74 წლის ასაკში გარდაიცვალა ვალერიან ჩხარტიშვილი. გამოცდილი მწვრთნელი გახლდათ, ბევრი უნახავს და გრანდის წინააღმდეგაც გაუწვრთნია გუნდი. დიახ, 90-იანი წლების შუაში ჩხარტიშვილის "დინამომ" გლაზგოს “სელტიკთან” ითამაშა (2:3, 0:4). იყო სერბული “ობილიჩის” ძლევა (1:0, 2:2) და საერთოდაც, მაშინდელი ბათუმის “დინამო” სიმპათიური გუნდი იყო, დალაგებულ ფეხბურთს თამაშობდა.
ვალერიან ჩხარტიშვილი ბოლო წლებში “სამტრედიასა” და ქობულეთის “შუქურას” წვრთნიდა. რამდენიმე თვის წინ კი ქობულეთური გუნდის თავკაცის პოსტი თავად დატოვა ჯანმრთელობის გაუარესების გამო... “შუქურას” პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ დამსახურებულ კაცს კლუბში მუშაობა შესთავაზა.
ჩხარტიშვილი ურიგო ფეხბურთელი არ გახლდათ. თამაშობდა “შუქურაში”, მერე მოხვდა თბილისის “დინამოში”, იყო ქუთაისის “ტორპედოშიც”.
“მსოფლიო სპორტი” მწუხარებას გამოთქვამს ვალერიან ჩხარტიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.









