ინტერვიუები

15:50 | 5.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილი: “მადრიდული ბარიერის დაძლევა შეგვიძლია”

მადრიდის “რეალისა” და ჩრდილოლონდონური “ტოტენჰემ ჰოთსპურის” სამეოთხედფინალო მატჩის წინ, ესპანური გამოცემა АS-ის ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა გარეთ ბეილს, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- როგორი მწვრთნელია ჰარი რედნაპი?
- მის მიერ ჩატარებული წვრთნებისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვობა დაბრუნდა და ქუჩაში თანატოლებთან ერთად ვთამაშობ. მისტერ ჰარი ჩვენ საუკეთესო თვისებებს წინა პლანზე სწევს და სწორედ ესაა დღევანდელი “ტოტენჰემის” წარმატების მიზეზი.
- პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშით ფონს ვერ გახვალ...
- რასაკვირველია. გრანდების წინააღმდეგ ასპარეზობისას ვფრთხილობთ და ხშირად “მეორე ნომრად” თამაშს ვამჯობინებთ. “უაით ჰართ ლეინზე” ჩვენი გუნდის თამაში უფრო აგრესიული და აქტიურია. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ “ტოტენჰემი” ორი სახის ფეხბურთს თამაშობს და ორივე შემთხვევაში წარმატებასაც აღწევს.
- როდესაც “ინტერს” სამი გოლი გაუტანეთ, იმ დღიდან მოყოლებული არ ცხრება საუბარი იმის თაობაზე, რომ მალე ლონდონს დატოვებთ და კარიერას ბარსელონაში ან მადრიდში გააგრძელებთ...
- ჯერჯერობით “ტოტენჰემის” წევრი ვარ, მითუმეტეს, კონკრეტულიც არაფერია ჩემ ტრანსფერთან დაკავშირებით. ისე კი, როცა გაზეთებში სტატიებს ვკითხულობ და ვიგებ, გარეთ ბეილი ამდენი და ამდენი ღირსო, შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს სხვა ადამიანზეა საუბარი.
- “სპერზთან” მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივეთ, მაგრამ ბევრმა ეს ისე აღიქვა, კლუბმა ამ ნაბიჯით ბეილის სატრანსფერო ღირებულება გაზარდაო...
- ფეხბურთელის ცხოვრება ასეა, არასდროს იცი, რომელ გუნდში დაიწყებ ახალ სეზონს. პირადად მე, ინგლისიდან წასვლის და რომელიმე სხვა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშის არ მეშინია. თუკი ასეთი შანსი მომეცემა, ყველაფერს სკურპულოზურად ავწონ-დავწონი და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ. მშობლიური სახლი 15 წლისამ დავტოვე, მაშინ არ მიყოყმანია და ახლა რატომ უნდა მოვერიდო სიახლეს? თუკი პრემიერლიგის ნაცვლად სხვა რომელიმე მაღალი რანგის დივიზიონში განვაგრძე ასპარეზობა, უცხო ენის შესწავლა მომიწევს, ურთიერთობა ახალ ადამიანებთან მექნება და როგორც პიროვნება, გავიზრდები. ბრიტანელები ამჟამად უცხოეთში არ თამაშობენ და თუკი რომელიმე ძლიერ ჩემპიონატში გადავალ, გარკვეულწილად ალბიონური ფეხბურთის ელჩი გავხდები.
- საკუთარ თავს ფლანგის მცველად თუ შუახაზელად მიიჩნევთ?
- კარგა ხნის განმავლობაში უკანახაზელის ფუნქციებს ვასრულებდი და როგორც ამბობენ, კარგადაც. ბოლო წლის განმავლობაში მწვრთნელმა წინ წამწია და ვფიქრობ, ამჟამად ჩემ საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებ მაყურებელს. შემტევი ყაიდის მოთამაშე ვარ, ამიტომაც ნახევარდაცვაში გამოსვლა მირჩევნია.
- “სპერზის” სტადიონის მახლობლად, პატარა ბინაში ცხოვრობთ...
