სტატიები

10:27 | 22.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

"ფლორა" – ესტონური ფეხბურთის სამჭედლო

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე ტალინის “ფლორა”, ესტონეთის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბია. სწორედ აქ დაიწყეს პროფესიული კარიერა ესტონური ფეხბურთის ისტორიაში ისეთმა ცნობილმა მოთამაშეებმა, როგორიც მარტ პოომი, ანდრეს ოპერი, რაიო პიიროა და რაგნარ კლავანი არიან. კლუბი 1990 წელს დაფუძნდა და მას მერე, ესტონეთის მეისტერლიგაში 7-ჯერ გაიმარჯვა, ქვეყნის თასს 4-ჯერ დაეუფლა, ხოლო სუპერთასს – 5-ჯერ. ბოლოს, “ფლორა” ესტონეთის ჩემპიონი 2003 წელს გახდა, ხოლო თასს 2009 წელს დაეუფლა. გასულ სეზონში გუნდმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. ესტონეთის მიმდინარე პირველობაზე მე-2 ადგილზეა და “ლევადიას” ჩამორჩება, მაგრამ მეტოქეზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ტალინელები ევროტურნირებზე 1994-1995 წლების სეზონიდან გამოდიან და იქიდან მოყოლებული, არცერთი წელიწადი არ “ჩაუგდიათ”. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე, უეფას თასსა და ევროპის ლიგაზე წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან – ისინი მომდევნო ეტაპზე ჯერ არასოდეს გასულან. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა 10 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. მეტოქის კარში 9 გოლი გაიტანა, საკუთარში კი, 25 მიიღო. უეფას თასსა და ევროპის ლიგაზე “ფლორამ” 24 თამაში გამართა - 3-ჯერ იმარჯვა, 6 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 15 წააგო. ესტონელებმა 12 გოლი გაიტანეს და 44 გაუშვეს.
გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მარტინ რეიმი, “ფლორაში” 1992-1999 და 2001-2008 წლებში თამაშობდა. ამპლუით ცენტრალურმა ნახევარმცველმა, საერთო ჯამში, გუნდის შემადგენლობაში 209 მატჩი ჩაატარა და 54 გოლი გაიტანა. 1992-2009 წლებში, ესტონეთის ეროვნულ გუნდში მან 157 შეხვედრა გამართა და მეტოქის კარი 14-ჯერ აიღო. ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით, ის ესტონეთის რეკორდსმენია. 39 წლის რეიმი, “ფლორას” სათავეში 2010 წლის დასაწყისში ჩაუდგა.
“ფლორაში” სამი ლეგიონერი გამოდის, რომელთა შორის ორი ქართველია – 20 წლის ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი და თავდამსხმელი ალექსანდრე აბაშიძე, რომელიც აგვისტოში 21 წლის ხდება. მესამე, ფინელი მცველი ვალერი მინკენენია. ქართვე¬ლებიდან მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ბეგლარიშვილს აქვს, ხოლო აბაშიძე ძირითად გუნდში ჯერ ვერ დამკვიდრდა. სხვათა შორის, 1995-1996 წლების სეზონში, ტალინელთა ღირსებას ოთარ კორღალიძე იცავდა, რომელმაც ესტონეთის ჩემპიონატში 8 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. “ფლორაში” ესტონეთის ეროვნული ნაკრების 4 ფეხბურთელი ირიცხება – მცველები კარლ პალატუ და გერტ კამსი, ნახევარმცველი სერგეი მოშნიკოვი და თავდამსხმელი ალო დუპიკოვი.  
 “ფლორა” საშინაო მატჩებს ტალინის “ლე კოგ არენაზე” მართავს, სადაც 9 692 მაყურებელი ეტევა.

ლაშა თაბაგარი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088632