ქართულმა ფეხბურთმა და მისმა გულშემატკივარმა კიდევ ერთი წელი მოიტოვა უკან. რადგან ბევრი ჩვენგანისთვის, ქვეყნის ფეხბურთი მთლიანობაში ეროვნულ ნაკრებთან ასოცირდება, უნდა ვთქვათ - ასეთი წარმატებული წელი ქართველებს არასოდეს გვქონია. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა “ჯვაროსნებმა”, დღემდე არნახული შედეგი აჩვენეს - 2010 წელს ჩატარებული 8 მატჩიდან არცერთხელ დამარცხებულან. სტატისტიკა ერთია, თამაშის ხარისხი კიდევ - მეორე. ამ მხრივაც უკეთესობა რომ გვაქვს, აშკარაა. ქეცბაიამ ვეტერანი და ახალგაზრდა კადრების ისეთი ნაზავი შეკრა, ეროვნულ ნაკრებს უბატონოდ ვეღარავინ ელაპარაკება. ჰოდა, საგაისოდაც ვუსურვოთ ქართველ “ჯვაროსნებს” მიღწეული შედეგის შენარჩუნება.
სურვილები ვახსენეთ და შარშან, ზუსტად ამ დროს, როცა საახალწლო სურვილთა ხურჯინს “თავი მოვხსენით”, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ძველ-ახალი გუნდისთვის ვისურვეთ, წინა მმართველთა შეცდომები არ გაემეორებინა. ვფიქრობთ, სამადლობელი გვეთქმის - ვალის 18-დან სამ მილიონამდე შემცირება წინ გადადგმული ნაბიჯია და იოლი საქმეც არაა. აშკარად სასიკეთო საქმეა, ორიოდ დღის წინათ, ნავთობკომპანია “სოკართან” ხელშეკრულების გაფორმება და ასეთი ძლიერი კომპანიის გენერალური სპონსორობა (თუნდაც ერთი წლით) დადებითი ტენდენციის მომასწავებელია.
საერთოდ, ზვიად სიჭინავას გუნდმა ბევრი საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა დაიწყო და ჩვენი ვებ-გვერდის ფორუმელთა უმრავლესობას თუ დავუჯერებთ, ერთადერთი ნაკლი აქვს – ისევ გვერდით ჰყავს ძველი გუნდის “მებაირახტრე” რევაზ არველაძე. უნაკლო ადამიანი ბუნებაში არ არსებობს და რაღა სფფ-ის პრეზიდენტი იქნებოდა ასეთი?..
ცნობილმა საფეხბურთო სპეციალისტმა ოთარ გაბელიამ სამუშაო ადგილი მომავალი 2 წლითაც რომ შეინარჩუნა, შესარჩევ ციკლში, მისი გაწვრთნილი 21-წლამდელთა ნაკრების არცთუ ურიგო გამოსვლის დამსახურებაა. ქართველი ახალგაზრდები ბოლო მატჩამდე ინარჩუნებდნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს და სომხებთან საშინაო წაბორძიკება (0:2) რომ არა, ჯგუფში ასპარეზობას II ადგილზე დაამთავრებდნენ.
პირველი შესარჩევი ციკლის შედეგად, ელიტ-რაუნდზე გასვლა ვერ შეძლო ვლადიმერ გუცაევის დარიგებულმა 19-წლამდელთა ნაკრებმა. სფფ-ის პრეზიდენტმა, წლის ბოლოს მწვრთნელთა საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ, ასაკობრივი ნაკრების თავკაცთაგან მხოლოდ გუცაევი გაათავისუფლა და მის ნაცვლად, გიორგი დევდარიანს შესთავაზა “ასაკით დაწინაურება”.
წარმატებით დაძლიეს თბილისში გამართული პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 17-წლამდელებმა. კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილებმა, ინგლისის, შვედეთისა და პოლონეთის კომპანიაში, ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვეს და თუ საფრანგეთშიც წარმატებულად გამოვლენ (ოღონდ იქ მეორეობა საკმარისი აღარ იქნება), თანატოლებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.
