სტატიები

17:16 | 3.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვებისთვის დაბადებული ვიქტორი

იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავის სახელს ასე ამართლებდეს. საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი მართლაც სარბიელზე გამარჯვებისთვისაა დაბადებული. თავად განსაჯეთ – ბატონი ვიქტორი ლამის 2 ათეული წელი გადიოდა სამმაგი ხტომისთვის განკუთვნილ ბილიკზე და სპორტული კარიერა პრაქტიკულად დაუმარცხებელმა განვლო 
 3 ოლიმპიადის გამარჯვებულისა და მეოთხეს უგვირგვინო ჩემპიონის, ევროპის პირველობების შვიდგზის ტრიუმფატორის, მსოფლიოს რეკორდსმენის ვიქტორ სანეევის სასპორტო გზა მის მშობლიურ სოხუმში (მოგვიანებით, სწორედ ამ ზღვისპირა ქალაქში დაამყარებს “კენგურუდ” წოდებული სამხტომელი პლანეტის რეკორდს, როდესაც ერთ-ერთ ცდაზე 17.44 მეტრს დასძლევს) დაიწყო. ვიქტორი სკოლის გუნდში კალათბურთს თამაშობდა და საკმაოდ წარმატებითაც. ერთ მშვენიერ დღეს მას სასწავლებლის ბიბლიოთეკაში მძლეოსნობისადმი მიძღვნილი სახელმძღვანელო ჩაუვარდა ხელში, მთელი ღამის განმავლობაში წიგნი გადაიკითხა და მტკიცედ გადაწყვიტა, სამხტომელი გამოსულიყო. მეორე დღესვე მიაკითხა მძლეოსნობის სექციას და წვრთნას შეუდგა. ახლობლებმა გადაწყვეტილება არ მოუწონეს, მძლეოსნობა სპორტის ძალიან შრომატევადი სახეობაა და უმჯობესია კალათბურთში დარჩეო. ვიქტორ სანეევი სირთულეებს არასდროს გაურბოდა და სარბენ ბილიკს არ მოსცილებია. პირველ მწვრთნელად მას აკოფ კერსელიანი ერგო. ბატონი ვიქტორი ძალიან თბილად იგონებს პირველ დამრიგებელს და იგი უდიდეს სპეციალისტად მიაჩნია. 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადაზე საბჭოთა ნაკრებს გამოცდილი მწვრთნელი კრეერი ავარჯიშებდა, მაგრამ კერსელიანი სანეევს გვერდიდან არ მოშორებია და ყოველი ცდის წინ შეგირდს ფასდაუდებელ რჩევას აძლევდა. თავად სანეევი მეხიკოს თამაშებზე სამხტომელთა ბილიკზე განვითარებულ მოვლენებს ასე იხსენებს: “ჩემს სახეობაში ძალიან ძლიერმა მძლეოსნებმა მოიყარეს თავი. გერმანელი იზეფ შმიდტი მექსიკის დედაქალაქში მსოფლიო რეკორდსმენის რანგში ჩამოვიდა. 1960 წლიდან მოყოლებული იგი ერთადერთი სამხტომელი გახლდათ, რომელსაც 17 მეტრიანი ზღურბლი გადალახული ჰქონდა. სერიოზული მიზანი ჰქონდა ბრაზილიელ ნელსონ პრუდენსიოს. წვერებიანი იტალიელი ჯუზეპე ჯენტილეც არ მალავდა, რომ მხოლოდ ოქროს მედლისათვის აპირებდა ბრძოლას. მან უკვე საკვალიფიკაციო ნახტომებისას გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი (17.10). რა მოხდება ხვალ, ძირითად ტურნირში? ეს ფიქრი არ მასვენებდა. დამშვიდების მიზნით ძია აკოფმა ჭადრაკის პარტიის თამაში შემომთავაზა, ხოლო კრეერი მეუბნებოდა, ნუ ნერვიულობ, აპენინელი “გადაიწვებაო”. ყველას უკვირდა, მშვიდად რომ ვიყავი და არც ჯენტილეს მიერ შესრულებულ კიდევ ერთ სარეკორდო ნახტომს (17.22) ავუფორიაქებივარ. იტალიელის შემდეგ პრუდენსიომ 17.05 შედეგი აჩვენა და ჩემი ჯერიც დადგა. ბილიკზე ისე გავედი, თითქოს სარაიონო პირველობაზე გამოვდიოდი და... ტაბლოზე 17.23 აკიაფდა. სტადიონი აბობოქრდა, მაგრამ რას წარმოიდგენდნენ მძლეოსნობის ჭეშმარიტი გულშემატკივრები, რომ ეს მხოლოდ ბრძოლის შუაწელი იყო. ჯენტილემ და ამერიკელმა უოქერმა (ნახტომისწინა გარბენისას იგი სპრინტერის სიჩქარეს ავითარებდა) კაპიტულაცია გამოაცხადეს, პრუდენსიო კი ბედს არ შეურიგდა და კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა (17.27). ბოლო ცდა დამრჩა. ბრაზილიელი უკვე გამარჯვებას ზეიმობდა. უცნაური გრძნობა დამეუფლა. არც სტადიონის მოგუგუნე ტრიბუნების და არც მწვრთნელების არ მესმის. ფეხები ზამბარასავით დაჭიმული მაქვს. თანდათან ტემპს ვუმატე და გადავხტი... ორმოდან წამოდგომის შემდეგ უკვე მივხვდი, რომ სამხრეთამერიკელის შედეგი გავაუმჯობესე, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 17 მეტრსა და 39 სანტიმეტრზე გადახტომას შევძლებდი. მაყურებელმა ყიჟინა დასცა, მეტოქეები ზურგზე ხელს მიტყაპუნებენ და მილოცავენ, მე კი ტუჩები გამიშრა და ერთიანად დამისკდა. ჩემპიონობის განცდის გრძნობა მოგვიანებით დამეუფლა და ამგვარი სულიერი მდგომარეობა მომდევნო ოლიმპიადების მოგების შემდეგაც არ განმიცდია”.
