოლოდ 70 კილოს იწონიდა და ფიზიკურად სუსტი ჭაბუკისგან მაღალი კლასის მოთამაშე რომ დადგებოდა, გულშემატკივართა სოლიდურ ნაწილს ნაკლებად სჯეროდა.
როდესაც “ბოტაფოგოსთან” პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმების დრო დადგა, სოკრატესის კატეგორიული მოთხოვნით, ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტი შეიტანეს. ამ პარაგრაფში კი ხაზგასმით იყო აღნიშნული, კლუბი ფეხბურთელს საუნივერსიტეტო განათლების მიღებაში ხელს რომ არ შეუშლიდა. სამედიცინო საქმეს სოკრატესი 24 წლამდე მთელი სერიოზულობით ეუფლებოდა, ამიტომაც ამ ასაკამდე იგი “ორად გახლეჩილი” გახლდათ - ფეხბურთსაც და უნივერსიტეტში სწავლასაც დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა. 1977 წელს სოკრატესმა ექიმი-პედიატრის დიპლომი მიიღო და ურთულესი გადაწყვეტილების მიღების წინაშე დადგა. საქმე ისაა, რომ მას კონტრაქტზე ხელმოწერა “კორინთიანსმა” შესთავაზა, ეს გუნდი კი იმ “სანტოსის” დაუძინებელი მტერია, რომელზეც სოკრატესს ბავშვობიდან აბოდებდა. ახლადგამომცხვარი დასტაქარი ცოტა ხანს კი ყოყმანებდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება საფეხბურთო კარიერის სასარგებლოდ მიიღო და პაულისტას შტატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ჩაირიცხა.
“კორინთიანსის” იმდროინდელ პრეზიდენტს ვისენტე მათეუსს ვერ წარმოედგინა, იგი არა მხოლოდ ფეხბურთელ-მედისკოსთან აფორმებდა ხელშეკრულებას, არამედ გუნდში რევოლუციონერი მოთამაშეც რომ აჰყავდა. მრავალმხრივ ერუდირებულმა და ცნობისმოყვარე სოკრატესმა კლუბის გადაკეთება დაისახა მიზნად. იგი პარტნიორებში განუზომლად დიდი ავტორტეტით სარგებლობდა, რისი წყალობითაც თანაგუნდელები აიყოლია და “კორინთიანსის” ხელმძღვანელებსაც მოთამაშეთა მძიმე ხვედრის შესამსუბუქებლად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა აიძულა. სოკრატესმა ინფლაციის გათვალისწინებით ფეხბურთელთათვის ჯამაგირის ინდექსაცია მოითხოვა და საწადელსაც მიაღწია. მისივე წინადადებით გუნდის მწვრთნელი მოთამაშეებს უნდა აერჩიათ. ამავე დროს, სოკრატესს საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაც არ “ავიწყდებოდა”. მისი ხელფასის ყოველთვიური ოდენობა 20 ათას დოლარს უტოლდებოდა, რითაც ესკულაპის საქმის გამგრძელებელი ბრაზილიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახლდათ. ვარსკვლავთა სოლიდური ნაწილი იმხანად სარეკლამო შემოსავლებზე ნაკლებად ზრუნავდა და ფიქრობდა, სოკრატესმა კი დროს ამ ასპექტითაც “გაასწრო” და სასპორტო საქონლის რეკლამით სოლიდურ დამატებით თანხასაც ისვამდა საკუთარ საბანკო ანგარიშზე. იმდროინდელი ბრაზილიის პრესის ფურცლებზე ასეთი ტერმინიც კი გაჩნდა “კორინთიანსის” დემოკრატია”. მართლაც, იმდროინდელი “კორინჟაო” ჰარმონიულად ცხოვრობდა, შრომობდა და თამაშობდა. გუნდის ნებისმიერ წევრს თანაბარი უფლება-მოვალეობები ჰქონდა. არავინ აქცევდა ყურადღებას ცალკეული მოთამაშის განათლებულობის ცენზს, კანის ფერსა თუ პოლიტიკურ “პლატფორმას”. საკუთარი აზრის გამოთქმა ყველას თავისუფლად, პირუთვნელად შეეძლო. ნებისმიერ თვალსაზრისს არსებობის უფლება გააჩნდა. მას კოლექტივში განიხილავდნენ, თუმცა, ამა თუ იმ მიდგომის გამო ფეხბურთელს არავინ გაკიცხავდა. ასე მოხდა მეკარე ლეაოს შემთხვევაშიც. როდესაც ბრაზილიის ნაკრების გოლკიპერმა (მოგვიანებით იგი სელესაოსაც ედგა სათავეში) “პალმეირასში” დაბრუნება მოიწადინა, წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ისე კი, ამ ამბავმა სოკრატესი გაახარა კიდეც, რადგანაც მისი აზრით, ლეაო დემოკრატიულ პრინციპებს ნაკლებად იზიარებდა და გუნდის ფუნქციონირებაშიც დისონანსი შეჰქონდა. “ემერსონ ლეაო ძველმოდური საფეხურთო სკოლის მიმდევარია. იგი ყოველთვის მხარს უჭერდა წინასამატჩო შეკრებებს. მოთამაშეების გარე სამყაროდან მოწყვეტა და იზოლაციაში ყოფნა არასასურველია, განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებისათვის, რომლებიც ოჯახს არიან მოკიდებულნი”, - ასეთ კომენტარს გააკეთებს სოკრატესი ლეაოს “კორინთიანსიდან” წავლისთანავე.
