ფრანკო ბარეზი იმ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ხანგრძლივი კარიერა მხოლოდ ერთ კლუბში გაატარეს. მან “მილანის” შემადგენლობაში 20 წელიწადი დაჰყო (1977-1997) და ამ ხნის განმავლობაში ყველა სახის ტურნირში ჩატარებულ 629 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ბარეზიმ 12 წელიწადი (1982-1994) ითამაშა და მონაწილეობა სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე (1982, 1990 და 1990) მიიღო. საერთო ჯამში, “სკუადრა აძურას” მაისური ბარეზიმ 82-ჯერ მოირგო და ერთი ბურთი მიითვალა. “მილანში” და იტალიურ ფეხბურთში მის მაღალ ავტორიტეტზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მილანურ კლუბში 6-ნომრიანი მაისური არავის ჩაუცვამს.
ცალციონეწს-მა გამოქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც ბარეზი წარსულ იხსენებს, ყველაზე უხერხულ მეტოქეზე საუბრობს და განვლილ მუნდიალზე იტალიის ეროვნული გუნდის მიერ განცდილი ფიასკოს თავისებურად აანალიზებს.
- “მილანში” 20 წელიწადი თამაშობდით და კლუბთან ერთად ბევრი ტიტული მოიგეთ როგორ იტალიაში, ასევე, საერთაშორისო არენაზე. შეგიძლიათ გაიხსენოთ სეზონი, რომელმაც თქვენ მეხსიერებაში ყველაზე გამორჩეული კვალი დატოვა?
- რა თქმა უნდა, ეს 1987-1988 წლების სეზონი იყო, როდესაც 9-წლიანი შესვენების შემდეგ, “სკუდეტო” კვლავ მოვიპოვეთ. არა მხოლოდ მოვიპოვეთ, არამედ, არიგო საკის ხელმძღვანელობით სრულიად ახალი თამაში ვაჩვენეთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო რევოლუცია ფეხბურთში. შემდეგ კი, იტალიის სუპერთასი მოვიგეთ, რასაც ორჯერ ჩემპიონთა თასზე, ევროპის სუპერთასზე და საკონტინენტთაშორისო თასზე გამარჯვება მოჰყვა.
- თქვენი აზრით, შემდეგ საკის რა მოუვიდა? მან მწვრთნელობას თავი საკმაოდ ადრე დაანება...
- ის საუცხოოდ იწყებდა და ჩვენ მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. თუმცა, დასახული ამოცანების მიღწევისას მიზანმიმართულმა და ჟინიანმა საკიმ, ჩემი აზრით, ზედმეტად მოახდინა კონცენტრირება მხოლოდ ერთზე –ახალი თამაშის შექმნისას საკუთარ გამოცდილებაზე. “კალჩოში”, სადაც ტაქტიკას დიდი ყურადღება ეთმობა, არ შეიძლება მხოლოდ ერთ სათამაშო სქემაზე იყო მიჯაჭვული და მუდმივად სრულყოფაზე უნდა იმუშავო.
- 1990-იანი წლების დასაწყისში იტალიურ ცნობარებში გრანკო ბარეზი ლიბეროდ მოიხსენიებოდა, რაც “კატენაჩოს” შეუცვლელი ელემენტი იყო. თავად როგორ განსაზღვრავთ საკუთარ ამპლუას?
- თავდაპირველად სწორედ ლიბერო ვიყავი, მაგრამ საკის მოსვლისა და 4-4-2 სათამაშო ტაქტიკაზე გადასვლის შემდეგ, მეორე ცენტრალურ მცველთან უფრო ახლოს თამაში დავიწყე. თუმცა, მაშინაც დაცვაში პარტნიორების დაზღვევის დროს, მე მაინც თანაგუნდელებზე უფრო ხშირად მიწევდა, ჩვენი საერთო შეცდომების გამოსწორება. ახლა არაკორექტული იქნებოდა საუბარი კატენაჩოზე, რომელიც წარსულს ჩაბარდა, მაგრამ “იტალიურად თამაშის” სისტემა, ცხადია, საიმედო უკანა ხაზს ითვალისწონებს.
- მეტოქეებიდან ვინც კი ოდესმე მოედანზე შეგხვედრიათ, ყველაზე მეტ პრობლემას რომელი გიქმნიდათ?
- ამის თაობაზე შეიძლება ბევრი ვისაუბრო, მაგრამ მხოლოდ ერთ სახელსა და გვარს დავასახელებ –დიეგო არმანდო მარადონა, რომელიც მაშინ “ნაპოლიში” გამოდიოდა. მასთან პირისპირ დარჩენისას, არგენტინელის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. თუმცა, იტალიელ მცველებს კარგად დამუშავებული ურთიერთდაზღვევა გვშველოდა.
- როდესაც საფეხბურთო კარიერას იწყებდით, თქვენი კერპი წარსულის რომელი მცველი იყო? იქნებ, ჩერვატო, მალდინი-უფროსი ან ვინმე გრე-ნო-ლის ეპოქის “მილანის” შემადგენლობიდან?
- რას ამბობთ! ზემოთ ხსენებული ფეხბურთელები როდესაც კარიერის პიკზე იყვნენ, ჯერ დაბადებულიც არ გახლდით. ჩვენთვის, ახალგაზრდა მცველებისთვის, დაცვაში თამაშის მაგალითს, ტურინის “იუვენტუსის” ლიბერო, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი გაეტანო შირეა წარმოადგენდა. ჩემი აზრით, მაშინ არსებობის ისტორიაში საუკეთესო ეროვნული გუნდი გვყავდა.
- მაღალი დონის მცველს განსაკუთრებით რა უნდა გამოარჩევდეს?
- კარგი ფიზიკური და ტაქტიკური მომზადების გარდა, მცველისთის უდიდესი მნიშვნელობა კონცენტრაციას ენიჭება. თამაშის მსვლელობისას მოდუნება ერთი წუთითაც არ შეიძლება და მეტოქის მოულოდნელი სვლებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. გაიხსენეთ რა დაემართათ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აფრიკული გუნდების მოთამაშეებს. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან, საუცხოო სისწრაფე აქვთ და ტაქტიკურადაც განსწავლულების არიან. თუმცა, რაღაც მომენტში მათ კონცენტრაციის ნაკლებობა დააღალატებს ხოლმე და გუნდიც “ჩავარდება”.
- რადგან მსოფლიოს ჩემპიონატს შეეხეთ, სამხრეთ აფრიკაში იტალიის ნაკრების წარუმატებლობას გვერდს ვერ ავუვლით. რა იყო ამის მიზეზი?
- რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რაც სამხრეთ აფრიკაში მოხდა. პრინციპში, “სკუადრა აძურას” ჯგუფიდან გასვლა და უფრო შორს წასვლა შეეძლო. მის შემადგნელობაში გამოცდილი ფეხბურთელები იყვნენ, ხოლო გუნდს ისეთი დონის მწვრთნელი ჰყავდა, როგორიც მარჩელო ლიპია. თუმცა, ფეხბურთი ფეხბურთია - მცირედი დაბნეულობა და თამაშიდან გამოთიშული ხარ. ალბათ, გუნდმა გარკვეული ტაქტიკური შეცდომებიც დაუშვა. მიუხედავად ამისა, ლიპის ვერ დავადანაშაულებ, რომ მას გუნდში სხვა ფეხბურთელები უნდა აეყვანა. მან ის მოთამაშეები მიიწვია, რომლებსაც რეალურად სარგებლობის მოტანა შეეძლოთ, ხოლო სხვები არც იყვნენ. არ მგონია, ერთი-ორ ცვლილებას რადიკალურად რაიმე შეეცვალა. პრობლემა ისაა, რომ სერია A-ში ლეგიონერების სიმრავლის გამო, ადგილობრივი ნიჭიერი ფეხბურთელები ძალიან ნელა ოსტატდებიან. მაგალითად, ადრე ნაკრების ბირთვი იტალიის ჩემპიონატის წამყვან კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შედგებოდა. მოდით, ვნახოთ გასული სეზონის სერია A-ს წამყვანი კლუბები.
“ინტერს” გასაგები მიზეზების გამო ნაკრებში არავინ ჰყოლია, თუმცა მიხარია, რომ ჩემმა ძმამ ჯუზეპემ, რომელიც ჟოზე მოურინიოს თანაშემწე იყო, გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. “რომას” სამხრეთ აფრიკაში დე როსი წარმოადგენდა, ხოლო “მილანს” - ჯანლუკა ძამბროტა, ჯენარო გატუზო და ტრავმირებული ანდრეა პირლო. ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის მიზეზად პირველყოვლისა მაღალი დონის მოთამაშეების ნაკლებობას ვთვლი. ლიპი არჩევანში შეზღუდული იყო, რაც საუცხოოდ ესმოდა და ამიტომ, მომხდარზე პასუხისმეგბლობა აიღო.
- სერია A-ს კლუბებში მოთამაშე მცველებიდან თუ ხედავთ ისეთებს, რომლებსაც ახალი ფორმაციის იტალიის ნაკრებში დამკვიდრება შეუძლიათ?
- რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელები არიან. მაგალითად, ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა რანოკია “ბარიდან”, სალვატორე ბოკეტი “ჯენოადან”. ნაკრების დაცვის ბურჯად შეიძლება ჯორჯო კიელინი იქცეს. რაც შეეხება სხვა სათამაშო რგოლებს, ჯერ კიდევ ბოლო სიტყვა არ უთქვამს ანდრეა პირლოს, ხოლო ჯანლუიჯი ბუფონის გამოცდილება და ოსტატობა თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. გარდა ამისა, იმედისმომცემი ახალგაზრდობა იზრდება “მილანში”. ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რადგან ცოტა ხნის წინ, მილანელთა ასაკობრივ გუნდებს ვავარჯიშებდი.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