XXI ეროვნული ჩემპიონატი რუსთავის “ოლიმპმა” მოიგო, მაგრამ ქვემოქართლელთა გამჩემპიონებელი მწვრთნელი თემურ მახარაძე, ახალი სეზონის პირველი წრის დამთავრებისთანავე გაათავისუფლეს პოსტიდან. რუსთაველთა დამფინანსებელმა მიზეზად ის მოიყვანა, გუნდი მე-3 ადგილზე რატომააო. მართლაც რომ, უცნაური იღბალი აქვთ ქართულ გუნდებში მომუშავე მწვრთნელებს. მახარაძემდე, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ქუთაისის “ტორპედოს” დატოვება მოუწია ნესტორ მუმლაძეს, რომელმაც “ოლიმპის” წვრთნის სადავეები ხელში მე-2 წრიდან აიღო. თუმცა, წინამორბედისაგან განსხვავებით, მას წრის ჩამთავრებაც არ დასცალდა - მუმლაძე თორნიკე მაისურაძით ჩაანაცვლეს.
სულ დამსაქმებლებმა (ზოგ შემთხვევაში, ინიციატივა თავად მწვრთნელებიდანაც მოდიოდა), მიმდინარე ჩემპიონატის დაწყებიდან 7-ჯერ მოუნაცვლეს ადგილი თავიანთი გუნდის თავკაცებს (2-ჯერ ასეთი “პატივი” მუმლაძეს ერგო, თითოჯერ გოჩა ჩიქოვანს, თემურ მახარაძეს, კახა კაჭარავას, თამაზ სამხარაძესა და გელა სანაიას). ეს ადგილმონაცვლებულ ქართველებზე - წარმატებულებს რაც შეეხება, წლეულს 3-მა მათგანმა მიიღო უმაღლესი სამწვრთნელო კატეგორია. აპრილში, ისრაელის საფეხბურთო ასოციაციის სალიცენზიო კურსები წარმატებით დაასრულა და PRO-ლიცენზია მიიღო ჰაიფას “მაკაბის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა გიორგი დარასელიამ; დეკემბერში კი, თურქული “კაისერისპორის” თავკაცმა შოთა არველაძემ და ბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, უკრაინაში მოიპოვეს ანალოგიური დიპლომები.
სხვათა შორის, PRO-ლიცენზიის მფლობელი ერთადერთი სპეციალისტი, ვინც ეროვნულ ჩემპიონატში მუშაობს, “ზესტაფონის” თავკაცი გია გეგუჩაძეა, რომლის გაწვრთნილი გუნდი ზამთრის შესვენებაზე სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი წავიდა. იმერლებს არცთუ ურიგო საევროტურნირო ზაფხული ჰქონდათ. “ზესტაფონმა” ევროლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპამდე მიაღწია, სადაც უკრაინულ “კარპატთან” მოუწია ფარ-ხმალის დაყრა (0:1, 0:1). მანამდე კი, ფეროელებმა ჯერ სან მარინოს “ფაეტანოს” (5:0, 0:0), მერე სლოვაკური “დუკლას” (3:0, 0:1) ბარიერები დაძლიეს.
საკოეფიციენტო ქულებით უფრო შთამბეჭდავი ევროპული გამოსვლა ჰქონდა თბილისის “დინამოს”. კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა ორი საევროლიგო წარმატებული ეტაპი გაიარეს. სძლიეს ესტონურ “ფლორას” (2:1, 0:0) და შვედურ “გეფლეს” (2:1, 2:1), რაც შეეხება ავსტრიულ “შტურმს”, თბილისელებმა მასთან ვერაფერი გააწყვეს (0:2, 1:1). წინა წლის გამოსვლებთან შედარებით, პროგრესი “ზესტაფონის” შემთხვევაშიც სახეზეა და “დინამოსიც”.
