ინტერვიუები

10:08 | 15.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

გაბელიაც გაურკვევლობაშია – რა ეშველება “ბაიას”?

ზუგდიდის “ბაია” კვლავაც უსაშველო მდგომარეობაშია და იმედიც არ ჩანს – ვინ უპატრონებს კლუბს, რომლის მწვრთნელ-ფეხბურთელებს თვეობით არ აუღიათ ხელფასი და ამხელა დავალიანება დაგროვდა? ამ საკითხზე, “მსოფლიო სპორტს” ვერც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ უთხრა რაიმე დამაიმედებელი. გაბელია, გეცოდინებათ, “ბაიას” მწვრთნელ-კონსულტანტია.
- შემობრუნდა გუნდში რაიმე სასიკეთოდ?
- არა, ყველაფერი უარესობისკენ მიდის. იმედიც არაა.
- რას ამბობს კლუბის ხელმძღვანელობა?
- სპონსორი არავინაა და რა უნდა თქვან. ახლა ფეხბურთელები განთავისუფლების ფურცელს ითხოვენ და ალბათ, მიიღებენ კიდეც. კონტრაქტის პირობები ვერ შეასრულეს ამ ბიჭებთან, რომლებიც გმირები არიან – სხვა რა სახელი დავარქვა, როცა 4-5 თვე უხელფასოდ თამაშობდნენ. “სამტრედია”, “კოლხეთი” და “ბაია” საშინელ დღეში არიან. ჩვენი კლუბი, ფაქტობრივად, ნულზეა დარჩენილი.
- ანუ, ისევ იმის მოლოდინია, რომ კლუბს მეპატრონე გამოუჩნდება?
- ამის იმედად ვიყავით, მაგრამ დრო გადის და არაფერი ჩანს. შუა გზაზე ხომ არ მივატოვებდით ამ ბიჭებს.  
გაბელიას 21-წლამდელთა ნაკრების სამომავლო გეგმებზეც შევეკითხეთ. ცნობისთვის, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაისად დაიწყება. შესარჩევის სისტემა ისეთივე იქნება, როგორც ევრო-2011-ისთვის იყო – 10 ჯგუფი, საიდანაც გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ ფლეი-ოფში. გაირკვევა 7 გუნდი, რომლებიც ფინალური ეტაპის მასპინძელს დაემატებიან. ფინალური ეტაპის მასპინძლობას კი 4 ქვეყანა ეშურება – ინგლისი, ბულგარეთი, უელსი და ისრაელი. უეფა იანვარში გადაწყვეტს ამ საკითხს.
შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა 3, ან 4 თებერვალს გაიმართება და სავარაუდოდ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მესამე კალათაში მოხვდება (სულ 6 კალათაა).
გაბელიამ, თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან სურვილი იქნება, 21-წლამდელთა თავკაცად დავრჩებიო:
- მომავალ შესარჩევზე 1990 წელს დაბადებულები და უმცროსები ითამაშებენ. ხომ არ დაგიწყიათ სელექციაზე მუშაობა?
- ჯერ ადრეა, მაგრამ 60-70 ფეხბურთელის გაფართოვებული სია გვაქვს. წინა შესარჩევზეც ბევრი იმ ასაკის ფეხბურთელი გვყავდა, რომლებსაც ახლაც შეეძლებათ თამაში. პლუს, ახალი ბიჭები გამოჩნდებიან და ვნახოთ.
 


ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08847