- როდესაც ლონდონში ჩამოვედი, მხოლოდ ორი სკამი და ტელევიზორი მქონდა, ასე რომ ამჟამინდელი პირობები სავსებით მაკმაყოფილებს. თუმცა, საჟურნალე მაგიდა მაინც ვერა და ვერ ვიყიდე. სერიოზულად თუ ვიტყვი, კარგია, ვარჯიშზე წასასვლელად გზაში დიდი დრო რომ არ მეხარჯება. თანაც მარტო ვცხოვრობ და უფრო მეტი ფართობი არ მჭირდება.
- მოდი, მომავალ მატჩზე ვისაუბროთ. რას ელით მადრიდის “რეალთან” დაპირისპირებისგან?
- მეც და ჩემ პარტნიორებსაც გულწრფელად გვწამს, რომ მადრიდული ბარიერის დაძლევა შეგვიძლია. “რეალი” ფანტასტიკური გუნდია, მის თამაშს რეგულარულად ვუყურებ, რედნაპიც კარგად იცნობს მადრიდელთა სტილს და იცის, როგორ დაამარცხოს ჟოზე მოურინიოს კრებული. “სამეფო კლუბი” აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებს, მისმა სამივე ფორვარდმა კი კარგად იცის, როგორ და როდის უნდა დაძაბოს ვითარება მოწინააღმდეგის კარის სიახლოვეს. ჩემი აზრით, კასტილიელთა საკვანძო მოთამაშე ხაბი ალონსოა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ფრე “ტოტენჰემისთვის” ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა.
- ამჟამინდელ “რეალს” კარგად იცნობთ, წინა თაობის მადრიდელ ფეხბურთელთა თამაში თუ გახსოვთ?
- ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, რონალდო ჩემი კერპები იყვნენ. სწორედ მათ და დევიდ ბექჰემს ვბაძავ. გულახდილად გეტყვით, ჯერჯერობით, ზიდანისა და რონალდოს ტრიუკების გამეორებას ვერ ვახერხებ.
- უელსი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გასვლას ვერ ახერხებს, აქედან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგა თქვენთვის ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრებაა, რომელშიც მონაწილეობთ?
- ამაყი უელსელი ვარ და ვერასდროს შევეგუები მუნდიალზე უთამაშებლობას. ინგლისთან მარცხის შემდეგ, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აღარ გვაქვს, მაგრამ ნაკრების დამრიგებელი გარი სპიდი გვარწმუნებს, რომ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ ნაკრებში ხომ ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები (ჯეკ კოლისონი, აარონ რემზი) გამოჩნდნენ, რომელთაც ამბიციური მიზნები აქვთ. სადღეისოდ კი მთლიანად ჩემპიონთა ლიგის ნოტზე ვარ გადართული. როდესაც მინდორზე გავდივარ და ამ ტურნირის ჰიმნს ასრულებენ, ტანში ჟრუანტელი მივლის. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და ნებისმიერი ფეხბურთელი მასში მონაწილეობას დიდ პატივად თვლის.
- სამშაბათს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” დასრულებული მატჩის შემდეგ, მაისურს რომელ მადრიდელ ფეხბურთელს გაუცვლით?
- რაიან გიგზისა და ალესანდრო ნესტას მაისურები უკვე მაქვს, ახლა კრიშტიანუ რონალდუს ვთხოვ ეკიპირების გაცვლას. პორტუგალიელის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. იგი ფიზიკურადაც ძლიერია, სისწრაფითაც გამოირჩევა, ძლიერი, ზუსტი დარტყმა აქვს და ტექნიკური ასპაექტით თანამედროვე ფეხბურთელთაგან ცოტა ვინმე თუ გაუწევს კონკურენციას. ამბობენ, ჩემი და კრიშტიანუს სათამაშო სტილი ერთმანეთს წააგავს. მე კი ვცდილობ, მას მივბაძო. ჰო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა, მას პასიც მშვენიერი აქვს.


გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163607