მას შემდეგ, რაც რბოლებში უკანა ფრთის რეგულირება დაუშვა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხადა ამ წესის განმარტება, რომელიც ფრთის გამოყენებას ზღუდავს. კერძოდ, ამ ფრთის გააქტიურება მხოლოდ 600 მეტრის მანძილზეა დასაშვები. ამასთან, თუ მდევარი წინ მიმავალს წამზე მეტით არ ჩამორჩება, ფრთის გააქტიურება და მისი დახმარებით გასწრების მცდელობა მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია.
მაგრამ არის ტრასები, სადაც სწორი მონაკვეთები იმდენად მოკლეა, რომ იქ 600-მეტრიანი ზონის შეზღუდვა შეუძლებელია. ამ შემთხვევისთვის, FIA აღნიშნული წესის სპეციალურ დამატებებს შეიმუშავებს. ასეთ ტრასებს შორის, მელბურნის ალბერტ პარკიც აღმოჩნდა.
ავსტრალიაში პილოტებს უკანა ფრთის გააქტიურების უფლება ბოლო, მე-16 მოსახვევის წინ ექნებათ. ეს ნიშნავს, რომ პილოტს, რომელიც გასწრებას აპირებს, ფრთის გააქტიურების უფლება მაშინვე ექნება, როგორც კი სტარტ-ფინიშის სწორზე გავა. ამგვარად, გასწრების ზონა 867 მეტრამდე გაიზარდა. ის იქ მთავრდება, სადაც პილოტები პირველი მოსახვევის წინ, მუხრუჭების გამოყენებას იწყებენ (დამუხრუჭებისას, ფრთა დეაქტივირებული უნდა იყოს). და კიდევ, გასწრების ზონის დასაწყისი და დასასრული, სპეციალური ფერადი ხაზებით აღინიშნება.
გარდა ამისა, FIA-მ დაადგინა, რომ თუ მე-14 მოსახვევის წინ, მანქანებს შორის მანძილი ერთ წამზე ნაკლებია, მაშინ უკან მიმავალ მანქანას, უკანა ფრთის (სტარტ-ფინიშის სწორზე) ამოქმედების უფლება ექნება და ამის შესახებ, ისიც და მისი მეტოქეც ინფორმაციას რადიოთი მიიღებენ. აქედან მოყოლებული, პილოტს ფრთის აქტივაციამდე საკმაო დრო ექნება - მან ჯერ მე-14 მოსახვევი უნდა გაიაროს, შემდეგ მოკლე, სწორი, მე-15 მოსახვევი და შემდეგ გასწრების დროც მოვა. რა თქმა უნდა, მანქანებს შორის არსებული დროის განსაზღვრის ზონაც სპეციალური ფერადი ზოლებით იქნება მონიშნული.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ







