ჭიდაობა

10:30 | 27.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ღარიბი 2010 და ძველებურად გამდიდრების მოლოდინი

3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – სულ ესაა ქართველი ძიუდოისტებისა და მოჭიდავეების ერთობლივი მონაგარი 2010 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ზედიზედ მეორედ მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებების წევრებმა სეზონი უმთავრესი შეჯიბრების ოქროს მედლის გარეშე ჩაამთავრეს, თუმც შარშანდელი წელი შედეგიანობის მხრივ 4 ბრინჯაოთი უკეთესი იყო.
ერთადერთი წარმატება ძიუდოისტთა გუნდური ევროგამარჯვება იყო. ამირან ტოტიკაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 22-25 აპრილს, ვენაში ჩატარებული ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა. ინდივიდუალურ ჩათვლაში ერთადერთი მედლის მომპოვებელმა ქარ-თველებმა დასკვნით დღეს, გუნდურში წაუგებლად იჭიდავეს. დებულების თანახმად, შეხვედრები ხუთ წონით კატეგორიაში – 66, 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში გაიმართა. ჩემპიონატში სულ 13 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. საქართველოს კენჭისყრამ გაუმართლა – საკმაოდ იოლ ბადეში მოახვედრა და ამასთან, პირდაპირ მეოთხედფინალში. ფინალამდე ტოტიკაშვილის ხუთეულმა მოლდოვა და პოლონეთი დაძაბულ ბრძოლაში, ერთნაირი ანგარიშით – 3:2 ჩამოიცილა. ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ ფავორიტებად მიჩნეული რუსეთი და საფრანგეთი. ასევე ძლიერი ძიუდოისტებით დაკომპლექტებული უკრაინა და ბელარუსი. ამათგან ყველაზე მეტად ფრანგებმა იყოჩაღეს.
გადამწყვეტი დაპირისპირება ქართველთათვის არასასურველად დაიწყო – დავით ასუმბანი (66 კგ) სოფიან მილუსთან იპონზე დავარდა და საფრანგეთი დაწინაურდა. ზაზა კედელაშვილმა (73 კგ) ლუის კორვალს სამ წუთში 2 ვაზარი შეუსრულა და ანგარიში გაათანაბრა. ლევან წიკლაურმა (81 კგ) ანტუან ჯანინის, ინდივიდუალურ პირველობაზე განცდილი მარცხისთვის, ულამაზესი გდებით აუღო რევანში. ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) კი რომან ბუფე დააიპონა და საქართველოს ევროპის ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაუნაღდა. მძიმეწონოსანმა ლაშა გუჯეჯიანმა ტედი რინერთან მტკივნეული ილეთით წააგო, მაგრამ ის შეხვედრა უკვე აღარაფერს წყვეტდა.
ევროპირველობას, საპატიო სტუმრის სტატუსით, ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა და წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცთა გუნდური ჩემპიონატის მედალოსნები მას უნდა დაეჯილდოვებინა, მაგრამ საბოლოოდ ქალებს გადასცა მედლები. არადა, ქალებში რუსები სამეულს ვერ შესწვდნენ, კაცებში კი, ბრინჯაოს დაეუფლნენ, პოლონეთის ძლევით.
გუნდურმა ტრიუმფმა ქართველ ქომაგებს წინა დღეების წარუმატებლობა გადაავიწყა. ინდივიდუალურ პირველობაში კვარცხლბეკზე მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ავიდა. მან ევროპული ვერცხლი ზედიზედ მეორედ აიღო. არადა, ფინალში ისეთ მოწინააღმდეგეს შეხვდა, ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე ძიუდოს ყველა ქართველი გულშემატკივარი წინასწარ ზეიმობდა ევროპის ჩემპიონობას. 21 წლის ქართველისა და 19 წლის შვედი მარკუს ნიმანის ფინალური შეხვედრის ძირითადი ხუთწუთეული ისე გაილია, ილეთის შესრულება ვერც ერთმა ძიუდოისტმა ვერ შეძლო. მხოლოდ თითო შენიშვნა მიიღეს მსაჯისგან, პასიურობისთვის. “ოქროს დროში” კი, მომგებიანი გდება – იუკო ნიმანმა განახორციელა.
