ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ლევან მატიაშვილმა ევროპის შარშანდელ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი – მეორე ადგილი დღეს, ხორვატიის ქალაქ პორეჩში გააუმჯობესა. საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მძიმეწონოსანმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივეში იმარჯვა და ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დაასრულა.
მატიაშვილი მეხუთე ქართველია, ხორვატიული ჩემპიონატის ფინალში რომ იჭიდავა. წინა ოთხი ფინალისტი: ლერი ჭელიძე (55 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) ტიტულს ვერ შეწვდნენ და მძიმე წონის ფინალს ამ შედეგების გათვალისწინებით, ქართველი გულშემატკივრებისთვის დამატებითი დატვირთვაც ჰქონდა. ლევან მატიაშვილმა ნავსი გატეხა.
საჩემპიონო გზას ქართველი მძიმეწონოსანი ესტონელი ჰენრიხ სილდვეერის ვაზარით ძლევით შეუყვა. თურქი სემიჰ ადიამანი სამ წუთში ორჯერ დასცა ვაზარზე, რუს პეტრ კაკოვკინს უქულო ძირითადი და ოქროს დროის შემდეგ ჰანტეითი აჯობა. ნახევარფინალსა და ფინალში კი უკრაინელი მეტოქეები დაამწუხრა – ანდრეი კოლესნიკი ვაზარით, ხოლო მიკიტა დიბრინი – იპონით. გადამწყვეტ შეხვედრაში მატიაშვილმა მესამე წუთის მიწურულს მოწინააღმდეგეს იუკო აუღო და იქვე შებოჭა.
დღეს ევრო-კვარცხლბეკზე ქართული გუნდის კიდევ ერთი წევრი ავიდა - ჭაბუკებს შორის მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა მედალი ახალგაზრდებშიც მოიპოვა, ოღონდ ამჯერად მხოლოდ ბრინჯაოსი. ოქრო-ვერცხლის შანსი თუშიშვილმა ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, რუს ოლეგ იშიმოვთან წაგებით. ამ უკანასკნელმა ორ წუთში ორი ვაზარი მიითვალა ჩვენებურის ერთი იუკოს წილ. ნახევარფინალამდე გურამ თუშიშვილმა ესპანელი სერხიო ტრილო, ბულგარელი ივან სტოიკოვი და გერმანელი მარიუს პიპკე ჩამოიშორა, სამივე იპონით. “ბრინჯაოს ფინალში” კი ფრანგ ნაბილ მაჩტრუს ვაზარით აჯობა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რეზო წულუკიძეს და მძიმეწონოსან როსტომ ხახალეიშვილს სამეულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.
წულუკიძე ტურნირში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო. გერმანელ დავიდ ტეკიჩს ვაზარით გასცდა, ხოლო უნგრელ გერგო ფოგასის – იპონით. შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და ორივე ჰოლანდიელებთან - ნახევარფინალში მიხაელ კორელთან დაძაბულ ბრძოლაში იუკოთი დამარცხდა, რეპეშაჟის ფინალში კი მაქს დე ვრეეზესთან იპონით და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ხახალეიშვილს ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში, მიკიტა დიბრინმა დააკარგვინა, საფინალო სირენამდე რვა წამით ადრე შესრულებული წმინდა გდებით. ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ხახალეიშვილის ვაჟმა ამ შეხვედრამდე ფრანგი ჰაბილ ზალაგი იოლად ჩამოიშორა. დამამშვიდებელ ეტაპზე კი სლოვენიელი ვიტო დრაგიჩის დაიპონების შემდეგ, გადამწყვეტ შეხვედრაში თავად წააგო წმინდად ანდრეი კოლესნიკთან.
დღესვე საქმეში ლაშა ტაველური (90 კგ) და გიორგი ქავთარაძეც (100 კგ) ჩაერთნენ. ტაველური პირველსავე წრეში მომავალ ჩემპიონს, რუსეთის ნაკრების წევრ ჰუსენ ხალმურზაევს შეხვდა და დაძაბულ შეხვედრაში იუკოთი დამარცხდა, ხოლო ქავთარაძემ კიმონო ორჯერ მოირგო – ბოსნიაჰერცეგოვინელ ვასილიე სიპჩიჩს წმინდად მოუგო და ბელგიის სახელით მოჭიდავე ტომა ნიკიფოროვთან ვეღარას გახდა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ახალგაზრდები
პორეჩი. ხორვატია
21-23 სექტემბერი
55 კგ
1 ადრიენ ქერტინმონტი (ბელგია)
2 ლერი ჭელიძე (საქართველო)
3 აურელიან კლო (საფრანგეთი)
3 გარიკ ჰარუთინიანი (სომხეთი)
60 კგ
1 ზაურ კალაშოვი (რუსეთი)
2 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
3 კამინ მარია დი ლორეტო (იტალია)
3 აჰმეთ საჰინ კაბა (თურქეთი)
66 კგ
1 გეორგიოს აზოიდისი (საბერძნეთი)
2 ხორდი ბაკესი (ჰოლანდია)
3 ჯუნიორ დეგენი (ჰოლანდია)
3 ნიკოლა გუსიჩი (მონტენეგრო)
5 ბექა ვიბლიანი (საქართველო)
73 კგ
1 დამიან ზვარნოვიცკი (პოლონეთი)
2 ფრიდონ გიგანი (საქართველო)
3 ლევან გუგავა (საქართველო)
3 დმიტრი ზუევი (რუსეთი)
81 კგ
1 ალექსიოს ნტანაციდისი (საბერძნეთი)
2 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
3 რობინ გუტშე (გერმანია)
3 აბდულჰაგ რასულუ (აზერბაიჯანი)
90 კგ
1 ჰუსენ ხალმურზაევი (რუსეთი)
2 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)
3 მაქს დე ვრეეზე (ჰოლანდია)
3 მიხაელ ზგანკი (სლოვენია)
5 რეზო წულუკიძე (საქართველო)
100 კგ
1 ოლეგ იშიმოვი (რუსეთი)
2 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)
3 გურამ თუშიშვილი (საქართველო)
3 ნიკოლას დამიკო (იტალია)
+100 კგ
1 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
2 მიკიტა დიბრინი (უკრაინა)
3 ანდრეი კოლესნიკი (უკრაინა)
3 ანტონ კრივობოკოვი (რუსეთი)
5 როსტომ ხახალეიშვილი (საქართველო)
გუნდური ჩათვლა. ვაჟები
ო ვ ბ V VII
1 რუსეთი 3 0 2 2 1
2 საბერძნეთი 2 0 0 0 0
3 საქართველო 1 4 2 3 0
4 ბელგია 1 1 0 0 0
5 პოლონეთი 1 0 0 1 1
6 ჰოლანდია 0 2 2 0 0
7 უკრაინა 0 1 1 0 3
8 იტალია 0 0 2 1 2
9 საფრანგეთი 0 0 1 2 0
10 აზერბაიჯანი 0 0 1 1 2
ოთარ მაღლაკელიძე