ამ მხრივ, პრაქტიკულად, ერთი ადგილის ტკეპნა უწევთ რუსთავის “ოლიმპსა” და თბილისის “ვიტ ჯორჯიას”. პირველმა მათგანმა ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო ევროასპარეზობა და ყაზახურ “აკტობესთან” ორმატჩა დაპირისპირებაში დაასრულა კიდეც - 0:2, 1:1. “ვეტერინარებს” რაც შეეხებათ, მათ ევროლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხური “ბანიკი” გადაეყარათ, რომელთან თბილისში ექვსბურთიან (0:6) მარცხს, ოსტრავაში უგოლო ფრე მოაყოლეს.
პროგრესია ქართულ კლუბებში კერძო ინვესტიციების დაბანდების მხრივ. ფეხბურთს შემოსავლის წყაროდ კარგა ხანია განიხილავენ “ზესტაფონში”. კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია საკლუბო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სერიოზულად მოეკიდა და ახალ წელს გუნდს, ყველაზე ცოტა, 3 ბუნებრივსაფარიანი მოედანი ექნება. ზესტაფონში არც მომავალში აპირებენ გაჩერებას და თუ ზამთრის არდადეგებზე რომელიმე ფეხბურთელის, ქართული სატრანსფერო სინამდვილისთვის სერიოზულ თანხად გასხვისების თაობაზე გაიგოთ - ნუ გაგიკვირდებათ.
ქუთაისის “ტორპედოს” მართვის სადავეები აიღო კომპანია “ვისოლმა”. თავდაპირველად, კლუბში წლიურ ინვესტიციად ჩასადები 2 მილიონი ლარი დასახელდა, თუმცა, თუ სახელმწიფოს მიერ რეკონსტრუირებულ სტადიონზე ბალახის საფარის გამოცვლა გეგმის მიხედვით გაზაფხულამდე დასრულდა, არაა გამორიცხული, ნავთობკომპანიის პირველადმა დანახარჯმა იმატოს.
ახალმა მეპატრონემ ჩაიბარა თბილისის “დინამო”. რუსეთსა და საფრანგეთში მოღვაწეობით ბიზნესმენმა რომან ფიფიამ, საქართველოს 13-გზის ჩემპიონისა და 9-გზის თასის მფლობელისთვის ძველი დიდების დაბრუნება დაისახა მიზნად. რას და როგორ მოახერხებს ქართულ ფეხბურთში ინვესტიციების დამბანდებელი, უკვე დამდეგ გაზაფხულ-ზაფხულზე გამოჩნდება.
კვლავ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის ამბიცია აქვს რუსთავის “ოლიმპის” მეპატრონე ჯოზეფ კეის, რომელმაც გუნდის საფუძვლიან გადახალისებას მიჰყო ხელი. ფეხბურთით კეის უშუალო დაინტერესებამ (მანამდე იგი იშვიათად სტუმრობდა რუსთაველთა შეხვედრებს) 21 დეკემბერს პირველი შედეგი გამოიღო. “ოლიმპმა” “ვიტ ჯორჯიასთან” დაპირისპირებაში (2:0) 2010 წლის სუპერთასი მოიპოვა და “ზესტაფონთან” ერთად თანაბარი ქულებით (37) მოლიდერე გუნდი არც ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულის დათმობას აპირებს.
საახალწლოდ, ჩვენი სურვილებიდან უპირველესია, იმდენი შეძლონ ქართული გუნდების მესვეურებმა, ბევრი მაყურებელი დაებრუნებინოთ ტრიბუნებზე. სიმართლე გითხრათ, არ გვაინტერესებს რა ფორმით მოახერხებენ ამას – მთავარია, ფეხბურთელებმა სავსე ტრიბუნების თანდასწრებით ითამაშონ. რა ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს ამას სპორტსმენისთვის, ამის მტკიცებას ნუღარ დაგვაწყებინებთ.
დასასრულს, დამდეგ 2011 წელს გილოცავთ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანებს. გისურვებთ, ყველას ბევრი სიხარული მიგვეღოს ქართული კლუბებისა და ნაკრებების გამოსვლებით. ჩვენ ყველას გვჭირდება გამართლება – ჰოდა, გაგვმართლებოდეს!
ფრიდონ კერვალიშვილი