სოკრატესის მოთამაშეობისას ბრაზილია დიქტატორული მეთოდებით იმართებოდა, ექიმი-ფეხბურთელი კი რადიკალური მემარცხენე პოლიტიკურ იდეებს უჭერდა მხარს. ერნესტო ჩე გევარას რომ მიმსგავსებოდა, სოკრატესმა თმა და წვერი მოუშვა და აცხადებდა, სოციალური პრობლემების გადაჭრა ძალისმიერი მეთოდით აუცილებელი რომც გახდეს, იარაღის ასხმასაც არ მოვერიდებიო. ამ რადიკალური ზომის მიღებამდე კი იგი მშვიდობიანად იბრძოდა. 1984 წლის 16 აპრილს სოკრატესი ორმილიონიან მიტინგზე გამოვიდა და საკუთარი მგზნებარე სიტყვით ბრაზილიაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
იმ პერიოდში “ინტერმა” კარლ-ჰაინც რუმენიგე შეიძინა და მილანელებს დიდი სურვილი ჰქონდათ გერმანელის გვერდიგვერდ შავ-ლურჯი მაისურათი სოკრატესსაც ეთამაშა, მაგრამ მემარცხენე იდეების მოტრფიალე ექიმ-ფეხბურთელმა სამშობლოში დარჩენა ამჯობინა - ბრაზილიაში მყოფი დიქტატურის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ვიბრძოლებო. სენატში უნდა გადაწყვეტილიყო, გაიმართებოდა თუ არ ქვეყანაში დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები და სანამ კანონმდებლები პროექტს მხარს არ დაუჭერენ, ბრაზილიას არ დავტოვებო, ამბობდა სოკრატესი. სამწუხაროდ, სენატმა დემოკრატიულ რეფორმას მხარი არ დაუჭირა და განაწყენებულმა ფეხბურთელმაც აპენინის ნახევარკუნძულს მიაშურა. იგი ფლორენციის “ფიორენტინას” წევრი გახდა. ამ გარიგების სანაცვლოდ “კორინთიანსმა” სამნახევარმილიონი დოლარი მიიღო, სოკრატესი კი გუნდს ამაღლებულ ნოტაზე დაემშვიდობა – “ვასკო და გამას” წინააღმდეგ მან ბრწყინვალედ ითამაშა, ისეთ პასებსა და ფინტებს აკეთებდა, მაყურებელი მატჩისთვის განკუთვნილი 90 წუთის განმავლობაში სკამს “მოწყვიტა” და მსაჯის საფინალო ნიშნის შემდეგ მადლიერ ქომაგსაც ოვაცია არ დაუშურებია. თამაში კი “კორინთიანსმა” 3:0 მოიგო.
საკუთარი უფლების დაცვა სოკრატესს არც ფლორენციაში დავიწყნია. იტალიაში მშვენივრად იცოდნენ ბრაზილიელის ხასიათი და მოთხოვნები, ამიტომაც იმ დროისთვის მაღალი ანაზღაურება, წლიური 825 ათასი დოლარი შესთავაზეს და კონტრაქტში ნახევარმცველისთვის სარფიანი პუნქტებიც შეიტანეს. ერთ-ერთი თანახმად, სოკრატესის შვილების სწავლა-განათლების საფასური “ფიორენტინას” საკლუბო ხაზინადან უნდა აენაზღაურებინა.
