საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა სარაევოში 7-8 აგვისტოს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა. ამ ასაკობრივ ჯგუფში 10 წონითი კატეგორიაა და ქართული გუნდის დამრიგებელ ვაჟა კრავეიშვილსაც სრული შემადგენლობა უნდა გაეყვანა ხალიჩაზე, მაგრამ მოულოდნელად, კენჭისყრის ბადეში არ აღმოჩნდა 46 კილოგრამში მოჭიდავე მურთაზ ჩაბრავა და საქმეში 9 ქართველი ჩაერთო. ამათგან სამეულს მიღმა მხოლოდ 3 ჭაბუკი დარჩა.
განსაკუთრებით შედეგიანი ჩემპიონატის დასკვნითი დღე აღმოჩნდა – კრავეიშვილის ოთხივე შეგირდი კვარცხლბეკზე ავიდა. უმაღლეს საფეხურზე კი მხოლოდ ერთი – ფირუზ წულუკიძე შედგა. მოჭიდავემ, რომელიც ერთი წლის წინათ 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა ევროპის ჩემპიონი, ამჯერად, 63 კილოგრამში დაჩაგრა ყველა მეტოქე და ოქროს დუბლი შეასრულა.
საჩემპიონო გზაზე წულუკიძემ თითქმის ყველა ძლიერი კონკურენტი ჩამოიცილა. ევროპირველობა ფინელი ოსკარ ლეტონენის ძლევით დაიწყო, ნორვეგიელი რუბენ ტოფტენდალით, უკრაინელი ანდრეი ციპანითა და რუსი აბუიაზიტ მანციგოვით გააგრძელა და სომეხი კარაპეტ ჩალიანით დააგვირგვინა.
100 კილოგრამში მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას, ჩემპიონობამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგება დააკლდა – უკრაინელ სამირ ვოლოშანინთან ვეღარას გახდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა. ფინალამდე, ქართველმა მძიმეწონოსანმა რუმინელი ბარბაზან ტიბერიუ, პოლონელი ალექსანდერ კროზაკი და გერმანელი იონ კრისტიანი დაჩაგრა.
ამირან შავაძემ (54 კგ) შარშანდელი შედეგი გაიმეორა და ევროპის ჩემპიონატის მე-2 ბრინჯაო მოიპოვა, ოღონდ 2009 წელს ეს 46 კილოგრამში შეძლო, ამჯერად კი, ორი წონით მაღლა. ბოსნიურ ხალიჩაზე შედეგის გაუმჯობესების შანსი მან ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ რაშად შუკუროვთან მარცხით, რეპეშაჟის ფინალში კი, უნგრელ მიჩელ დაჰერს სძლია. ძირითად ბადეში, აზერბაიჯანელთან დაპირისპირებამდე ამირან შავაძემ ბერძენი ალექსიოს მაზლუმიდისი, უკრაინელი ანდრეი ზუბიკი და რუსი მაქსიმ სურკოვი ჩამოიცილა.
ლაშა გობაძემაც (69 კგ) ნახევარფინალში და მომავალ ჩემპიონთან დაასრულა ოქრო-ვერცხლზე ფიქრი. სერბი მილოშ მარიანის, თურქი იუნუშ ემრე ტოპჩუსა და პოლონელი კრჟიშტოფ ფორმელას ძლევის შემდეგ, ქართველი ჭაბუკისთვის დაუძლეველი ბარიერი ბულგარელი ნიკოლაი დობრევი აღმოჩნდა. “ბრინჯაოს ფინალში” კი, გობაძემ უკრაინელ ოლექსეი ოსნიაკს აჯობა.
ორდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს – შვიდ აგვისტოს ჩემპიონ-პრიზიორები 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ქართული ხუთეულიდან კი ედნარ შავაძემ (42 კგ) და რობერტ ქობლიაშვილმა (85 კგ) მოახერხეს სამეულში მოხვედრა.
უმსუბუქეს წონაში კენჭისყრამ 17 მონაწილედან 15 პირდაპირ მე-2 წრეში განთესა. ედნარ შავაძეს კი პირველი წრის გადასალახად ლატვიელი ნიკიტა მასიუკის დამარცხება დასჭირდა. შემდეგ მომავალ ჩემპიონს - აზერბაიჯანელ კარიმ ჯაფაროვს დაეჭიდა და წაგებით რეპეშაჟში გადაერთო, სადაც უკრაინელი რომან პაცურკივსკი და თურქი ალპასლან გისი ომერი ჩამოიცილა და ნაკრებს პირველი ბრინჯაო მოუტანა.
რობერტ ქობლიაშვილიც მე-2 წრიდან დაემშვიდობა ძირითად ბადეს და ისიც მომავალ ჩემპიონთან მარცხით. ბულგარელ ილიან გაზეპოვთან შეხვედრამდე, ქართველმა ლიტველ ტომაშ გალკუსს სძლია, ბრინჯაოს გზაზე კი, ესტონელ ესტ პიკსარს, უკრაინელ აარტიომ კირიჩენკოსა და ავსტრიელ დანიელ გასტლს აჯობა.