მსოფლიოს ჩემპიონატი შემოდგომაზე, ტოკიოში გაიმართა და იგი იმით იყო გამორჩეული, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თითოეულ ქვეყანას 2 შემადგენლობით გამოსვლის უფლება მისცა. საქართველოს სახელით იაპონურ ტატამზე 15 სპორტსმენი გავიდა, მაგრამ სამეულს ვერც ერთი მათგანი ვერ შესწვდა. მოლოდინისამებრ, ყველაზე შედეგიანად ისევ ლიპარტელიანმა (90 კგ) იჭიდავა – მე-5 ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს ჩემპიონატის უმთა¬ვრესი ქართული იმედგაცრუების მიზეზი კი სულ სხვა ფაქტი გახდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ მერვედფინალურ შეხვედრაზე დააგვიანა და ავტომატური წაგებით დაისაჯა.
“იმ მომენტში ლაშა გუჯეჯიანი ჭიდაობდა. მწვრთნელისთვის გან-კუთვნილი ადგილი მეკავა და მითითებებს ვაძლევდი, როცა დავინახე, რომ გვერდით ტატამზე ცირეკიძის მოწინააღმდეგე გამოვიდა. ირაკლიც გამოიძახეს, მაგრამ არსად ჩანდა. მაშინვე წამოვხტი და გავიქეცი გასახდელში. სანამ იქიდან დავბრუნდით, დაახლოებით ერთი წუთი გავიდა, მაგრამ მსაჯთა კომისიის თავმჯდომარემ, ტატამის არბიტრებს შეხვედრის შეწყვეტა უბრძანა. ცირეკიძეს წაგება ჩაუთვალეს” – ასეთი კომენტარი გააკეთა მომხდარზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა, რომელმაც თბილისში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში თანამდებობა დატოვა. ასევე გადადგა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტიც. დილარ ხაბულიანის მოვალეობას ჯერაც დროებით ასრულებს ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი გიორგი ალექსიძე, ნაკრები კი სოსო ლიპარტელიანს ოფიციალურად ჩააბარეს.
ძიუდოისტთა დარად, ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრებმაც კინკილა მედლით გალიეს წელი. 96 კილოგრამში მოჭიდავე სოსო ჯაბიძემ 17-18 აპრილს, ბაქოში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. სეზონის მიწურულს, საჭიდაო სამყაროში კლასიკოსთა თავკაცის, ბეგი დარჩიას სავარაუდო გადაყენებაზეც ალაპარაკდნენ, მაგრამ ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ მწვრთნელს მდგომარეობის გამოსწორების შანსად 2011 წლის ევროპირველობა დაუტოვა. ანალო¬გიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დამრიგებლის თაობაზეც. ზაზა თურმანიძის გუნდის წევრები უმთავრეს ჯილდოს – ოქროს მედალს ვერ შესწვდნენ, თორემ სხვა სინჯის მედლები იმაზე მეტი დააგროვეს, ვიდრე კლასიკოსებმა და ძიუდოისტებმა ერთად. გამორჩეული სეზონი ნაკრების ლიდერ გიორგი გოგშელიძეს (96 კგ) ჰქონდა. ევროპის 2009 წლის ჩემპიონს ტიტულის მეორედ მოპოვებაში ხელი მსაჯების არაობიექტურობამ შეუშალა - ფინალში მასპინძელ ხეთაგ გაზიუმოვთან შეხვედრაში აშკარად დაჩაგრეს და საბოლოოდ, ვერცხლს დააჯერეს. მსოფლიოს პირველობაზე კი გოგშელიძემ ბრინჯაო იკმარა.
ევროპირველობაზე, გიორგი გოგშელიძის მსგავსად, გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა 60 კილოგრამში მოჭიდავე მალხაზ ზარქუას, ხოლო ოთარ თუშიშვილმა (66 კგ) ბრინჯაო მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ნაკრებს მეორე ბრინჯაო მძიმეწონოსანმა ლევან ბერიანიძემ მოუპოვა.
2011 წელს საქართველოს ნაკრებები უპრესტიჟულეს შეჯიბრებზე განახლებული შემადგენლობებით გამოვლენ. ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების ოქროსმედალოსნები, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ხუციშვილი და ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილიც ძირითადი გუნდის რეალურ კანდიდატებად მიიჩნევიან.

ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ვენა. 22-25 აპრილი
90კგ

ვარლამ ლიპარტელიანი
ვერცხლი

ბერძნულ-რომაული
ევროპის ჩემპიონატი
ბაქო. 17-18 აპრილი
96 კგ

სოსო ჯაბიძე        
ბრინჯაო

თავისუფალი ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ბაქო. 13-14 აპრილი
60 კგ

მალხაზ ზარქუა
ვერცხლი
96 კგ
გიორგი გოგშელიძე
ვერცხლი
66 კგ

ოთარ თუშიშვილი
ბრინჯაო

მსოფლიოს ჩემპიონატი
მოსკოვი. 10-12 სექტემბერი
96 კგ

გიორგი გოგშელიძე
ბრინჯაო
120 კგ

ლევან ბერიანიძე    
ბრინჯაო


ოთარ მაღლაკელიძე

 

0.09432