ლონდონის “ჩელსის” სპორტული დირექტორი ფრენკ არნესენი, ინგლისურ კლუბში გატარებული 5 წლის შემდეგ, მიმდინარე სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებს. 54 წლის დანიელს, “არისტოკრატებში” მნიშვნელოვანი ფუნქციები ეკისრა – პირველი გუნდის საქმიანობის კოორდინაცია, მთავარი მწვრთნელის მხარდაჭერა, სარეზერვო გუნდთან და საფეხბურთო აკადემიაში მუშაობა. ამასთანავე, ის პასუხისმგებელი იყო ლონდონელთა საფეხბურთო სკაუტების საქმიანობაზე. დანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც ჰოლანდიურ პსვ-სთან ერთად ევროპის ჩემპიონთა თასი მოუგია, თვლის, რომ ინგლისურ კლუბში საკუთარი თავი ამოწურა, მაგრამ “ჩელსის” ოფიციალური ვებ-გევრდისთვის მიცემულ ინტერვიუში არ დაუსახელებია სად გააგრძელებს კარიერას.
- გადადგომის შესახებ განცხადება უკვე გააკეთეთ. რამდენად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?
- მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის რთულია. განსაკუთრებით, ჩემთვის, რადგან კლუბში ხანგრძლივი პერიოდი გავატარე და თითოეული წუთით ვტკბებოდი. ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში მიზანმიმართულად მივდიოდი ამ ნაბიჯამდე. შესაფერისი მომენტი შევარჩიე, რომ მეც და კლუბსაც დრო გვქონოდა, რათა სეზონის ბოლოსთვის ყველა აუცილებელი საკითხი დარეგულირებულიყო.
- ინგლისის ახალგაზრდულ თასზე გამარჯვებამ თქვენ და კლუბს სერიოზული პერსპექტივის გრძნობა ჩაგისახათ – ასეა?
- ორი წლის წინ, მსგავს წარმატებასთან ახლოს ვიყავით. ჩვენ ძალიან ნიჭიერი გუნდი გვყავდა, მაგრამ საბოლოოდ, დავმარცხდით. ასე რომ, ვიცოდით წინ ნაბიჯი როგორ უნდა გადაგვედგა. როგორც კი ინგლისურ ფეხბურთში მივედი, მაშინვე ვთქვი, რომ ინგლისის ახალგაზრდული თასი საუკეთესო ჭაბუკთა ტურნირია – თამაში დიდ სტადიონზე გიწევს და შეხვედრები ტელევიზიით გადაიცემა. ეს ყველაფერი, მოთამაშეებს და გუნდის პერსონალს იმის შეგრძნებას აძლევს, რომ ისინი უმაღლესი დონის შეჯიბრზე, ფაქტობრივად, პრემიერლიგაში ასპარეზობენ. ჩვენ კენჭისყრაში გაგვიმართლა და ბოლო მატჩს სახლში ვატარებდით. როდესაც იმარჯვებ, საუცხოო რამ არის.
- “ჩელსის” “ფანები”, სამომავლოდ იმედიანად უნდა იყვნენ?
- ვფიქრობ, აღფრთოვანებისთვის ბევრი მიზეზი ექნებათ. კლუბში 5 წლის წინ მივედი და ვხედავ, რომ “ჩელსიში” არა მხოლოდ მოთამაშეების დონეა მაღალი, არამედ, მათთან მომუშავე პერსონალისაც. ასე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ამ ხალხთან ერთად ყოველდღე ვმუშაობ და მათ კვალიფიკაციას ვხედავ. ეს, როგორ უნდა შეფასდეს? კვირიდან კვირამდე კლუბში მუშაობით. ყოველ კვირას ვუყურებ 9, 10 და ა.შ. ასაკის ბავშვთა თამაშებს. ბოლო წლებში რეალურ პროგრესს ვამჩნევ. საქმე არა მხოლოდ გამარჯვებებშია, არამედ, თავად ფეხბურთში. ჩვენ ახალი სათამაშო სქემა, ახალი ფილოსოფია გვაქვს. თავად შეგიძლიათ ნახოთ, რომ ფეხბურთელები და მწვრთნელები ყველაფერს აკონტროლებენ. 12, 13 ან 14 წლის ბიჭებიც კი, უკვე მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებენ.
- მიმდინარე სეზონში, ვხედავთ, რომ კარლო ანჩელოტი ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს იყენებს – ეს სერიოზული ნაბიჯია, არა?
- თავდაპირველად, უნდა გვესმოდეს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათანადო სათამაშო კლასი აქვთ. ამჟამინდელი, ახალგაზრდობა ძალიან ნიჭიერია. თუმცა, მეორე მომენტიცაა. ანჩელოტი მათ განსავითარებლად ყველაფერს აკეთებს და რაც მთავარია, ამ ფეხბურთელების სჯერა, რადგან ისინი მართლაც კარგები არიან. გასულ სეზონში, ახალგაზრდა მოთამაშეები უბრალოდ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ და ისეთი ფეხბურთელებისგან სწავლობდნენ, როგორიც, მაგალითად, დიდიე დროგბაა. დღესდღეობით, ისინი პირველი გუნდის 25 ფეხბურთელს შორის ხვდებიან. მათ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლონ და “ჟილინასთან” მატჩი ამის კარგი მაჩვენებელია. გულდაწყვეტილი ვიყავი როდესაც გოლი გავუშვით, რადგან გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, მაგრამ წარმოუდგენლად გამეხარდა, როცა მეორე ტაიმში ფეხბურთელები ათამაშდნენ და საჭირო შედეგი ვაჩვენეთ.
- კლუბისადმი თქვენი სიყვარული გადამდებია, მაგრამ რა ელის ფრენკ არნესენს მომავალში?
- ყველაფერი, რაც ხდება, ჩემს გონებაში ხდება. ჩემთვის გამოწვევა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამ კლუბში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საკუთარი მისია შევასრულე. არც კი ვიცი მომავალში რას გავაკეთებ. ჩემთვის ყველაზე მთავარია მიზნები დავისახო და ისინი შევასრულო. გავაკეთო ის, რისიც მჯერა.
- “ჩელსიში” თქვენი მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად რა მიგაჩნიათ?
- რთული სათქმელია, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვმუშაობდი და სხვადასხვა სფეროში ძალიან საინტერესო ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა. თუმცა, ყოველთვის ამაღელვებელი მომენტი იყო, როდესაც მოთამაშე და მისი მშობლები “ჩელსისთან” გაფორმებულ კონტრაქტს ხედავდნენ – ეს გაწეული მუშაობის მწვერვალი გახლდათ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეძებთ და როდესაც ისინი კონტრაქტებს აფორმებენ, ეს ნიშნავს, რომ მათი გვჯერა და შანსს ვაძლევთ ლურჯი სათამაშო ფორმა მოირგონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. გარდა ამისა, გასული სეზონი რომ ავიღოთ – არცთუ ისე ხშირად იგებ ინგლისის პრემიერლიგას, ასოციაციის თასსა და ინგლისის ახალგაზრდულ თასს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







