პორველად საქართველოს ისტორიაში, ფუტსალის სტუდენტური ნაკრები მსოფლიოს სტუდენტურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. გუნდი ესპანეთის ქალაქ მალაგაში ხვალ გამთენიისას მიემგზავრება და თამაშებს 14-20 ივლისს გამართავს.
მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც FIFA-სა და FISU-ს ეგიდით ტარდება, 16 გუნდი იღებს მონაწილეობას. ესენი არიან: ესპანეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ისრაელი, უკრაინა, ბრაზილია, ირანი, გერმანია, რუსეთი, ომანი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, პორტუგალია, საქართველო, ჩინეთი და ტაილანდი. კენჭისყრის შედეგად ტურნირის დებიუტანტი საქართველოს სტუდენტური ნაკრები D ჯგუფში - პორტუგალიის, ჩინეთისა და ტაილანდის ნაკრებებთან მოხვდა. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეულის ორ-ორი საუკეთესო, ანუ 8 გუნდი პლეი ოფში ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო დანარჩენები IX-XVI ადგილებს გაითამაშებენ. ანუ, ყველა ადგილი გათამაშდება და თითოეულ გუნდს 6-6 თამაშის ჩატარება მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები სრულად სტუდენტებითაა დაკომპლექტებული, შემადგენლობა კი ასეთია: გიორგი ბრეგვაძე (სტუ), დავით კეფაშვილი (თსუ), შოთა თოფურია (სეუ), დიმიტრი ანდღულაძე (სეუ), გია ნიკვაშვილი (სეუ), გიორგი პირველი (სტუ), დავით წინწკალაძე (სტუ), ბესიკ ოსეფაშვილი (სტუ), ილია მოდებაძე (სტუ), რასიმ ყურბანოვი (საქართველოს უნივერსიტეტი), გიორგი კვანტალიანი (ილიას უნივერსიტეტი), გია ნინოშვილი (ილიას უნივერსიტეტი), მიხეილ თევზაძე (თსუ).
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ასისტენტი: ლაშა ცნობილაძე
დღეს, “მიხეილ მესხის” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ლექსო გუგავამ, ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბაქრაძემ, ფუტსალის სტუდენტური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და გუნდის კაპიტანმა შოთა თოფურიამ პრესკონფერენცია გამართეს:
ლექსო გუგავა: “ჩვენი მიზანია ფუტსალში ძლიერი სტუდენტური ლიგის შექმნა და გასული წლების შედეგების მიხედვით პირველად შეიქმნა საქართველოს სტუდენტური ნაკრები, რომელიც ასევე პირველად, წელს მსოფლიოს სტუდენტურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ამიცანა იყო, რომ პროფესიონალი მოთამაშეებიდან არავინ დაგვემატებინა და ამით სტუდენტების მოტივაცია გაგვეზარდა, რაც მოვახერხეთ კიდეც. ახალი სეზონიდან შიდა ჩემპიონატში 32 უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას და 16-16 გუნდიანი უმაღლესი და პირველი ლიგა გვექნება. მინდა ავღნიშნო, რომ მომავალშიც სტუდენტურ ნაკრებებში მხოლოდ სტუდენტები ითამაშებენ.
გრძელვადიანი გეგმის თანახმად, გვსურს, რომ ევროპული მოდელის მსგავსად ძლიერი სისტემა ჩამოვაყალიბოთ და ყველა უნივერსიტეტი ჩავრთოთ სტუდენტურ სპორტში. სამომავლოდ, ამ სტუდემტებში გამოჩნდებიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებიც სხვადასხვა სპორტის სახეობაში პროფესიონალურ დონეზე გადაერთვებიან და ისედაც, სტუდენტური სპორტი ჯანსაღი თაობის აღზრდას შეუწყობს ხელს.
ფუტსალში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი ბევრი იყო, მაგრამ შეირჩა 16 ქვეყანა, სადაც სპორტის სახეობა სხვებზე მეტადაა განვითარებული. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციას და თბილისის მერიას, რომელთა დახმარების გარეშეც ჩვენი გუნდის მალაგაში გამგზავრება ვერ მოხერხდებოდა. რაგბის კავშირთან უკვე გაფორმდა მემორანდუმი, ვთანამშრომლობთ ფეხბურთის ფედერაციასთან და იმედია, მომავალში სხვა ფედერაციებთანაც გაღრმავდება ურთიერთობა. ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის უდიდესი პატივია საქართველოს დროშის ქვეშ თამაში და მწამს, ესპანეთში თავს არავინ დაზოგავს”.
ავთანდილ ასათიანი: “ერთი თვეა შევიკრიბეთ და ესპანეთში გაეცემა კითხვას პასუხი, თუ რა დონეზე მოვემზადეთ. მივესალმები იმ ფაქტს, რომ გუნდი მხოლოდ სტუდენტებისგან შეირჩა. მთელი წლის განმავლობაში სელექციას ვაწარმოებდით და ვფიქრობთ, ამ მომენტისთვის საუკეთესოები შევარჩიეთ. თავიდანვე ვიცოდით, რომ ყველას ვერ წავიყვანდით, მაგრან ვინც რჩება მათ ავუხსენით, რომ მომავალში შანსი აუცილებლად მიეცემათ.
მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ასმაგი პასუხისმგებლობაა და მოთამაშეები დიდ გამოცდილებას შეიძენენ. საერთაშორისო თამაშების გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ შიშითაც არ მივდივართ. მსოფლიო ჩემპიონობას გეგმად არ ვისახავთ, რადგან გუნდების ნაწილს ესპანეთში ეროვნული გუნდები მიყავს. აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყნის სტუდენტურ ნაკრებს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ავარჯიშებს.
რთულ ჯგუფში მოვხვდით. თავად განსაზღვრეთ, შარშან, მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიამ მესამე, ხოლო ტაილანდმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ისინი დიდი ხანია ამ ტურნირში მონაწილეობენ, ჩვენ კი, გამოცდილება ახლა უნდა შევიძინოთ. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიურად კარგად ვართ მომზადებული და ყველა თამაშში მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდებით”.
შოთა თოფურია: “მადლობა ყველას, ვისი დახმარებითაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების საშუალება მოგვეცა. ვფიქრობ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად ვართ მომზადებული, დანარჩენი კი, ესპანეთში გამოჩნდება”.
საქართველოს ფუტსალის სტუდენტური ნაკრები პირველ თამაშს 14 ივლისს პორტუგალიასთან გამართავს, 15-ში ტაილანდს შეხვდება, ხოლო 16-ში ჩინეთს დაუპირისპირდება. 17-ში დასვენების დღეა, მომავალი მეტოქე კი, ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით გაირკვევა.