ფლორენციაში სოკრატესს გაუჭირდა. პოლიტიკაში “გადავარდნის” გამო იგი 2 თვის განმავლობაში არ ვარჯიშობდა და შემდგომში სათანადო ფორმის აკრება გაუჭირდა. იტალიაში მას თარჯიმანი გამოუყვეს, რომელიც სოკრატესის ჭკვიანურ გამონათქვამებს ვერ იგებდა. ფეხბურთელს გული ავტოგრაფებზე მონადირე ადამიანებმაც გაუწყალეს, ხოლო, თუკი მეუღლე რეჟინასთან (მათემატიკის პედაგოგი) ერთად თეატრში წასვლის დროს გამოძებნიდა, “ტიფოზების” მხრიდან გამოჩენილი მოჭარბებული ყურადღების გამო, საღამო ჩაუმწარდებოდა ხოლმე. სოკრატესმა ვერც იტალიელთა ჩვევები და მენტალიტეტი გაითავისა. “ფიორენტინაც” სუსტად ასპარეზობდა. უეფას თასის 1984-85 წლების გათამაშების მეორე წრეში ფლორენციელები ბრიუსელის “ანდერლეხტს” შეხვდნენ. საკუთარ მინდორზე 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ განმეორებით მატჩში “ფიორე” 2:6 შერცხვა, რამაც ფლორენციელ გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია. “სეზონის მიწურულს სატურნირო თვალსაზრისით არაფრის მომცემი შეხვედრა უნდა ჩაგვეტარებინა. გასახდელში ბიჭების საუბარს მოვკარი ყური, დღეს ფრეზე თამაში გვმართებსო. აღშფოთება ვერ დავმალე და პარტნიორებს ვუყვირე, მოგებაზე თამაშს რომ ვაპირებდი. მინდორზე კი ენით აუწერელი უსინდისობა ხდებოდა. მოთამაშეები მხოლოდ ბრძოლის ილუზიას ქმნიდნენ, პირველი ტაიმის მსვლელობისას კი ჩემთვის ბურთი არც ერთხელ არ მოუწოდებიათ. ხოლო თუკი ბურთს შემთხვევით მოვიგდებდი, ახლოს მყოფი მოწინააღმდეგე უმოწყალოდ მისწორდებოდა. მეორე ტაიმში მინდორში გასვლა ვიუარე, შესვენებისას ბარგი შევკარი და სახლში წავედი. არ მსურდა ამ საზიზღრობაში მონაწილეობის მიღება. მატჩი კი, რასაკვირველია, 0:0 დასრულდა”, - ასე დაემშვიდობა სოკრატესი იტალიას.
ერთწლიანი გაყრის შემდეგ სოკრატესმა კვლავ დადგა ფეხი მშობლიურ მიწაზე. ბრაზილიაშიც სულ სხვა პოლიტიკური კლიმატი დახვდა – როგორც იქნა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. სამწუხარო კი ის იყო, დემოკრატიული გზით არჩეული ქვეყნის მმართველი ტანკრედო არჩევნების გასვლიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა.
სოკრატესი გარინჩას კიდევ ერთ ყოფილ კლუბში “ფლამენგოში” ჩაირიცხა, თუმცა, თავის გამოჩენის საშუალება ნაკლებად ეძლეოდა. შუახაზელს ზურგის ტრავმა აწვალებდა. მექსიკის 1986 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ სოკრატესმა ოფიციალურად განაცხადა ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე, თუმცა, წლინახევრის შემდეგ ბავშვობისდროინდელი ოცნება აუხდა – “სანტოსის” მაისურა მოიზომა. პელეს ყოფილ გუნდში დებიუტი ურუგვაული “სეროს” წინააღმდეგ თამაშისას ჰქონდა. თუმცა, ვეტერანის ფეხბურთში დაბრუნება ხანმოკლე აღმოჩნდა და მხოლოდ რამდენიმე შეხვედრით შემოიფარგლა.
