გულშემატკივრის სვეტი

20:12 | 20.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენციაში “უძღები შვილი” დაბრუნდა

“ფიორენტინაში” დაბრუნებულმა ფლორენციის “უძღებმა შვილმა”, ლუკა ტონიმ, გასულ კვირას, “კატანიასთან” მატჩის დროს, შეცვლაზე გამოსვლისთანავე გაიტანა გოლი და ფლორენციელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ასეთი რამ ყოველდღე ნამდვილად არ ხდება. ყოველდღე, გუნდებში ძველი ბომბარდირები არ ბრუნდებიან და არც მინდორზე შესვლისთანავე გააქვთ გოლი. თუმცა, ლუკას დაბრუნებამ და გოლმა, განსაკუთრებული ხმაური მაინც არ გამოიწვია. “იების ქალაქში” ლუკა ტონის სახელი ისე ომახიანად ვეღარ ჟღერს, როგორც ადრე. “არტემიო ფრანკიზე” შეკრებილი ტიფოზები დღეს სხვა სახელს ჰყვირიან და სხვა კუმირი ჰყავთ. მით უმეტეს, ლუკა ტონის, ფლორენციაში ბევრი მოღალატედ მიიჩნევს.
ტონი “ოქროს ბუცის” მფლობელი სწორედ “ფიორენტინაში” თამაშის დროს გახდა და გულშემატკივრებს რასაკვირველია კარგად ახსოვთ ლუკას მიერ მოწყობილი “გოლების ფოიერვერკებიც.” მაგრამ, სწორედ მაშინ, როდესაც “ვიოლა” გზაგასაყარზე იდგა - ან ბრძოლისუნარიან, მაღალი ადგილებისათვის მებრძოლ გუნდად უნდა ქცეულიყო ან, საშუალო დონის გუნდის სტატუსით უნდა ეარსება, ლუკა ტონიმ ქუდი დაიხურა და მიუნჰენის “ბაიერნში” წავიდა.
მიუნჰენური გიგანტი “ფიორენტინაზე” მეტის შემძლე გუნდი რომაა – ეს საკამათოც არაა და ლუკას არჩევანიც, ერთი შეხედვით, გამართლებული იყო, მაგრამ სულ სხვაგვარად ფიქრობდნენ ფლორენციელი ტიფოზები, რომლებსაც ტონის გუნდიდან წასვლით, დიდ გუნდად ქცევის ოცნებები დაემსხვრათ. სწორედ ამიტომ, როდესაც ლუკა ტონიმ “კატანიასთან” შეხვედრაში გოლი გაიტანა, “არტემიო ფრანკის” ტრიბუნები კი ახმაურდა, მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ, ტიფოზები თითქოს ჯიბრზე, ერთხმად, სტევან იოვეტიჩის სახელს სკანდირებდნენ.
ფლორენციელებმა ლუკას ჯერ ვერ გაუხსნეს გული. პირიქით - ”ფიორენტინას” გულშემატკივრებმა ტონის აჩვენეს, რომ მათ ახალი კერპი ჰყავთ, რომელმაც ლუკას არყოფნაში ლიდერის სიმძიმე იტვირთა და თუკი “იების” მიერ ჩატარებულ შეხვედრებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მოპოვებულ გამარჯვებებში ლომის წილი სწორედ ჩერნოგორიელ “იო-იოს” მიუძღვის.
ფლორენციელებმა წყენის გულში ჩადება რომ იციან, ეს წლების წინათ, გაბრიელ ბატისტუტას “რომაში” წასვლის დროსაც დადასტურდა. ფლორენციაში გამუდმებული წარუმატებლობით გადაღლილი “ბატი-გოლის” დედაქალაქში გადაბარგების შემდეგ, “ფიორენტინას” გულშემატკივრებმა ფლორენციაში აღმართული ბატისტუტას ძეგლი აიღეს და ამით ძალიან დასწყვიტეს გული არგენტინელ ფეხბურთელს. რამდენად სამართლიანი იყო ფლორენციელი ტიფოზების გულისწყრომა – ეს თავად განსაჯეთ, მაგრამ გავიდა დრო და ის კი ყველამ დაინახა, რომ გაბრიელ ბატისტუტა “ფიორენტინას” ლეგენდად დარჩა, ლუკა ტონიმ კი, მაინც ვერა და ვერ მოიცილა “მოღალატის” იარლიყი.
ვინ უფრო მეტს მიაღწია, ტონიმ თუ ბატისტუტამ? სტატისტიკურ მონაცემებში რომ გადავეშვათ, ვნახავთ, რომ ლუკა ტონის მიღწევები ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე არგენტინელი ფორვარდისა. “ოქროს ბუცი” და მსოფლიოს ჩემპიონობა ის მონაპოვარია, რასაც ლუკა ტონისგან განსხვავებით, ბატისტუტა ვერ შესწვდა. მაგრამ, არის კი ლუკა ტონი ბატისტუტაზე დიდი ფეხბურთელი? დატოვევბს კი, მსოფლიო ფეხბურთში ტონი გაბრიელისთანა კვალს?..
ისე კი, ერთგვარად სასიხარულოცაა და დამაინტრიგებელიც, ლუკა ტონის “ფიორენტინაში” დაბრუნება. ფლორენციელთა თამაშებს ახლა დამატებითი ინტერესი მიეცემა, რაც ნეიტრალური ქომაგებისათვისაც სასიამოვნოა. თუმცა, ლუკა ტონი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ძალიან გაუჭირდება სტევან იოვეტიჩის ჩრდილიდან გამოსვლა. პატარა “იო-იო” ხომ უკვე დიდი კაცია!

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09268