ნებისმიერი მამაკაცური დაპირისპირება, წარმოსახვით დონეზე მაინც, ხელჩართულ ჩხუბამდე დადის. მნიშვნელობა არ აქვს, უფროსობასთან სერიოზულ უკმაყოფილებასთან გვაქვს საქმე, თუ უცნობი მანდილოსნის ყურადღების მიპყრობასთან - არის კაცების კატეგორია, ვინც სასამართლოში რბენას თუ უიღბლო სიყვარულით დათუთქული გულის მორჩენას, ნახსენები ხერხით ამჯობინებს. არიან ისეთებიც, ვინც ოცზე მეტი ნაკლებადინტელიგენტური შეხედულების მამაკაცის კამპანიაში, რბენასა და ძიძგილაობაში ცდილობს ნებისმიერი ხერხით მოცელოს პირობითი მტერი. ქვემოთ, ახალი ჰიბრიდული სპორტის სახეობას გაგაცნობთ და შევეცდებით, მისი მცირე ისტორიული მიმოხილვაც შემოგთავაზოთ.
სიმართლე ითქვას, Fight Football (საბრძოლო ფეხბურთი) სულაც არ გახლავთ სპორტის ახალი სახეობა. იგი, მეტწილად, ძველ დროში ბურთის თამაშობათა ერთგვარი სინთეზია. საბრძოლო ფეხბურთის ლიგის (Fight Football League) ორგანიზატორები იხსენებენ ჰარპასტუმს - რომაელ ლეგიონერებში გავრცელებული ბურთით თამაში, რომელიც, ბევრ სხვა რამესთან ერთად, რომაელებმა ბერძნებს “მოჰპარეს”. ჰარპასტუმი ძალიან წააგავდა თანამედროვე რაგბს, მაგრამ სულაც არ მოიცავდა ხელჩართულ ბრძოლას. ამდენად, ის, რაც საბრძოლო ფეხბურთშია, უფრო ჩხუბისთავი იტალიელების ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე ძველი რეალობის გათანამედროვეობა.
Fight Football-ის რეალიებთან ყველაზე ახლოს, შუასაუკუნოვანი ეპოქის ინგლისური ფეხბურთია. არაა ცალსახა მოსაზრება იმის თაობაზე, ეს თამაში რომაელებმა სხვისგან გადმოიღეს, თუ იგი თავად აღმოცენდა აქაურ კუნძულებზე, მაგრამ ერთი დანამდვილებით ცნობილია - XI საუკუნიდან მოყოლებული, ამგვარი თამაშობების ხსენება ნაწვიმარზე წამოსული სოკოებივით მომრავლდა.
წესები შუა საუკუნეების ინგლისურ ფეხბურთში არ არსებობდა. მეზობელი სოფლების მაცხოვრებლებით წარმოდგენილი ორი გუნდი, მინდვრის ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს განლაგდებოდნენ და ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნამდე მიეტანათ. ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგებით დასრულდებოდა ყოველი ასეთი დაპირისპირება. ევროპელი მონარქები ცდილობდნენ აეკრძალათ ასეთი ფეხბურთი, მაგრამ სიკვდილით დასჯის საფრთხეც ვერ აშინებდა მოთამაშეებს - ისინი ძველებურად დასდევდნენ ბურთს. სხვათა შორის, დღესაცაა ინგლისურ ქალაქებსა თუ სოფლებში შემორჩენილი შუასაუკუნოვანი ფეხბურთით ხალისობის ტრადიცია.
Fight Football-ის დამაარსებლები, თამაშის ყველაზე ახლო “ნათესავად” ფლორენციულ ფეხბურთს (Calcio Fiorentino) მიიჩნევენ. საბრძოლო ფეხბურთი, XVI საუკუნის ფლორენციაში გავრცელებული ამ თამაშის “რეკონსტრუქციის” შედეგია. უკანასკნელი ისტორიული კალჩო 1739 წელს ჩატარდა და შემდგომი 200 წლის განმავლობაში, ფლორენციამ სანტა-კროჩეზე მხოლოდ ორჯერ იხილა ცნობადი ქალაქელებით შემდგარი 4 გუნდის უშეღავათო პაექრობა. 1930 წელს ტრადიცია აღორძინდა და Calcio Fiorentino დღესაც ტარდება.
კალჩოს წესებმა, XVI საუკუნიდან უმნიშვნელო ცვლილებები განიცადეს. მატჩში, ფერად პანტალონებში გამოწყობილი 27-27 ათლეტით დაკომპლექტებული 2 გუნდი მონაწილეობს. მაცნე განცხადებებს საყვირისა და დოლის აკომპანიმენტით აკეთებს, პრიზად კი, გამარჯვებული თეთრ ხბოს იღებს.
