ბოლო სეზონები: პატივსაცემნი, მაგრამ არცთუ საშიშნი
გუნდიდან ამარე სტადემაირის წასვლის შემდეგ, არიზონაში საბოლოოდ დაინგრა მითი, რომ კლუბი რაიმე ღირებულ წარმატებას მიაღწევდა პლეი ოფის სტადიაზე. “ფინიქსი” გადაიქცა ისეთ კოლექტივად, რომელსაც ყველა მოწინააღმდეგე პატივისცემით ეპყრობა, მაგრამ შიშით აღარავის ეშინია. “მზეებმა“ გასული სეზონი საშუალო დონეზე ჩაატარეს, ნაჩვენები თამაშის ხარისხით პლეი ოფში რომც შესულიყვნენ, შორს მაინც ვერ წავიდოდნენ, მაგრამ ენა არავის მოუბრუნდება, საშინელი უწოდოს შედეგს – 33 მოგება და ამდენივე წაგება. ზაფხულში ვეტერანი სტივ ნეშის “ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გაშვებით, გუნდი შეელია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ და ლეგენდარულ გამთამაშებელს. გუნდი დატოვა გრანტ ჰილმაც. ვეტერანების გაცვლის მერე, 2012-13 წლების სეზონში კლუბი იქნება დაბალანსებული ახალგაზრდებით, რომელთა შორის გამოკვეთილი ლიდერი ჯერჯერობით არ ჩანს.
მთავარი მწვრთნელი: ელვინ ჯენტრი
ბოლო წლებია, ელვინ ჯენტრის მძიმე კრიტიკის ქარ-ცეცხლის ატანა უწევს პრესისგან, რადგან 2010 წელს ჩატარებული ფეიერვერკული სეზონის შემდეგ, გუნდმა ვერანაირად ვერ მოუმატა, პირიქით, უარესობისაკენ წავიდა. გუნდში სტივ ნეშის ყოფნით მთავარ მწვრთნელს სხვა სპეციალისტებისგან განსხვავებით ახალი სქემების მოგონება უწევდა თავდაცვისას, რადგან კანადელი გამთამაშებელი ძალზე სუსტი გახლდათ ამ ასპექტში. დღესდღეობით იგი აღარ არის გუნდში, შედეგად, “ფინიქსი” გაცილებით უკეთესად ითამაშებს პრესინგს დაცვაში, მაგრამ შემტევი პოტენციალი აუცილებლად გაუუფერულდება. თუ ჯენტრი მოახერხებს და ერთ მუშტად შეკრავს ახალგაზრდულ, პროდუქტიულ, მაგრამ არცთუ ვარსკვლავურ კოლექტივს, მაშინ სერიოზულად ექნება პრეტენზია პლეი ოფში მოხვედრაზე. თუ არა და კლუბის შესრულებით მივიღებთ კიდევ ერთ საშუალო დონეზე ჩატარებულ სეზონს, რასაც ხელმძღვანელობა არასდიდებით აღარ აპატიებს მთავარ მწვრთნელს.
ახალი იმედი: მაიკლ ბიზლი
ერთი მხრივ, მაიკლ ბიზლი მივიდა გუნდში, სადაც შეუძლია სეზონის სტარტზევე მოირგოს ლიდერის ფუნქცია, თუმცა მეორე მხრივ, კლუბის ყველა რგოლი თანაბრადაა დაბალანსებული და დატვირთვებიც შესაბამისად გადანაწილდება, ასეთ პირობებში მაღალი სტატისტიკის შექმნა გაძნელდება, ბიზლის მთავარი მიზანი კი “ყველა ვარსკვლავის მატჩზე” მოხვედრაა. “მინესოტაში“ თამაშისას, მაიკლმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არცერთ გუნდურ სისტემაში არ ჯდება, მთავარი კოზირი ერთი ერთზე თამაშია, როგორც, მაგალითად, კარმელო ენტონი. დღევანდელ “ფინიქსში“ ისეთი მოთამაშე, რომელიც მატჩის ბოლო მომენტში აიღებს საკუთარ თავზე გადამწყვეტ სროლას, სწორედ ბიზლია და თუ ხშირად შეძლებს ამას წარმატებით, მას კლუბში აუცილებლად შეიყვარებენ და დააფასებენ. კარიერის განმავლობაში იგი საშუალოდ მატჩში ხომ 15 ქულაზე მეტს აგროვებს.
http://www.youtube.com/watch?v=9laBBfWpNzw&feature=related
მთავარი გმირი: გორან დრაგიჩი
ერიკ გორდონთან ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ლენს ბლანკსმა გადაწყვიტა, გაეწია რისკი და გუნდში დააბრუნა გორან დრაგიჩი. სლოვენიელი არასდროს ყოფილა მხოლოდ სუფთა გამთამაშებელი, მას კარგად ეხერხება მსროლელის პოზიციაზეც გარჯა. ერთი სიტყვით, შეგვიძლია მანუ ჯინობილის გაუარესებულ ვარიანტადაც მივიჩნიოთ. როცა დრაგიჩი სათადარიგოთა სკამიდან ერთვება თამაშში, ძალიან არასტაბილურად ისვრის, დროულად ვერ ამჩნევს გახსნილ პარტნიორებს, შესაბამისად, მარგი ქმედების კოეფიციენტი ქვევით ძალიან იწევს. მაგრამ თუ იგი კლუბის ხელმძღვანელებისგან სარგებლობს ნდობით და სასტარტო ხუთეულის წევრია, სრულიად იცვლება – თქვენს წინაშეა საკმაოდ ჭკვიანი, ენერგიული კალათბურთელი, რომელიც მზადაა წარუძღვეს საკუთარ გუნდს ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც კი და საბოლოოდ გაამარჯვებინოს. მისი მთავარი პლუსი გახლავთ როგორც ზონური, ასევე პერსონალური დაცვის დროს შესანიშნავი თამაში. სამი სეზონის განმავლობაში, დრაგიჩი არიზონაში სტივ ნეშის შემცვლელად მოიაზრებოდა, წლეულს კი უკვე მასზე აეწყობა ფუნდამენტი, შესაბამისად, მოიმატებს პასუხიმგებლობაც, მაგრამ თავის გამოჩენის შანსიც საკმაოდ დიდია.
http://www.youtube.com/watch?v=hwvFrBUPudk
მეხუთე ბორბალი: ჩენინგ ფრაი
ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ გუნდიდან სტივ ნეშის წასვლის შემდეგ, ფრაის შემტევი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაუფერულდება, სავარაუდოდ, ლუის სკოლას მოსვლის ფონზე, ჩენინგი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, თუმცა ამ პოზიციიდანაც შეუძლია ფასდაუდებელი დახმარება გაუწიოს კლუბს, ვინაიდან “ფინიქსის” მაღლებიდან თითქმის ერთადერთია რომელსაც შეუძლია პერიმეტრზე ამოწევა და მეტოქის 3-ქულიანებით დაბომბვა. ასევე დამაჯერებელია საშუალო დისტანციიდან ტყორცნებში, გასულ სეზონში მატჩში საშუალოდ 10 ქულას და 6 მოხსნას აგროვებდა. ასეთი მოთამაშის მარქაფაში ყოლას ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა.
სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციით, ფრაის ექიმებმა გულის პრობლემები დაუდგინეს და დეკემბრამდე აუკრძალეს პარკეტზე გასვლა.
http://www.youtube.com/watch?v=UNOVz7L4_qg
X-ფაქტორი: კენდალ მარშალი
კენდალ მარშალი “ფინიქსმა“ წლევანდელ დრაფტზე დიდი იმედებით მე-13 ნომრად აიყვანა. მან ხომ სტუდენტური ლიგის რეკორდი დაამყარა შედეგიანი პასების დაგროვებაში 2010–11 სეზონის განმავლობაში – 311. გახლავთ ასევე ბობ კოუზის სახელობის პრიზის მფლობელი. კენდალი კლასიკური პირველი ნომერია, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებს უშუალო მოვალეობას – თანაგუნდელებს გონებამახვილური და დროული გადაცემებით ამარაგებს. წლევანდელ სეზონში მას ბევრ ასპექტში მოუწევს მომატება, თუ სურს, რომ არიზონაში ძლიერი გამთამაშებლის ყოლის 20-წლიანი ტრადიცია მისი სახით გაგრძელდეს. პირველ რიგში, მარშალი უნდა მიეჩვიოს უფრო მაღალ ტემპში თამაშს გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგეების პირისპირ, გასაუმჯობესებელია დაცვაში თამაშიც. მის სტილს ნბა-ში მალე აუღებენ ალღოს, წარმატებული დებიუტისთვის კი, აუცილებელია მრავაფეროვანი ასპექტებით გაამდიდროს შემტევი არსენალი.
http://www.youtube.com/watch?v=0tImwgAF6OA
სასტარტო ხუთეული: გორან დრაგიჩი, ჯარედ დადლი, მაიკლ ბიზლი, ლუის სკოლა, მარცინ გორტატი
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში:
ქულები: ბიზლი – 15,2
მოხსნები: გორტატი – 10,2
გადაცემები: დრაგიჩი – 8,3
ჩაჭრები: დრაგიჩი – 2,1
დაფარებები: გორტატი – 1,6
დაკარგვები: დრაგიჩი – 3,2
დასკვნა: კლუბის მენეჯმენტმა საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა სატრანსფერო ბაზარზე, შეელია რა ვეტერანებს – გრანტ ჰილსა და სტივ ნეშს. მათი ადგილი კი შეავსო ახალგაზრდა მოთამაშეებით. დღევანდელი “ფინიქსი“ წარმოადგენს გამოცდილების და ახალბედების საკმაოდ კარგ ნაზავს, რომელიც თანაბრადაა დაკომპლექტებული ყველა რგოლში. მარცინ გორტატს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ბოლო სეზონში მისი ასე კარგად ათამაშება მხოლოდ კანადელი პლეიმეიკერის დამსახურება არ ყოფილა. დრაგიჩი-დადლი-ბიზლის სამეული ყველაზე არაპროგნოზირებადია ლიგაში. შეუძლიათ, კარგი შეთამაშების შემთხვევაში, ნბა-ს ნებისმიერ გუნდს შეუქმნან პრობლემები, ანდა პირიქითაც, მთელი სეზონის განმავლობაში არიზონელი გულშემატკივრის ნერვებზე ისეირნონ. სლოვენიელ გამთამაშებელს ეძლევა მშვენიერი შესაძლებლობა, ლუის სკოლასთან ააწყოს პიკენროლები. დამდეგი სეზონიდან ახალი ერა იწყება “მზეებისთვის” და მათზე თვალის მიდევნება საინტერესო იქნება.
გიორგი ბარბაქაძე









