სეზონის დაწყებამდე გუნდები განსხვავებულ პირობებში ემზადებოდნენ. თუ რუსთაველებს სავარჯიშოდ ლამის ბურთი არ ჰქონდათ, ბათუმელებმა თურქეთში სრულფასოვანი შეკრება გაიარეს და ფეხბურთელებიც დაიმატეს. “დინამოს”, ქვემოქართლელებთან შედარებით, ფინანსური მდგომარეობაც გაცილებით უკეთესი აქვს. ამის მიუხედავად, “მეტალურგმა” 26-ე ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე 3 ქულა აიღო.
მე-7 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან გიორგი ქავთარაძემ ერთი შეხებით პასი მეტოქის კარის შორეულ ძელთან მყოფ ირაკლი სიხარულიძეს გაუკეთა, რომელმაც შეუჩერებლად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0.
რუსთაველთა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან დაცვის ცენტრში გიორგი ნარიმანიძისა და ვარლამ კილასონიას მიერ დაშვებული უხეში შეცდომის შემდეგ, გრიგოლ ბედიაშვილთან პირისპირ გასულმა თემურ შონიამ თანაფარდობა აღადგინა – 1:1.
გატანილი გოლიდან მოკლე ხანში, უკვე ირაკლი ჩირიკაშვილი გავიდა რუსთაველთა გოლკიპერთან ერთი-ერთზე და თავით დაარტყა, მაგრამ ბედიაშვილმა მეორე ცდაზე ბურთი ხელებში დააფიქსირა.
33-ე წუთზე, მარჯვნიდან გიორგი ვასაძემ კუთხური ჩააწოდა და დაჩი ცნობილაძემ თავით სახიფათოდ დაარტყა – ბურთი ზედა ძელს გადასცდა. 45-ე წუთზე, მარცხნიდან რუსთაველებმა კუთხური მოაწოდეს და ბათუმელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობის მერე, ცნობილაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთს სტუმართა მცველი გადაეფარა.
ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ვარლამ კილასონიამ მცველი ნარიმანიძე შეცვალა და ნახევარმცველი გიორგი კილასონია შეიყვანა, ხოლო აქამდე ნახევარდაცვაში მოთამაშე ცნობილაძე დაცვის ცენტრში გადაიყვანა.
შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, გიორგი ვასაძის პასის შემდეგ, სიხარულიძემ გოლი გაიტანა და გვერდით მსაჯს ზაზა ფიფიას წესის დარღვევა არ დაუფიქსირებია. ბათუმელთა მეკარე მიხეილ ალავიძე მიუთითებდა, რომ მასპინძელთა ფორვარდმა ხელით ითამაშა. ამის მერე, მთავარი არბიტრი თორნიკე გვანცელაძე გვერდითისკენ წავიდა, მოეთათბირა და “მეტალურგის” ფორვარდზე ხელით თამაში დააფიქსირა, თან დამნაშავეს ყვითელი ბარათი აჩვენა.
ამან, რუსთაველი ფეხბურთელები აღაშფოთა, რომლებიც თანამსაჯს შემოეხვივნენ, მოედნის კიდეზე მცირე ჩოჩქოლი ატყდა, რაც ბათუმელთა ერთ-ერთი წარმომადგნელის ფიფიასთან მისვლას მოჰყვა. საბოლოოდ, სტადიონის დაცვის, რუსთაველთა მწვრთნელისა და “მეტალურგის” თანამშრომლების ჩარევის შემდეგ, სიტუაცია განიმუხტა.
შეტევის გასაძლიერებლად ზღვისპირელებმა ცვლილებები განახორციელეს და თამაშში ფორვარდ დიმიტრი ტატანაშვილთან ერთად, შემტევი ნახევარმცველი ამირან მუჯირი ჩაერთო.
მეორე ტაიმი მცირე ხნის განახლებული იყო, რომ გიორგი კილასონიამ შორი მანძილიდან საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და ალავიძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
61-ე წუთზე, მუჯირმა მარჯვენა ფლანგზე “გახსნილი” ჩირიკაშვილი შენიშნა, რომელიც მოწინააღმდეგის საჯარიმოში შევიდა, გიორგი კილასონიას გასცდა და დაარტყა – რუსთაველები გოლის გაშვებას გვერდითმა ძელმა “გადაარჩინა”.
66-ე წუთზე, გიორგი კილასონიამ კვლავ შორი მანძილიდან “ჯარიმა” ძალიან სახიფათოდ დაარტყა და ალავიძემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო. “სტანდარტული” ვასაძემ შეასრულა და ქავთარაძემ მოწინააღმდეგის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო ცნობილაძემ ბურთი ერთი შეხებით გაისწორა და შემოტრიალებით ზუსტად დაარტყა – 2:1.
82-ე წუთზე, გიორგი კილასონიამ ისევ შორიდან შეუტია და ალავიძემ ბურთი გაჭირვებით მოიგერია.
ვარლამ კილასონია: “პირველი თამაში იყო და თავისთავად რთულია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ გუნდში რამხელა ცვლილებები მოხდა. დამეთანხმებით, ასეთი ახალგაზრდა გუნდისთვის რთული თამაში იქნებოდა. პირველ ნახევარში ცოტა შიში იგრძნობოდა, რადგან ბათუმის “დინამო” მაინც გამოცდილი გუნდია. რაც შეეხება მეორე ნახევარს, პატარა ბიჭები შევიყვანეთ და გარდატხა შეიტანეს. ვულოცავ ჩვენს ბიჭებს. ძალიან თავდადებით ითამაშეს. რაც შეეხება არჩათვლილ გოლს, მე ვერ დავინახე. არც მსაჯებზე გავაკეთებ კომენტრს. მთავარ მსაჯს ცოტა ადრე რომ მიეღო გადაწყვეტილება, ასეთი აჟიოტაჟი არ ატყდებოდა. ჩვენი მფლობელები იძახიან, რომ ფინანსური პრობლემები არ შეექმნება გუნდს. ისედაც დაბალი ხელფასები აქვთ და აქედან გამომდინარე, ფინანსური პრობლემები გუნდს კიდევ უფრო დააზარალებს”.
ასლან ბალაძე: “უკმაყოფილი ვართ. მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. იყო შეცდომები, ტაქტიკურ ცვლილებებში ვიჩქარეთ. თამაშის ხარისხი ძალიან ცუდი იყო. გუნდს შეთამაშება აკლია. ბერიაშვილი, ტატანაშვილი და კაკალაძე გვიან შემოგვიერთდნენ. ვეცდებით ხარვეზები გამოვასწოროთ. ამ გუნდს შეუძლია შედეგიანი ფეხბურთი აჩვენოს. სამწუხაროდ, ისეთი შეცდომები დავუშვით, როგორიც უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებმა არ უნდა დაუშვან. ვულოცავ ჩემს კოლეგას გამარჯვებას, მაგრამ შეგვეძლოა ეს თამაში არ წაგვეგო”.
მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (ბათუმი) 2:1 (1:1)
9 აგვისტო. რუსთავი, სტადიონი “ფოლადი”.
მეტალურგი: ბედიაშვილი (კ), კოტე ხიზანეიშვილი, ვარლამ გიორგის ძე კილასონია, ნარიმანიძე (გიორგი კილასონია, 40), ექვთიმიშვილი, ქავთარაძე, კაკაშვილი (ქიტეიშვილი, 57), ვასაძე, ცნობილაძე, სიხარულიძე (ტორონჯაძე, 59), ხაბელაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.
დინამო: ალავიძე, ქორიძე, გავაშელიშვილი, მაკარიანი, სუხიაშვილი, ვარშანიძე (თევდორაძე, 84), შონია, მახარაძე (კ), ბერიაშვილი (ტატანაშვილი, 46), ჩირიკაშვილი, კაკალაძე (ამირან მუჯირი, 46).
მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი.
გოლები: 1:0 სიხარულიძე (7), 1:1 შონია (8), 2:1 ცნობილაძე (66)
გაფრთხილება: კ. ხიზანეიშვილი (28), სიხარულიძე (45), ცნობილაძე (82)
მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე.