მათე ბერიძემ (69 კგ) ჩემპიონატი გერმანელი ცერბერტ შვარცის ძლევით გახსნა, შემდეგ შვეიცარიელ დამიან დიეტშესაც მოუგო, მეოთხედფინალში კი, ისიც მომავალ ოქროსმედალოსანს - რუს ბეკხან ოზდოევს გადაეყარა. კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ასასვლელად ბერიძეს 2 მეტოქის დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ პირველივესთან – თურქ ბატუჰან კოიუნჩუსთან წააგო და საბოლოოდ, მე-8 ადგილს დასჯერდა.
შმაგი ბოლქვაძე (50 კგ) და რამაზ სურმანიძე (58 კგ) ძირითად ბადეს ნაადრევად დაემშვიდობნენ და რახან ფინალში ვერც მათმა მძლეველებმა გააღწიეს, რეპეშაჟში გადართვის შანსიც აღარ მიეცათ. ბოლქვაძე, რომელიც შარშანდელი ევროპირველობის ვერცხლის პრიზიორია, ამჯერად, მხოლოდ ბელარუს იაჰარ ბელიაკს გასცდა და უნგრელ ბენსე იუჰაშთან ვეღარას გახდა. სურმანიძემ კი უნგრელი ადრიან კრანიცი და სომეხი სურენ ჰასრატიანი ჩამოიცილა და ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა. აზერბაიჯანელ როშან ტაგიევთან მარცხმა იგი მე-7 ადგილზე დატოვა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 58 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილი დაიკავა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ჭაბუკები
ევროპის ჩემპიონატი
7-8 აგვისტო
42 კგ
1 კარიმ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი)
2 ტიმურ კოტკოვი (რუსეთი)
3 ედნარ შავაძე (საქართველო)
3 დანიელ გატარაგა (მოლდოვა)
46 კგ
1 მურად მამადოვი (აზერბაიჯანი)
2 ბენცე კოვაჩი (უნგრეთი)
3 ანდრეი მარტინიუკი (უკრაინა)
3 გევორგ ღარიბიანი (სომხეთი)
50 კგ
1 ჰუსეინ აბასოვი (აზერბაიჯანი)
2 რუდიკ მკრტჩიანი (სომხეთი)
3 სერიფ კილიჩი (თურქეთი)
3 ბენცე იუჰაში (უნგრეთი)
54 კგ
1 რაშიდ შუკუროვი (აზერბაიჯანი)
2 ტიგრან აბრაჰამიანი (სომხეთი)
3 ამირან შავაძე (საქართველო)
3 კრისტიან სიმატიჩი (ხორვატია)
58 კგ
1 არტურ სულეიმანოვი (რუსეთი)
2 დმიტრი დობროვი (მოლდოვა)
3 მიხაილ ვონი (გერმანია)
3 როშან ტაგიევი (აზერბაიჯანი)
63 კგ
1 ფირუზ წულუკიძე (საქართველო)
2 კარაპეტ ჩალიანი (სომხეთი)
3 პონტუს ბერგსტრომი (შვედეთი)
3 აბუიაზიტ მანციგოვი (რუსეთი)
69 კგ
1 ბეკხან ოზდოევი (რუსეთი)
2 პეტრუ სევციუში (მოლდოვა)
3 ალექსანდრ ჰაბრუკოვიჩი (ბელარუსი)
3 ბატუჰან კოიუნჩუ (თურქეთი)
76 კგ
1 ტიმურ ხამიკოევი (რუსეთი)
2 ნიკოლაი დობრევი (ბულგარეთი)
3 ლაშა გობაძე (საქართველო)
3 ივან კაპელჩიკი (ბელარუსი)
85 კგ
1 ილიან გაზეპოვი (ბულგარეთი)
2 რუსლან აჯიგოვი (რუსეთი)
3 რობერტ ქობლიაშვილი (საქართვ.)
3 ტაჰა იაშინ დუნდარი (თურქეთი)
100 კგ
1 სამირ ვოლოშანინი (ბულგარეთი)
2 იაკობ ქაჯაია (საქართველო)
3 ჰეიკი იუჰანი ლაჰტი (ფინეთი)
3 იონ კრისტიანი (გერმანია)
გუნდური ჩათვლა
1 რუსეთი 73
2 საქართველო 58
3 აზერბაიჯანი 55
4 სომხეთი 45
5 უკრაინა 39
6 თურქეთი 32
7 ბულგარეთი 31
8 უნგრეთი 29
9 მოლდოვა 28
10 გერმანია 23
ოთარ მაღლაკელიძე