ისტორიული კოლორიტის მიუხედავად, სანახაობა, რომელსაც ფლორენციელები აჩვენებენ, დინამიურობითა და აგრესიის დონით ნებისმიერ სარაგბო მატჩს აჭარბებს. მეტოქეები შიშველი ხელებით იბრძვიან და ყველანაირ ხერხს ხმარობენ, რათა ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე შეიტანონ. მასობრივი ჩხუბი? რამდენიც გენებოთ. გაქცეულ მეტოქეზე ნახტომში ფეხის მორტყმა? ყველგან. წაქცეულზე მუშტის, ან ფეხის მიყოლება? ჩვეულებრივი ამბავია. სახეში ქვიშის შეყრა? აუცილებელია.
“ეს, სასტიკი თამაშია, მასში ნამდვილი ჩხუბია. 1994 წელს, კალჩოს შემდეგ 15 საათი გავატარე ქირურგიულ განყოფილებაში. იქ მთლად უკბილოდ მისულს, ხელში საკუთარი თვალი მეკავა. წლეულს ჩემი 18 წლის შვილი თავის პირველ კალჩოში ითამაშებს”, - ჰყვება ფლორენციული ფეხბურთის ერთ-ერთი ვეტერანი და იქვე ამატებს: “ჩემი ასარჩევი რომ იყოს, სად მოვკვდე - საავადმყოფოს საწოლს, სანტა-კროჩეს მოედანს ვამჯობინებდი”.
კალჩოსაგან განსხვავებით, Fight Football რამდენადმე რაფინირებული და აქედან გამომდინარე, სპორტულია. აქ, მოთამაშეთა სიბრაზე იმდენად ზომიერია, მიღებული ტრავმების ოდენობა “დასაშვებ” ფარგლებს არ სცდება, რაც ტურნირების, წელიწადში ერთზე გაცილებით ხშირად ჩატარების საშუალებას იძლევა.
წესი “ყველა ყველაზე”, აქ არ მოქმედებს - ჩხუბი მხოლოდ ერთი ერთზეა დაშვებული. იკრძალება გამოქანებულის დარტყმა, ან მორბენალისთვის ზიანის მიყენება, ზურგში ჩარტყმა. ყველა მოთამაშეს “მსუბუქი” ხელთათმანი უკეთია. ამდენად, მინდორზე მიმდინარე ქმედებები ძალიან წააგავს რაგბს, რომელშიც ხშირადაა ММА-ს (Mixed Martial Arts - შერეული საბრძოლო ხელოვნება) ელემენტებით გაჯერებული ხელჩართული ჩხუბი.
“ორგანიზაცია სულ რაღაც ორი წელიწადი არსებობს, მაგრამ უკვე იგრძნობა, რომ ჩვენი მცდელობები შედეგს იძლევა - ადამიანები ჩვენზე ლაპარაკობენ. სასტიკია თუ არა Mixed Martial Arts ? ვფიქრობ, ММА მასზე გაცილებით სასტიკია”, - ასეთ კომენტარს აკეთებს საკუთარ “პირმშოზე” Fight Football League-ს პრეზიდენტი ბორის ჯორჯუტი.
ახალწვეულები Fight Football-ში სხვადასხვა სფეროდან მოდიან: ფლორენციული ფეხბურთიდან, რაგბიდან, კრივიდან, ჭიდაობიდან. ჯერჯერობით, FFL-ის შეჯიბრებები მხოლოდ იტალიაში ტარდება, თუმცა, ორგანიზაციას უცხოური ბაზრის ათვისებაც აქვს გადაწყვეტილი – მაგალითად, პოლონეთში.
FFL-ის პერსპექტივებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ერთადერთი, რისი შეთავაზებაც შეუძლია ლიგას საკმაოდ მცირერიცხოვანი მაყურებლისთვის - ესაა მატჩი რომისა და ფლორენციის ნაკრებებს შორის. ამ პაექრობის შედარება მრავალათასიანი ბრბოსაგან გარემოცულ ისტორიული კალჩოს ეპიკურ დაპირისპირებასთან, ცოტა არ იყოს, უხერხულია. FFL-ის ბედი მთლიანად ამ ორგანიზაციის მენეჯმენტის დონეზეა დამოკიდებული. პოტენციალი არსებობს, მთავარია, მისი უნარიანად მართვა მოხდეს.
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა









