საქართველოს თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს ახალი მწვრთნელები ჩაიბარებენ. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს საღამოს, სააგენტო პირველის პრესკლუბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაახმაურა, რომელზეც სპორტული გამოცემების ჟურნალისტების მიწვევისგან რატომღაც თავი შეიკავეს.
ფედერაციის პრეზიდენტმა დამსწრეთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან მიღებული წერილი გააცნო, რომელშიც პირდაპირაა მოთხოვნილი შეჩერებული საწვრთნელი პროცესის სწრაფად განახლების მიზნით ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში ცვლილებების განხორციელება.
"სპორტის სამინისტრო ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჭიდაობის გარდა არაფერზე ვიფიქროთ. შესაბამისად, ჩვენგანაც მაქსიმალურად დახარჯვას ელის და როდესაც საწვრთნელი პროცესი შეჩერდა, სრულიად სამართლიანი დავალება მივიღეთ. ჭიდაობის ფედერაცია სამინისტროს პოზიციას სრულიად იზიარებს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მივიღეთ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთანაც გავიარეთ კონსულტაციები და მწვრთნელების ის კანდიდატურები, რომლებიც შევარჩიეთ, მათაც მოიწონეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს სათავეში ლეგენდარული სპორტსმენი მიხეილ სალაძე ჩაუდგება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კი ცნობილი სპეციალისტი ნუგზარ სხირელი გაწვრთნის. უკვე მზადაა კონტრაქტები, რომელთა მიხედვითაც, ახალი მწვრთნელები ნაკრებებში 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე იმუშავებენ” – განაცხადა კურტანიძემ.
მიხეილ სალაძის სამწვრთნელო შტაბში ოთარ ტატიშვილი, თეიმურაზ აფხაზავა, იოსებ ბერიაშვილი და აკაკი ჩაჩუა იმუშავებენ. ნუგზარ სხირელს კი ოთარ თუშიშვილი, სოსო ბზარაშვილი და ვლადიმერ რეხვიაშვილი დაეხმარებიან.
დღესვე, ლუკა კურტანიძის ბრიფინგთან დაკავშირებით კომენტარი ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა რომან რურუამაც გააკეთა. მისი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში სამეთვალყურეო საბჭოს მონაწილეობა არ მიუღია და მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება მისთვისაც მოულოდნელი იყო.
ნაკრებების წევრების პოზიცია კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც ახალი მწვრთნელები გუნდებს სავარჯიშოდ უხმებენ.
ვასილ მშვილდაძე