ბატონ ვიქტორს პირადი საუბრისას ვკითხე, თუ უპირველესად რის ხარჯზე ახერხებდა იგი მოწინააღმდეგეების ძლევას, რაზეც მან პირდაპირ მომიგო, ნებისმიერ მეტოქეზე ფსიქოლოგიურად ძლიერი ვიყავი და ამიტომაც ვიმარჯვებდიო. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ სანეევის ტრიუმფები მის მიერ გაწეულმა ტიტანურმა შრომამ და მაღალმა ინტელექტმაც განაპირობა.
 საერთოდ, სანეევი “ბოლო ცდის მეფედაა” მიჩნეული. სწორედ მეექვსე ცდაზე გადახტა იგი ყველაზე შორს მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზეც. ცალკე საუბრის თემაა მოსკოვის ოლიმპიადა. მის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე ბატონ ვიქტორს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში გადასვლა შესთავაზეს და არაერთგვაროვნად მიანიშნეს, ამ შემთხვევაში მეოთხე თამაშებსაც მოიგებო. სანეევი ჩინოვნიკების ნებას არ დაჰყვა და ჩემპიონობა ესტონელ იაკ უუდმიაეს “დაუთმო”. პრიზიორთა დაჯილდოებისას კი დაუვიწყარი რამ მოხდა. როდესაც სამეული კვარცხლბეკზე ავიდა, მესამე პრიზიორმა, ბრაზილიელმა ჟოაო ოლივეირამ მილიონობით ტელემაყურებელს, “ლუჯნიკზე” მყოფ ათიათასობით გულშემატკივარსა და ბალტიისპირელ მძლეოსანს არაორაზროვნად მიანიშნა, ჭეშმარიტი ჩემპიონი ვიქტორ სანეევიაო!
 პირადი საუბრის დროს სანეევს ისიც ვკითხე, თავად მას მიაჩნდა თუ არა თავი საქართველოს ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად. ბატონმა ვიქტორმა, მისთვის ჩვეული თავმდაბლობით მომიგო, ჟურნალისტების გადაწყვეტილებამ ძალიან კი გამახარა, მაგრამ მე პირველ ადგილს ლევან თედიაშვილს მივაკუთნებდიო: “ოლიმპიადების მსვლელობისას მოჭიდავეთა ტურნირებს შეძლებისდაგვარად ვადევნებდი თვალს და ლევანისნაირი დახვეწილი მანერით არავინ ჭიდაობდა. თანაც, თედიაშვილმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში ორჯერ ოლიმპიადა მოიგო და ხუთჯერ მსოფლიო ჩემპიონატი”. სხვა ქართველ სპორტსმენთაგან ბატონმა ვიქტორმა კიდევ ერთი სახელოვანი ქართველი ფალავანი გივი კარტოზია გამოარჩია.
გასული საუკუნის 80-90-იანი წლების გასაყარზე საქართველოს ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი უმუშევარი დარჩა და დახმარებისთვის მძლეოსნობის მაშინდელ პრეზიდენტს პრიმო ნებიოლოს მიმართა. აპენინელმა გაოცება ვერ დამალა და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს განუცხადა: “სამშობლოს ამხელა დიდება მოუპოვე, შენ არათუ სამუშაოს პრობლემა უნდა გქონდეს, მილიონერი უნდა იყო”. სანეევმა შორეულ ავსტრალიას მიაშურა, სადაც ერთი პერიოდი მისთვის შეუფერებელ საქმიანობასაც კი ეწეოდა...
 ოლიმპიური, ღირსების, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენების კავალერი ვიქტორ სანეევი საქართველოს 13 წლიანი პაუზის შემდეგ, 2005-ში ეწვია. ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში მას გულთბილი დახვედრა მოუწყვეს, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც კი მიანიჭეს, სიდნეიში მცხოვრები ვიქტორ და იანინა სანეევების ოჯახის ბინის კედლებს თბილისის ხედები ამშვენებს, თაროებზე კი უამრავი ქართული სუვენირია. გამარჯვებისთვის დაბადებული ვიქტორი სამშობლოს ერთი წუთითაც არ ივიწყებს...
ლეგენდარულ მძლეოსანს ვიქტორ სანეევს დაბადების დღეს ვულოცავთ და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ.

გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093955