ასე იწყება ახალი ზელანდიის გაზეთ “ვაირარაპა ნიუსის” სტატია, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორეხაზელსა და 8 ნომერ მამუკა გორგოძეს ეძღვნება. იგი პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდში ახალზელანდიური პრესის ყურადღების ცენტრში მოხვდა.
სტატია შთამბეჭდავი სათაურით: “გორგოძილა – საქართველოს პასუხი ჯონა ლომუს”, მამუკა გორგოძის სპორტული კარიერის მნიშვნელოვან მომენტებზე მოგვითხრობს.
“ვაირარაპა ნიუსი” იმავე სახელწოდების რეგიონის ცენტრალური გაზეთია, რომელიც ქალაქ მასტერტონში გამოიცემა. ამ ქალაქში ბორჯღალოსნები ერთ კვირას დაჰყოფენ და პალემერსტონ ნორსში გასამართი ორი მატჩისთვის მოემზადებიან: 28 სექტემბერს რუმინეთის, ხოლო 2 ოქტომბერს – არგენტინის წინააღმდეგ.
ქალაქი ქართველი მორაგბეების ჯეროვანი მასპინძლობისთვის ემზადება. საჯარო ღონისძიებების ნუსხაზე თვალის გადავლება მასტერტონელების შესაშურ სტუმართმოყვარეობაზე შეგვიქმნის შთაბეჭდილებას: ქალაქში უკვე ჩამოყალიბდა ბორჯღალოსნების ქომაგთა კლუბი კეტრინ როსიტერ სტიდის ხელმძღვანელობით, რომელიც ქართველებს პალმერსტონის მატჩებზე დაუჭერს მხარს.
ამას გარდა, დაგეგმილია საზოგადოებრრივი აქტივობების მთელი სერია: 19 სექტემბერს მასტერტონში ჩასული ბორჯღალოსნები ადგილობრივი მაორების ზეიმს დაესწრებიან, რომლის დროსაც მათ სალოცავთან – მარაესთან მიიწვევენ. იქვე უნდა გაიმართოს რიტუალური ცეკვები, რომელსაც ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი მონაწილენი შეასრულებენ. მასტერტონის სარაგბო კლუბის მოთამაშეები სტუმრებს მაორების საბრძოლო ჰაკას ხილვითაც გაახარებენ.
20 სექტემბერს საქართველოს დელეგაციის წევრებს ქალაქის მერთან და ოფიციალურ პირებთან ლანჩზე ელიან, 21-ში ნაკრებისთვის ცხვრების გაკრეჭის პროცესის ჩვენებაა დაგეგმილი, 22-ში კი მასტერტონის მთავარ ქუჩაზე დიდი აღლუმი მოეწყობა, რომელშიც ჩვენი მორაგბეების მონაწილეობა დიდ პატივად ჩაითვლება.
24 სექტემბერს დედოფალ ელისაბედის სახელობის პარკში საქართველოს ნაკრებს ბარბექიუზე დაპატიჟებენ. ეს არის ტიპური ახალზელანდიური პიკნიკი, რომელზეც უხვად იქნება წარმოდგენილი ადგილობრივი სამზარეულოს საუკეთესო ნიმუშები. აქვე გაიმართება ეგრეთ წოდებული სახალხო სეირნობა - მინი რაგბის მოედანზე თავიანთ ოსტატობას მასტერტონელი ბავშვები აჩვენებენ. მასპინძლებს იმედი აქვთ, რომ მათ თამაშში ქართველი მორაგბეებიც ჩაერთვებიან.
მნიშვნელოვანია სერ ბრაიან ლოჰორის ჩართვა ქართული დელეგაციის პატივსაცემად დაგეგმილ ღონისძიებებში: ლოჰორი ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელია. სწორედ მისი დამრიგებლობის პერიოდში გახდა ლეგენდარული “ოლ ბლექსი” პირველად და ჯერჯერობით, ერთადერთხელ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი. ეს, 1987 წლის საინაუგურაციო პირველობაზე მოხდა.
ამას გარდა, ქალაქ მასტერტონის მერი ჩვენ გუნდს სასტუმროში ეწვევა. ამ ვიზიტის დროს ქართველ მორაგბეებს საშუალება მიეცემათ, ადგილობრივი წარმოების ღვინო დააჭაშნიკონ და თავად ღვინის მწარმოებლებსაც გაეცნონ. ვაირარაპას მხარეში ხომ საუკეთესო ახალზელანდიურ ღვინოს აყენებენ!
ასე, რომ, ახალი ზელანდიის მეღვინეობის რეგიონი, ღვინის ქვეყნის მორაგბეთა ნაკრებისა და დელეგაციის მართლაც რომ ქართული მასპინძლობისთვის ემზადება.









