სტატიები

14:55 | 7.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

გახსნის სუნთქვა

ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უეფამ მედიაოფიცერთა ფინალური სასწავლო შეკრება ვარშავაში გადაწყვიტა. უეფაში ოცდაათზე მეტი მედიაოფიცერი ვართ და ჩემპიონატისთვის კი 16 ამოგვარჩიეს. ფაქტობრივად ყველანი გამოცდილი ბიჭები ვართ, ორი და სამი ჩემპიონატიც მოგვიტოვებია ზურგსუკან, თანაც ყველანი ჩემპიონთა ლიგაზე ვმუშაობთ, რაც ფეხბურთის მუშაკის პროფესიის აპოგეად მიმაჩნია და სემინარზე ოდენ სპეციფიკური დეტალები გვითხრეს. ეს კი, მაინცდამაინც  არ უნდა იყოს მკითხველისთვის საინტერესო.
სწავლების მეორე დღეს ვარშავის ეროვნულ სტადიონზე წაგვიყვანეს, სადაც ყველა კუთხე-კუნჭული დავათვალიერეთ და შევისწავლეთ. პერსონალი უკვე გაწმენდითი სამუშაოებითაა დაკავებული... ორიოდე დღეში აქ ჩემპიონატის გახსნაა და ყველა მონდომებულია, არაფერი გამოგვრჩეს. მართლა კარგი სტადიონია, ისე კი, სიამაყით ვეუბნები ყველა ჩემს კოლეგას სემინარზე, რომ თბილისის “დინამოს” სტადიონზე 5-6 ათასით მეტი ეტევა!!! თქვენი არ ვიცი, მე კი სულ გონებაში მიტრიალებს ევრო-2020 და იმ დღეს ვნატრობ, ჩვენ “დინამოზე” რომ ვიქნები ამგვარ საქმიანობაში ჩართული... დინამოს მედიის სექტორის გარდაქმნის გეგმა უკვე შედგენილი მაქვს და ვარშავულ სიახლეებს ვამატებ – “დინამოს” სტადიონის ხელმძღვანელების, სანდრო შახოვისა და ნიკა ჯღარკავასთვის უამრავ სურათს ვიღებ ვარშავულ სტადიონზე, რადგან ჩემი საქართველოში ჩამოსვლა და “დინამოს” მედიაზონის გარდაქმნის დაწყება ერთი იქნება... ისე, 2020-ში თუ არა, იქნება 2024-ში მოვახერხოთ? ოცნებას კაცი არ მოუკლავს...
მოკლედ, სემინარის შემდეგ თამაშები ჩამოგვირიგეს და ევროპის ჩემპიონატზე უეფამ შემდეგ თამაშებზე გამამწესა:
8 ივნისი, ვროცლავი: რუსეთი – ჩეხეთი
10 ივნისი გდანსკი: ესპანეთი – იტალია
12 ივნისი ვარშავა: პოლონეთი – რუსეთი
14 ივნისი გდანსკი: ესპანეთი – ირლანდია
16 ივნისი ვარშავა: საბერძნეთი – რუსეთი
18 ივნისი გდანსკი: ხორვატია – ესპანეთი
მეოთხედფინალებში და ნახევარფინალებში კი შემდგომში გაგვანაწილებენ...
აკრედიტაციაც ორიოდ წუთში გაგვიმზადეს, სასიამოვნო პროცედურაა, როცა სურათს გადაგიღებენ და თითქმის მაშინვე გაწვდიან კისერზე ჩამოსაკიდ აკრედიტაციას, რომელსაც ჩემპიონატზე სეზამ გაიღე!-ს როლი აქვს – ცხრავე ზონაში შემიძლია შესვლა...
 როგორც ხედავთ, რუსეთის სამივე თამაში მერგო და თანაც მათი მედია ზედამხედველობაც მევალება. ანუ, ასინეთასი არ იყოს, ყველაფერს თვალი და ყური უნდა მივადევნო, რომ გულშემატკივრისთვის საინტერესო დეტალები მედიას არ გამორჩეს. რუსების ნაკრების პრესატაშე ილია კაზაკოვი კარგი ბიჭი გამოდგა, უმალ დამიმეგობრდა და მუდმივი სატელეფონო კონტაქტი გვაქვს, მეც მაშინვე ვაწვდი მისგან მოწოდებულ მასალებს უეფას. დღეს საღამოს რუსებს ოფიციალური ვარჯიში უნდა ჰქონდეთ ვროცლავის სტადიონზე და ადვოკაატსა და მის რაზმს პირადად ვნახავ...
ვარშავული შეკრება იმითაც იყო საინტერესო, რომ (ჩემპიონატზე მყოფი 7 ქართველ ჟურნალისტის საყურადღებოდ ვამბობ!) – ჩვენი კოლეგებისთვის ყვითელი და წითელი ბარათებია შემოღებული! ახლა აღარ იკითხავთ რატომ? თუ მაგალითად, თამაშზე აკრედიტაცია გაქვს და რაღაცა მიზეზების გამო ვერ მიდიხარ, დროულად უნდა აცნობო უეფას სააკრედიტაციო ცენტრს, ვერ მოვდივარ და გამიუქმეთ აკრედიტაციაო (რადგან მსურველი ჟურნალისტი ძალიან ბევრია, აკრედიტაციას კი ყველა ვერ იღებს). ჰოდა, თუ თამაშზე ვერ მიდიხართ, ერთხელ თუ არ მიმართავთ და თქვენს აკრედიტაციას არ გააუქმებთ – ყვითელ ბარათს მიიღებთ, მეორედ კი – წითელ ბარათს და საერთოდ დაემშვიდობებით ჩემპიონატს! გაგეცინებათ და ადრე, ჩემპიონატებზე, ზოგი ჩემი პოსტსაბჭოელი კოლეგები მოქცეულან ასე – მაშინ, როცა სისტემა კომპიუტერიზებული არ იყო, ყველა თამაშზე ჩააწერინებდნენ თავს და მერე ზოგ თამაშზე წასვლას რომ აღარ დააპირებდნენ, უეფას აღარც ატყობინებდნენ. ახლა კი ყველა შეფუცხუნდება...
გუშინ დილასვე ვროცლავში გადმოვფრინდი – რუსეთისა და ჩეხეთის თამაშის მოსამზადებლად, ჩვეულებისამებრ, worldsport.ge გავხსენი და შევიტყვე, რომ ვარშავაში ფინანსური პრობლემების გამო შეიძლება გახსნის მატჩს საფრთხე შეექმნესო. არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს, მაგრამ მაინც უსიამოვნო ცნობაა...
 

 

უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია სპეციალურად worldsport.ge-სთვის ვროცლავიდან

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099409