სადღეისოდ, გულშემატკივართა ყურადღება სამხრეთ აფრიკისკენაა მიმართული, თუმცა, ქომაგებს ევროპის წამყვან კლუბებში მიმდინარე წინასასეზონო პროცესებიც აინტერესებთ. ამიტომაც, მათთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ცნობა იმის თაობაზე, რომ ბუნდესლიგური “ჰოფენჰაიმის” 19 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ფრანკო სუკულინი, “ნაპოლიში” აპირებს გადასვლას. სუკულინი 2008-09 წლებში, სამშობლოში “რასინგის” ღირსებას იცავდა, გასული სეზონი ჰოფენჰაიმში გაატარა (7 მატჩი, ერთი გოლი), მომდევნო თვიდან კი, დიდი შანსია, ნეაპოლში გადაბარგდეს.
- ფრანკო, ბოლო დროს, შენს ტრანსფერთან დაკავშირებით აჟიოტაჟია ატეხილი. რას იტყვი ამის თაობაზე?
- ამჟამად, ოჯახის წევრებთან ერთად ვარ, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს ვუყურებ, იტალიურ პრესას რეგულარულად ვეცნობი.
- რას გვეტყვით ნეაპოლში გადასვლის პერსპექტივაზე?
- “ნაპოლიში” დიეგო მარადონა თამაშობდა, ამიტომაც, ეს კლუბი ნებისმიერი არგენტინელის საოცნებოა. ამასთან, გუნდს მდიდარი და ხანგრძლივის ისტორია აქვს. “ნაპოლიში” გამოსვლა ყოველთვის მსურდა, განსაკუთრებით ბავშვობაში. მოგეხსენებათ, ნეაპოლელებმა ევროპის ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, რაც მათ რიგებში გამოსვლის სურვილს მიმძაფრებს.
- რა ეტაპზეა კონტრაქტის გაფორმების საქმე?
- გუშინ, ჩემს პირად აგენტს ვესაუბრე, რომელმაც დამიდასტურა, რომ კონტრაქტი ხელმოსაწერად გამზადებულია.
- თუკი ასეა, დიდი შანსია, ესეკიელ ლავესის თანაგუნდელი გახდეთ...
- ეს, ჩემთვის კიდევ ერთი სტიმულია.
- “ჰოფენჰაიმის” ხელმძღვანელებთან თუ გქონდა საუბარი?
- მათ ავუხსენი, რომ კარიერის იტალიაში გაგრძელება მსურს. არა მგონია, “ჰოფენჰაიმის” ბოსებს ჩემი არ ესმოდეთ და გამინაწყენდნენ. რთული სეზონი მქონდა და ჩემპიონატის გამოცვლა მსურს. ბუნდესლიგაში მწვრთნელი ცოტას მათამაშებდა, იმედია, სერია A-ში უფრო მეტად გამიმართლებს.
- ერთი წლის წინათ, ტურინის “იუვენტუსში” გადასვლის შანსი გქონდა...
- 18 წლის ბიჭისთვის “იუვეში” გადასვლა, ნაადრევი იყო. ტურინს ჰოფენჰაიმი ვამჯობინე...
- ყველაზე მეტად, რომელი ფეხბურთელის თამაშის მანერა გხიბლავთ?
- ხავიერ მასკერანოსი. ძალიან მახარებს, ჩემი ახლობლები მას რომ მადარებენ.
- იტალიურად თუ საუბრობ?
- იტალიური ესპანურს ჩამოჰგავს. ამიტომაც, 3 თვე მეყოფა აპენინელთა მშობლიური ენის ასათვისებლად.
- ნეაპოლში მეგობრები თუ გყავს?
- კარგად ვიცნობ ფილიპო ფუსკოს, რომელიც “ნაპოლის” მენეჯერი იყო. იგი კლუბს, ქალაქსა და იქაურ ტიფოზებს აქებს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ







