საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველ-ოთხ წონით კატეგორიაში ოქრო-ვერცხლის მოპოვების შანსი წინასწარი ეტაპის შეხვედრებშივე დაკარგა.
ბაქოს ხალიჩაზე დღეს ლაშა გოგიტაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ), ანტონ მამაგეიშვილი (66 კგ) და გენადი გოგიშვილი (74 კგ) გავიდნენ.
გოგიტაძესა (55 კგ) და მამაგეიშვილს (66 კგ) ფინალის გზა მეოთხედფინალში, რუსმა მოწინააღმდეგეებმა გადაუღობეს. ლაშა, გერმანელი ოლივერ რანგესა და სერბი კრისტიან ფრისის ძლევის შემდეგ, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ნაზირ მანკიევთან დამარცხდა. ანტონმა საწყის ეტაპებზე მოლდოველი ტუდორ გაივანი და პოლონელი ტომაშ სვიერსკი ჩამოიცილა. ევროპის მოქმედ ჩემპიონ ამბაკო ვაჩაძესთან კი ვეღარას გახდა.
რევაზ ლაშხი ჩემპიონატში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო და საბერძნეთის სახელით მოჭიდავე არტურ ხაჩატუროვი დაამარცხა. რუმინელი ეუსებიუ იანკუ დიაკონუ კი ქართველისთვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა.
ასევე მერვედფინალით დაიწყო გენადი გოგიშვილმაც და უმალ წააგო, ბელარუს ალექსანდრ კიკინოვთან.
ქართველ სპორტსმენებს ისღა დარჩენიათ, თავიანთი მძლეველების ფინალში გასვლას უგულშემატკივრონ, რათა თავად რეპეშაჟში გადაერთონ.
ოთარ მაღლაკელიძე







