მიმდინარე სეზონში, “ჩიხურა” საშინაო მატჩებს ქუთაისში მართავდა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, წლის ბოლო მატჩი გორში ჩაატარა. მართალია, “თენგიზ ბურჯანაძეზე” თოვლი არ იდო, მაგრამ მინდვრის საფარი ისეთი გაყინული იყო, რომ ფეხბურთელებს ფეხის მოკიდება უჭირდათ. ხშირ შემთხვევაში ისინი, როგორც იტყვიან, “სწორ ადგილზე” იქცეოდნენ.
ბუნებრივია, ამ ფაქტმა, ორივე გუნდის თამაშის ხარისხს თავისი კვალი დაამჩნია, რადგან ზედიზედ რამდენიმე გადაცემის გაკეთება უჭირდათ. აქედან გამომდინარე, როგორც ერთ, ასევე მეორე კართან საგოლე მომენტები ნაკლებად იქმნებოდა.
პირველად ბურთი კარის ჩარჩოში ტაიმის შუაწელში მოხვდა, როდესაც გიორგი კახელიშვილმა მარცხენა ფრთიდან კუთხური ჩამოაწოდა და დავით იმედაშვილის თავურის შემდეგ, გიორგი სომხიშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.
35-ე წუთზე, დაჩი ფოფხაძემ მარჯვნიდან პასი მეტოქის საჯარიმოში გააკეთა, სადაც მყოფმა კახელიშვილმა ბურთი გიორგი განუგრავას დაუბრუნა, რომელმაც ახლო მანძილიდან დაარტყა და სომხიშვილმა საჩხერელები გოლის გაშვებისგან იხსნა.
ტაიმის მიწურულს, კახელიშვილის კუთხურის მერე, ვალერი აბრამიძემ ბურთს თავი შეაგება, მაგრამ უზუსტოდ. შესვენებაზე გასვლამდე “სიონის” ბოლო შეტევის დროს, სომხიშვილი ბურთს დაეუფლა და აბრამიძე უხეშად შეეჯახა, თუმცა მსაჯს რეაგირება არ მოუხდენია. არადა, შეეძლო ყვითელი ბარათიც ეჩვენებინა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ დავით ოდიკაძემ კუთხური შეასრულა და გიორგი რეხვიაშვილმა თავით ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0. მალევე, “სიონის” საჯარიმოში მარჯვნიდან ბესიკ დეკანოიძე შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, ხოლო ბათიაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში, კახელიშვილის “სტანდარტულის” მერე კარისკენ ზურგით მდგომმა განუგრავამ თავით დაარტყა და სომხიშვილმა ხიფათი გაანეიტრალა. 58-ე წუთზე, რეხვიაშვილმა საჯარიმო დარტყმა ძალიან სახიფათოდ შეასრულა და ბურთი ზედა ძელს ოდნავ გადაცდა. გოლის გაშვების შემდეგ, ბოლნისელთა მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა მცველი ქემოკლიძე ფორვარდ კოკა მიკუჩაძეთი ჩაანაცვლა და საბოლოო ჯამში, ამან გაუმართლა.
79-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან პარტნიორის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ, ჯაბა უგულავამ თავით ზუსტად ვერ დაარტყა, თუმცა ბურთი იქვე მყოფ ალექსანდრე გოგობერიშვილს მიუვიდა, რომელმაც ახლოდან ოდნავ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და სომხიშვილმა იყოჩაღა.
81-ე წუთზე, “ჩიხურას” მცველებმა ყურადღება მოადუნეს, რაც გოლის გაშვებად დაუჯდათ. მარცხენა ფლანგიდან კახელიშვილმა ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა და მიკუჩაძემ მას თავით მიმართულება შეუცვალა – 1:1.
მატჩის დასრულებამდე დიდი დრო არ რჩებოდა, როცა “ჩიხურა” კაცნაკლული დარჩა. აბრამიძე ფეხებში რეხვიაშვილს ჩაუვარდა და საჩხერელთა მცველი მეტოქეს გადაახტა, მაგრამ მიწაზე დაშვებისას ბოლნისელს ფეხზე შეეხო. მთავარმა მსაჯმა ლევან კვარაცხელიამ ეს ეპიზოდი ვერ დაინახა, მაგრამ გვერდითი მსაჯის მითითების შემდეგ, რეხვიაშვილი გააძევა. ამ ეპიზოდში, “ჩიხურას” მცველს წითელი ბარათი არ ეკუთვნოდა და თუ მსაჯს მისი დასჯა მაინც სურდა, შეეძლო მაქსიმუმ “ყვითელი” ეჩვენებინა. რეხვიაშვილის “გაგდებამ” მასპინძელთა ქომაგებისა და კლუბის მესვეურთა აღშფოთება გამოიწვია. მათ, თამაშის დასრულების შემდეგ, მსაჯები გვარიანად გამოლანძღეს და საბოლოოდ, ვითარება სტადიონის დაცვამ განმუხტა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე, უგულავამ “ჩიხურას” მეკარესთან პირისპირ კახელიშვილი გაიყვანა, რომელმაც წინ გამოსულ სომხიშვილს ვერ აჯობა.
