მოსახდენი მაინც მოხდა! ფიფას მიერ ბოლო დროს მიღებულმა მრავალმა აბსურდულმა გადაწყვეტილებამ, თავისი გზა მონახა და ახალ, წარმოუდგენლად უცნაურ იდეად გადმოიღვარა. იდეა კი ასე ჟღერს: მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა ზამთარში გაიმართოს! მართალია, უეფა-ფიფას ეს იდეა ჯერჯერობით, მხოლოდ იდეაა და მეტი არაფერი, მაგრამ დიდი ინტერესით ვიხილავდი იმ ადამიანის მჭმუნვარე სახეს, რომლის ”ცინცხალ” გონებაშიც, ზამთარში მუნდიალის გამართვა იშვა და ამ იდეის ”ტიტანურობამ”, ალბათ, მისი ავტორიც კი შეაშფოთა და დააბნია. ხუმრობა საქმე ხომ არაა, მოიფიქრო ისეთი რამ, რომელიც არა მხოლოდ ევროტურნირებსა და ეროვნული პირველობების კალენდარს დააყენებს თავდაყირა, არამედ, გულშემატკივრებსაც კი დააბნევს და გააოგნებს.
ახლა, თუკი მალდივის კუნძულებზე, ანდა სადმე ეგვიპტის პლაჟზე ხარ გაშოტილი და იანვრის სიცივე არ გაღელვებს, ტელევიზორის პულტსაც ადვილად მოიმარჯვებ და პაპაის წვენით სავსე კათხასაც ჩაარახრახებ, ზამთრის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის ცქერისას. მაგრამ, ყველას როდი მიანიჭა განგებამ, იანვრის პერიდში მზის ქვეშ ნებივრობის სიამე.
წარმოიდგინეთ, რაოდენი ტკბობაა ჩრდილოეთ ევროპელი, ანდა ლათინოამერიკელი ქომაგისათვის, ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატის ლუდის თანხლებით ცქერა, როდესაც სადმე, ვთქვათ ოსლოს ღია კაფეში მეგობრებთან ერთად მოკალათებული ჩაციებულ ლუდს თვალმინაბული წრუპავს. რაღა ოსლო და სტოკჰოლმი, განა საქართველოში დიდი მოლოდინითა და თვეების თვლით არ ველით, ოთხ წელიწადში ერთხელ დამდგარ ზაფხულის საოცარ ერთ თვეს, როდესაც ყველა ფეხბურთით ვსუნთქავთ და ვცხოვრობთ... ჭეშმარიტი ქომაგისათვის ეს ყველაფერი იმდენად ძველი და მშობლიური ტრადიციაა, რომ მხოლოდ ქარაგმული ფანტაზიის ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გამართვა. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ უცნაურ ეპოქაში ვცხოვრობთ. ეპოქაში, სადაც ათასგვარი სისულელე კრეატიულობად ითვლება, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის მწვრთნელს – დელ ბოსკეს კი, ”კრეატიული” გულშემატკივრები ”ლაღი” ფეხბურთის უგულვებელყოფის გამო დასცინიან...
ჩვენ ვსაუბრობთ ფიფაზე, ორგანიზაციაზე, რომლის მისამართითაც კითხვების ზღვა დაგროვდა, მაგრამ კითხვები, როგორც წესი, პასუხგაუცემელი რჩება. არადა, ეს კითხვები რიგითი ქომაგებიდან მოდის, რომლებსაც გულს უკლავთ ბოლო დროს არსებული მრავალი უსამართლობა.
რად გვინდა ბევრი ფიქრი და მრავლისმქმნელი ”გუგლის” მოხმობა იმის გასახსენებლად, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მსაჯების მისამართით ძალიან ბევრი პრეტენზიები იყო. აშშ-ის, ინგლისის, ჰოლანდიის, მექსიკისა და სხვა ნაკრებების ქომაგები აღშფოთებულნი მოითხოვდნენ, რომ მათი გუნდების მიმართ დაშვებული შეცდომები სათანადოდ გამოძიებულიყო და მომრავლებულ უსამართლობებს წერტილი დასმოდა. ანალოგიური პრობლემები არსებობდა წინა მსოფლიოს ჩემპიონატებზეც და რაც ფეხბურთის ცქერა დავიწყე და რაც თავი მახსოვს, მუდამ იდგა მე-4 მსაჯისა და ე.წ. ვიდეო-რეფერის დამატების საკითხი. თუმცა, უკანასკნელ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქომაგთა მოთმინების ფიალა მართლა გადაივსო და სწორედ ამის გამო, ფიფას მაღალჩინოსნებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი აუცილებლად იმსჯელებდნენ, როგორც მე-4 მსაჯის დამატების საკითხზე, ასევე ვიდეო-რეფერის შემოღებაზე. დაახლოებით, ორი კვირის წინ კი, გაირკვა, რომ ფიფა არათუ არ იღონებს რაიმეს ამ პრობლემის გადასაწყვეტად, არამედ, საერთოდ, არც კი დამდგარა დღის წესრიგში მსაჯებისათვის ვიდეო-გამეორებების ნახვის უფლების მინიჭების საკითხი. ამათი გადამკიდე, ამგვარი “ცოდვილი” აზრებიც მოგივა თავში – იქნებ და, ეს ორომტრიალი სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ მათმა “უდიდებულესობებმა” ჩვეულებრივ მომაკვდავთა ყურადღება ამ სისულელეზე გადაიტანონ და მართლაცდა უმწვავესი საკითხები მიჩრდილონ? ჯერ არაფერი უქნიათ მსგავსი, თუ?..
ასეთი უტიფრობით აღშფოთებულმა ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა, თავის მწვავე პასკვილში, მსოფლიოს მმართველი საფეხბურთო ორგანიზაციის ბოსებს შესანიშნავად ზუსტი ფრაზა მიუძღვნა: ”ფიფა ჰიტლერისეულ გერმანიას ჰგავს, რომელსაც დადებული პირობები და ხელშეკრულებები მხოლოდ ხელმოწერის დღეს ახსოვს, შემდეგ კი, ყველაფერი ავიწყდება”. მახვილგონივრული გამონათქვამები მშვენიერი რამაა, მაგრამ ამით, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი კეთდება.
ზამთარში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის იდეა არაფრით ჩამოუვარდება, აჭარიდან გასაგდებად გახაზირებული ავადსახსენებელი ასლან აბაშიძის ბოდვებს, რომელმაც ჯერ ჩოლოქის ხიდები ააფეთქა, შემდეგ კი, ტურისტებს ბათუმში დასასვენებლად ჩასვლისაკენ მოუწოდა. არავინ იცის, მომავალში კიდევ როდის გაგვაოცებს ფიფა თავისი ”ღრმააზროვანი ინიციატივებითა” და გამაოგნებელი აბსურდულობით. თუკი მსოფლიო ფეხბურთში მარაზმის ზეიმი ამ ტემპებით გაგრძელდა, თქვენ მერე უნდა ნახოთ გაოგნებისაგან დაღებული პირები... ჩვენ კიდევ ის გვიკვირდა, ტერორისტულ სახელმწიფოს - რუსეთს რატომ მიანიჭეს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებაო...
ლევან სეფისკვერაძე