სოკრატესს 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი ჰქონდა. იგი 40 კაციან განაცხადში შეიყვანეს, თუმცა, სელესაოს მაშინდელმა დამრიგებელმა კლაუდიო კუტინიომ არგენტინაში მაინც არ იახლა. სამაგიეროდ, სოკრატესს დიდ პატივს “მაესტროდ” წოდებული ტელე სანტანა სცემდა და ესპანეთის სტადიონებზე ჩატარებულ მუნდიალზე მას კაპიტნის სამკვლავურიც ჩააბარა. ზიკოს, ფალკაოს, სოკრატესის სელესაომაც პირენეს ნახევარკუნძულზე შთამბეჭდავად იასპარეზა და მიუხედავად იმისა, ჩემპიონი რომ ვერ გახდა, ბრაზილიელთა იმ ფორმაციის ნაკრებს დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად თვლიან. ამაში კი ლომის წილი კაპიტანს მიუძღვის. სოკრატესმა მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ბრაზილიელთათვის ტურნირის სასტარტო და ბოლო მატჩებში კი ლამაზი გოლები გაუტანა რინატ დასაევსა და დინო ძოფს.
1986 წელს კი ტელე სანტანამ სოკრატესი მსოფლიო ფეხბურთის მორიგ ფორუმზე “ძველი დამსახურების” გამო წაიყვანა. სან პაულოში გამომავალი გაზეთები ერთხმად წერდნენ, სოკრატესი ესპანეთში დასასვენებლად და ლუდის დასალევად გაემგზავრაო. ეს ასე ნაღდად არ იყო, თუმცა, ისიცაა, “მესტრე” წვრთნისას “აკადემიკოსს” შედარებით ნაკლებად ტვირთავდა და სოკრატესის ზოგიერთ გამონათქვამსა თუ საქციელზე თვალს ხუჭავდა. “ფეხბურთელობისას ორ რამეს მაბრალებდნენ – ვარჯიშებისთვის საჭიროზე ნაკლები დროის დათმობას და სიგარეტის მოწევას. მეორე ბრალდება ყოვლად უსაფუძვლო და მოგონილია. აი, პირველი კი, სამწუხაროდ, სიმართლესთან ახლოსაა. ამით ხშირად ბოროტად სარგებლოდნენ საფეხბურთო ფუნქციონერები, რომლებიც ვერასდიდებით ვერ ეგუებოდნენ ტოპ-ვარსკვლავის სამედიცინო განათლების მიღების დაუოკებელ სურვილს, ფეხბურთიდან თავისუფალი დროის მთლიანად კლინიკაში გატარებასა და ინტელექტუალური წიგნების კითხვას”, - ამბობდა სოკრატესი.
ფეხბურთიდან მისი წასვლა კი საბოლოოდ მექსიკის მუნდიალის მეოთხედფინალში მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანის “გამაზვამ” გადაწყვიტა. ფრანგთა მეკარე ჟოელ ბატსმა გაითვალისწინა სოკრატესის მიერ პოლონელებთან შესრულებული პენალტის მანერა (ნახევარმცველმა ნიშნულიდან დარტყმა გარბენის გარეშე შეასრულა), ბრაზილიელის საგოლე მცდელობის განეიტრალებას მზადყონაში შეხვდა და ბურთიც მშვიდად მოიგერია.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სოკრატესმა მთელი თავისი ფული რიბეირაო-პრეტოს კლინიკაში დააბანდა, საკუთარ სამუშაო კაბინეტში კი სოკრატეს ბიუსტი დაიდგა. ფეხბურთს კი ბოლომდე მაინც ვერ შეეშვა და დროდადრო მის ავანსცენაზეც გამოსვლას ლამობდა. ერთი ხანობა სოკრატესს ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტობაც კი სურდა და ირწმუნებოდა, ამ პოსტზე ჩემი არჩევის შემთხვევაში, ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საყოველთაო არჩევნებს მოვაწყობო. “ბრაზილიაში საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი პრეზიდენტზე უფრო მეტად ცნობილი და ხალხისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამიტომაც ლოგიკურია, დამრიგებელს მთელი ქვეყანა თუ აირჩევს. ეს იქნება არჩევნები, რომელიც მთელი ბრაზილიის მობილიზაციას შეძლებს”, - ფეხბურთით დაავადებული ექიმის ამ იდეას სოკრატესის სიცოცხლეში აღსრულება არ ღირსებია.
ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში სოკრატესი ალკოჰოლს მიეძალა, წლეულს, აგვისტოსა და სექტემბერში იგი ორჯერ ჰოსპიტალში მოათავსეს, გასულ პარასკევს კიდევ ერთხელ გახდა აუცილებელი ექსფეხბურთელის საავადმყოფოში მოთავსება, თუმცა, ამჯერად ექიმებმა კოლეგის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. ლეგენდარული ფეხბურთელი 57 წლისა აღესრულა...
გოჩა კაჭარავა