სოსო ფრუიძე: “რთული თამაში იყო. გაყინულ მოედანზე ორივეს გაგვიჭირდა. დაძაბულობა არ შენელებულა. კარგია, რომ ტრავმებს გადავურჩით. არ ვიცი სწორი იყო თუ არა რეხვიაშვილის გაძევება. ვიდეოფირი უნდა ვნახოთ. იგივე იყო მომენტი, როდესაც პირველ ტაიმში აბრამიძე ჩვენს მეკარეს შეეჯახა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებისთვის დავალება არ მიგვიცია, რომ “ჩამჯდარიყვნენ”, მაგრამ ისეთი ჯარიმები “იდებოდა”, რომლებიც შეტევის განვითარებაში ხელს გვიშლიდა”.
ლადო ბურდული: “დაძაბული თამაში იყო. მინდორი გაყინული იყო და ფეხბურთელები ფეხს ვერ იკიდებდნენ. უპირატესობას ვფლობდით. ჩვენ უფრო მეტი მომენტები გვქონდა. თამაში მოსაგები გვქონდა, მაგრამ ფრეზეც კმაყოფილი ვართ. გუნდი მე-10 ადგილზე იყო და წელი მე-5 ადგილზე დაასრულა, რაც მსურს ბოლნისელ გულშემატკივრებს მივულოცო”.
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 1:1 (0:0)
19 დეკემბერი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
ჩიხურა: სომხიშვილი (კ), ლაშა ჭელიძე (გაბედავა, 84), რეხვიაშვილი, ოდიკაძე, შოთა კაშია, ქიმაძე, დეკანოიძე, ნიკო კვასხვაძე (ჩიკვაიძე, 80), ბეჭვაია, ლომაშვილი, ტატანაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სიონი: ბათიაშვილი, აბრამიძე, სვანიძე, ქემოკლიძე (მიკუჩაძე, 54), იმედაშვილი, განუგრავა, გოგობერიშვილი, კახელიშვილი, ფოფხაძე (უგულავა, 72), ზვიად ლობჯანიძე, ახალაია.
მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული
გოლები: 1:0 რეხვიაშვილი (48), 1:1 განუგრავა (81).
გაფრთხილება: ტატანაშვილი (80), სომხიშვილი (87), იმედაშვილი (90+3).
გაძევება: რეხვიაშვილი (87).
მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია.
მერანი (მარტვილი) – დინამო (თბილისი) 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 გიორგი მერებაშვილი (24), 0:2 დარკო გლიშიჩი (72)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 5:0 (2:0)
გოლები: 1:0 ლევან კუხალეიშვილი (6), 2:0 გიორგი ჯანელიძე (41), 3:0 ელგუჯა ლობჯანიძე (72), 4:0 ნოდარ იაშვილი (79), 5:0 ნიკა საიჭინავა (83)
სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი) 0:0
18 დეკემბერი
ზუგდიდი – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 შოთა ლომია (78)
გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 გიორგი ადამია (პენ, 29)
| 1 | დინამო | 18 | 13 | 3 | 2 | 42:13 | 42 |
| 2 | ჩიხურა | 18 | 10 | 5 | 3 | 35:22 | 35 |
| 3 | დილა | 18 | 7 | 7 | 4 | 23:15 | 28 |
| 4 | გურია | 18 | 9 | 0 | 9 | 20:25 | 27 |
| 5 | სიონი | 18 | 7 | 6 | 5 | 22:19 | 27 |
| 6 | მეტალურგი | 18 | 7 | 5 | 6 | 23:23 | 26 |
| 7 | ზესტაფონი | 17 | 7 | 4 | 6 | 19:15 | 25 |
| 8 | ვიტ ჯორჯია | 18 | 7 | 4 | 7 | 25:23 | 25 |
| 9 | ტორპედო | 18 | 6 | 4 | 8 | 19:24 | 22 |
| 10 | სპარტაკი | 17 | 4 | 2 | 11 | 13:24 | 14 |
| 11 | ზუგდიდი | 18 | 3 | 5 | 10 | 8:24 | 14 |
| 12 | მერანი | 18 | 4 | 1 | 13 | 14:36 | 13 |
მეგოლეები:
12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)
8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)







