ინტერვიუები

18:08 | 14.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

გარი ლინეკერი: “ესპანეთი ფეხბურთის სრულყოფას უწყობს ხელს”

გარი ლინეკერმა აქტიური საფეხბურთო კარიერა 1994 წელს შეწყვითა, თუმცა 48 გატანილი გოლით დღემდე ინგლისის ნაკრების საუკეთესო გოლეადორად ითვლება. ამასთან, ლინეკერს ინგლისელთაგან ყველაზე მეტი (10) გოლი აქვს გატანილი მუნდიალების დაკვნით სტადიაზე. ამჟამად “ევერტონის”, ”ბარსელონასა” და “ტოტენჰემის” ყოფილი ბომბარდირი საფეხბურთო კომენტატორად მუშაობს და ლინეკერის აზრი გულშემატკივართათვის საინტერესოცაა და ავტორიტეტულიც.


- საუბარი სანაკრებო თემით დავიწყოთ. რა შანსი აქვს ინგლისს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე?
- ჩვენი ეროვნული გუნდისგან გრანდიოზულ შედეგს არ ველი. ინგლისელები ნაკრებისგან მაქსიმალურ რეზულტატს ვითხოვთ, მაგრამ ამჯერად ობიექტურ მიზეზთა გამო, პრიზიორთა შორის მოხვედრა არარეალურად მიმაჩნია. გუნდში თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი მიდის, უეინ რუნის გარდა კი მსოფლიო დონის ფეხბურტელი არ გვყავს. ამასთან, იგი ევროპირველობის 2 სასტარტო მატჩს გამოტოვებს. თუკი ახლადანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სწორი ტაქტიკა არ შეარჩია, ძალიან გაგვიჭირდება. ჩემი აზრით, ნაკრებმა კონტრთამაშს უნდა მიმართოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება მეტ-ნაკლები წარმატების მიღწევის შანსი.
- თქვენი აზრით, კონტინენტის ჩემპიონი რომელი ქვეყნის ნაკრები გახდება?
- ესპანეთის ნაკრები. ვერ იპოვით მეორე გუნდს, რომელსაც შეხვედრის მსვლელობისას ბურთის ფლობის 70 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. თანაც, პირენელები ამ უპირატესობას მაქსიმალურად ეფექტურად იყენებენ. ბევრი გუნდი ცდილობს ესპანელების მიბაძვას, მაგრამ მათი კოპირება პრაქტიკულად არავის გამოუდის. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის ძლიერება მარტო ბურთის ფლობის მაღალი პროცენტი კი არაა, არამედ ისიც, რომ ბურთის დაკარგვის შემთხვევაში პრესინგის მეშვეობით ისინი მომენტალურად იწყებენ მის დაბრუნებაზე ზრუნვას. ისინი ამას აგრესიულად, თუმცა, წესების სრული დაცვით აკეთებენ. ჩემი აზრით, ესპანეთი ფეხბურთის სრულყოფას უწყობს ხელს. მათი მიბაძვით, სხვა ქვეყნებში ფეხბურთის ლამაზად თამაშს ცდილობენ. განა ამას რამე სჯობს? სხვა ფავორიტებს რაც შეეხება, გამოვარჩევდი გერმანიის ნაკრებს. იოაჰიმ ლიოვის განკარგულებაში არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშეა, ამასთან ბუნდესგუნდის დამრიგებელი საქმეს ბრწყინვალედ უძღვება. იგი კარგად გრძნობს თამაშის რიტმს, სწორად არჩევს წინასამატჩო ტაქტიკასაც, რის გამოც ალემანთა წინააღმდეგ თამაში ერთობ რთულია. ევროპის მომავალ პირველობაზე კარგი ნაკრებები ეყოლებათ ჰოლანდიასა და საფრანგეთსაც.
- თქვენმა ყოფილმა გუნდმა “ტოტენჰამ ჰოთსპურმა” ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური. ამის მიუხედავად, “მამლები” სეზონის დასკვნით, გადამწყვეტ სტადიაზე არასტაბილურად გამოდიოდნენ. საამისო მიზეზად გუნდის მთავარი მწვრთნელის ჰარი რედნაპის ინგლისის ნაკრების დამრიგებლად გადაყვანის თაობაზე მოარულ ხმებს ასახელებენ. როგორ გგონიათ, ესაა რეალური მიზეზი “სპერზის” შედარებით ნაკლებადდამაჯერებელი გამოსვლისა?
- საერთოდ დამთხვევებისა არ მწამს, მაგრამ ამ შემთხევეაში გამონაკლისი უნდა დავუშვა. მიმუშავია ისეთ სპეციალისტებთან, რომლებსაც მალე უნდა დავმშვიდობებულიყავი. ასე იყო ტერი ვენეიბლზის შემთხვევაში. მაშინ “ტოტენჰემში” ვთამაშობდი და უკვე გადაწყვეტილი იყო, ვენეიბლზს ინგლისის ნაკრების გაძღოლას რომ მიანდობდნენ.
- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ბოლო წლებში ინგლისური პრემიერლიგის მთლიანი დონე დაეცა?
- თუკი ჩვენი გუნდების მიერ ევროსარბიელზე ნაჩვენებ შედეგებს გავითვალისწინებთ, ლოგიკურად უნდა დავასკვნათ, რომ ასეა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ჩელსის” გასვლა გამონაკლისია. ესპანურ პრიმერა დივიზიონს რაც შეეხება, ამ ტურნირიდან ორივე ევროთასის ნახევარფინალებში ერთბაშად ხუთმა კლუბმა იასპარეზა. ჯერჯერობით, ინგლისს ამაზე ოცნებაღა თუ შეუძლია. მეორეს მხრივ, მარტო ევროთასებით ჩემპიონატის ძლიერების შეფასება არასწორიცაა. თავადაც იხილეთ, როგორი თავბრუდამხვევი ფინიში ჰქონდა ჩვენ პრემიერლიგას.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.10902