გულშემატკივრის სვეტი

10:44 | 16.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

გარეუბნელი დემონები

პარიზის არაბრჭყვიალა გარეუბნებში, ლიონის ღარიბთა უბნებსა და მარსელის პორტის ჩაჟამებულ დოკებში, არასოდეს არ წავა არც ტურისტი და არც ფრანგ ჩინოსნებთან ხელის ჩამორთმევაზე თვალებდაჭყეტილი ჰალსტუხიანი ტიპი. ტურისტებმაც და ფრანგებმაც კარგად იციან, რომ ამ ადგილებში “დემონები“ ბუდობენ. დემონები კი, თეთრშორტებიან ტურისტებსა და ჰალსტუხიან პოლიტიკოსებს არასოდეს უყვარდათ. ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი, პარიზის ტაძარი, პირამიდა... აი, ადგილები, სადაც გამუდმებით თინეიჯერთა ჟრიამული და ფოტოაპარატების ჩხაკუნია. ადგილები, სადაც შეყვარებული წყვილები გზისპირებზე ფეხმორთხმით სხედან და ყელზეკაშნეშემოხვეული პოეტები გულში ახალი რითმების ბუტბუტით დადიან. ამ დროს კი, გარეუბნელი “დემონების“ მშობლები ტაქსის კომპანიის მფლობელებთან რიგში ეწერებიან, იმ ოცნებით, რომ ეგებ, იმ დღეს მაინც ეღირსოთ მუდმივი სამუშაო ადგილი.
 ზინედინ ზიდანი, მარსელ დესაი, ლილიან ტურამი, პატრის ევრა, ფრანკ ლებეფი, იური ჯორკაეფი... ეს, ის ხალხია, რომლებმაც რევოლუციონერთა თუ ინგლისელ–გერმანელთა მიერ ათასგზის დახიშტული და ტყვიით დაფლეთილი საფრანგეთის სამფეროვანი დროშა ყველაზე მაღლა ასწიეს და მსოფლიოს დიდმა ნაწილმა მაინც ვერ გაიგო, რომ  ეს ადამიანები, სწორედ ის “დემონები“ იყვნენ, რომელთაც ტურისტებიცა და პოლიტიკოსებიც ყოველთვის გაურბოდნენ, რომელთა ოჯახებს, ბევრი ნაციონალისტი ფრანგი, წლების განმავლობაში დაცინვით მოიხსენიებდა, აბუჩად იგდებდა და “მშობლიურ“ არაბეთსა თუ აფრიკაში დაბრუნებისაკენ მოუწოდებდა. დღეს, როდესაც პარიზის ქუჩებში მიმავალ ლილიან ტურამს ხედავენ, სკამზე ჩამომჯდარი ფრანგები ფეხზე დგებიან და ტაშითა და ხვევნა–კოცნით აცილებენ. რადგან ლილიანი მათთვის ნამდვილი ეროვნული გმირია, რომელმაც ფრანგ ერს ორი დიდი გამარჯვება და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულები აჩუქა. ასევე ხვდებიან  სხვა მის თეთრკანიანსა თუ შავად გადახუხულ თანაგუნდელებსა და მეგობრებსაც.
 ამ დროს კი, ბევრს, რა თქმა უნდა, არ ახსოვს, ანდა, უბრალოდ, არ იციან, რომ ტურამის მშობლები ქუჩიდან–ქუჩაში, ქალაქიდან–ქალაქში დაეხეტებოდენ, რომ დღიური სამუშაო მაინც ეშოვნათ და ბავშვები გამოეკვებათ. ლილიანმა კი, შემწვარი ხორცი პირველად, თურმე 15 წლისამ გასინჯა.
 არ მინდა მოგიყვეთ კიდევ უფრო მძიმე და დამთრგუნველი ბავშვობის შესახებ, რომელიც ზიდანმა გამოიარა. ბოლო ათი წელია, რაც საფრანგეთში ბავშვებს სახელ – ზინედინს სისტემატურად არქმევენ. არადა, სწორედ მისი სახელი და წარმომავლობა იყო ის, რის გამოც, მარსელში არაერთხელ მოსვლია ჩხუბი და ტყეპა. ახლა, ეს ხალხი გმირები არიან. გმირები კი ყველას ეკუთვნის, მარკიზის შთამომავალსაც და ვინმე ალი სალთანესაც, რომელიც მარსელში გუშინ ჩავიდა და პარკებისაგან შეკოწიწებულ ქოხმახში ცხოვრობს.
  გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრებმა ძალიან ცუდად ითამაშა. იმდენად ცუდად, რომ ფრანგული ფეხბურთის ქომაგებისათვის, 2010 წელი, ალბათ, სამუდამოდ ამოიშლება ისტორიიდან. მუნდიალის შემდეგ კი, პარიზის ერთ–ერთ ტელევიზიაში მოუწვევიათ და დაუსვამთ ჭკვიან–ჭკვიანი (მაინც რას ნიშნავს, თბილისში, ფრანგულის მცოდნე ხალხს რომ იცნობ) და ტვინით გამოტენილი ხალხი, რომელთაც, ალბათ, ჭკუაც მოეკითხებათ და უმსჯელიათ გასულ მუნდიალზე ფრანგთა გუნდის არაფრისმაქნისობაზე.
 დაიწყეს და რა დაიწყეს ამ ჭკვიან–ჭკვიანმა ხალხმა. ერთმა თქვა, მომზადების დონე გვაკლიაო, მეორემ შეუსწორა, მარტო მომზადების დონე კი არა, ინფრასტრუქტურაშიც “იაღლიშები“ გვაქვსო, მესამე საერთოდ პოლიტიკოსი იყო და ყველაფრის მიზეზად საფრანგეთის პრეზიდენტი – ნიკოლა სარკოზი დაასახელა - აქაოდა, ეგ კაცი რაკი ძალიან ცანცარაა, ფეხბურთელებიც საქმეს გულს ვეღარ უდებენ, რამეთუ, მთავარი “ცანცარათუხუცესი“, მთლად სათავეში გვყავსო, მეოთხე ქალი იყო (თან საკმაოდ გულმისავალი). ის არაფერს ამბობდა, მხოლოდ ეკრანზე შეხედავდა ხოლმე საფრანგეთის კარში გასული გოლების “ფოიერვერკებს“  და პატარა ცხვირსახოცით თვალთაგან ჩამოცვენილ ცრემლებს იმშრალებდა. მარტო ერთმა, მოხუცმა კაცმა (მგონი, ექიმი იყო პროფესიით) თქვა ნაღდი და დამაჯერებელი სიტყვები. ჩვენი უბედურება, ის არის, რომ საფრანგეთის ნაკრების ახალი თაობის მოთამაშეები სითბოში და კარაქიან პურზე გაზრდილი ბიჭები არიანო. სანამ პორტის დოკებში გაზრდილი ბიჭები არ დაბრუნდებიან, მანამდე დადექით და უყურეთ ამ თქვენს პეწენიკ ყმაწვილებსო. ეგ ერთი თქვა და ნაღდი! ფრანგული ფეხბურთის ქომაგებო, თქვენ გული არ გაიტეხოთ. რა იცით, ის ბიჭები, ეგებ, მართლა დაბრუნდნენ...

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164486